9 გამარჯვებული ფოტო NatGeo-ს 2019 წლის მოგზაური ფოტოგრაფების კონკურსიდან
დათოვლილი სოფელი გრენლანდიაში; სვავი, რომელიც ესპანეთის ცაზე ნავარდობს; მსახიობების ტრიოს მზადება შესრულებამდე ჩინეთის ოპერაში — სამივე ფოტომ National Geographic-ის 2019 წლის მოგზაური ფოტოგრაფის კონკურსში გაიმარჯვა.
ჟიურის წევრები ფოტოგრაფიის ექსპერტები და ნეიშენალ ჯეოგრაფიკის თანამშრომლები იყვნენ. მათ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ათასზე მეტი ნამუშევარი განიხილეს და საუკეთესოები გამოავლინეს სამ სხვადასხვა კატეგორიაში: ბუნება, ქალაქები და ადამიანები.
წარმოგიდგენთ გამარჯვებულ ფოტონამუშევრებს:
1. გრენლანდიური ზამთარი
ქალაქების კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა ფოტო, სახელად გრენლანდიური ზამთარი. მისი ავტორია ვეიმინ ჩუ.
"უპერნავიკი პატარა სათევზაო სოფელია გრენლანდიის დასავლეთით, ციცქნა კუნძულზე. ეს სურათი ჩემი ფოტო-პროექტისთვის გადავიღე, რომელსაც სამი თვის განმავლობაში ვამზადებდი. მასში გრენლანდიის ცხოვრება აღვწერდი", — თქვა ფოტოგრაფმა.
2. ავიაციის ეპოქაში
იგივე კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა სურათი სახელად — ავიაციის ეპოქაში.
"სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში ოთხი ასაფრენი ბილიკია. ეს ერთ-ერთი უიშვიათესი ხედია", — ამბობს ავტორი, ჯასენ ტოდოროვი.
3. დაკას ქუჩები
ასევე, ამ კატეგორიაში მესამე ადგილი იმ ფოტომ მოიპოვა, რომელიც ბანგლადეშის დედაქალაქში გადაიღეს. დაკას ქუჩები — ასე ჰქვია მას.
თუ ადამიანების მუხლებზე დანახვა გაგიკვირდათ, მაშინ აქვეა ფოტოგრაფ სანდიპან ჩოტოპადაის განმარტებაც:
"დაკას ქუჩებში, იითემას დროს ხალხი ლოცულობს. ბიშვა იითემა ისლამურ ქვეყნებში უმნიშვნელოვანი რელიგიური შეკრებაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება დაკაში".
4. ნაზი თვალები
ბუნების კატეგორიაში პირველ ადგილზეა სურათი, სახელად ნაზი თვალები. ფოტოს ავტორი თამარა ბლაზკეს ჰეიკია. სვავი ესპანეთში მონფრაგუეს ეროვნულ პარკში გადაიღეს.
"როგორ შეიძლება თქვა, რომ სვავები ავისმომასწავებლები არიან, მას შემდეგ რაც ამ ულამაზესი ფრინველს თვალებში ჩახედავ?" — კითხულობს ფოტოგრაფი.
5. სიზმარმჭერი
ბუნების კატეგორიაში მეორე ადგილზე გასული სურათის სახელწოდებაა სიზმარმჭერი. მისი ავტორი დენი სეპკოვსკია.
"რა ხდება იქამდე, სანამ ტალღა დაეცემა? წლების განმავლობაში ამის გარკვევას ვცდილობდი. იმ დღეს, როცა ოაჰუს აღმოსაველთ სანაპიროზე მზის ჩასვლის გადაღება გადავწყვიტე, დილით ადგილზე 100-მდე ფოტოგრაფს მოეყარა თავი. გადავწყვიტე, ჩემთვის საღამო შემომენახა" — ასე იხსენებს სეპკოვსკი გამარჯვებული კადრის გადაღებას.
6. მუქი
ბუნების კატეგორიაში მესამე ადგილზე გასული სურათის სახელია მუქი, მისი ავტორი კი სკოტ პორტელია.
"მუქი დელფინები ხშირად დაცურავენ ერთად კაიკოურას კანიონების ღრმა წერტილებში. ისინი ოკეანეში გზას ფრთხილად იკვლევენ, წყლის ზემოთ კი მხოლოდ ჩასასუნთქად ამოდიან", — ამბობს ფოტოგრაფი.
7. შოუს დროა
ადამიანების კატეგორიაში პირველ ადგილზე ჰუაიფენ ლის ფოტო გავიდა, სახელად შოუს დროა. ფოტოგრაფმა სურათზე საღამოს ოპერისთვის მსახიობების მზადება ასახა.
"მაკიაჟის გაკეთებიდან სცენაზე ასვლამდე — მთელი ეს დრო მსახიობებთან ერთად გავატარე", — თქვა ლიმ.
8. ყოველდღიური რუტინა
იგივე კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელ სურათს ყოველდღიური რუტინა ჰქვია და ის ჰონგ-კონგის სახალხო პარკშია გადაღებული.
"თავდაპირველად ეს ადგილი შუადღისას მოვინახულე, როცა ის გადატვირთული იყო. აღმოჩნდა, რომ დილით ის მშვიდი და წყნარი ადგილია", — ხსნის ფოტოგრაფი.
9. ცხენები
ხოსე ანტონიო ზამორას ეკუთვნის ხალხის კატეგორიაში მესამე ადგილზე გასული ფოტო, სახელად — ცხენები.
"ესპანეთში, ყოველწლიურად, წმინდა ანტონის დღესასწაულზე ცხენების განწმენდის საზეიმო ცერემონია იმართება. ავილის პროვინციაში ცხენები და ცხენოსნები კოცონს ახტებიან. ტრადიცია მე-18 საუკუნიდან მოდის", — თქვა ფოტოგრაფმა.
გრენლანდიური ზამთრის ავტორი ვეიმინ ჩუ კონკურსში გრან პრის მფლობელი გახდა. მან ასევე პირველი ადგილი მოიპოვა ქალაქების კატეგორიაში.
ვეიმინ ჩუ ჯილდოს სახით $7 500-ს მიიღებს, თამარა ბლაზკეს ჰეიკი და ჰუაიფენ ლი, როგორც კატეგორიებში პირველი ადგილის მფლობელები, ცალ-ცალკე 2 500 დოლარს მიიღებენ.
დაათვალიერეთ ყველა გამარჯვებული ფოტონამუშევარი NatGeo-ს ვებგვერდზე.
კომენტარები