ფეისბუქმა, როგორც იქნა, საკუთარ ახალ პროექტზე, კრიპტოვალუტა Libra-ზე ისაუბრა. ცნობები იმის შესახებ, რომ კომპანია კრიპტოსავალუტო ბაზარზე გამოჩენას აპირებდა, უკვე დიდი ხანია ვრცელდება.

დღეს ფეისბუქმა განაცხადა, რომ კომპანიის ახალი კრიტპოვალუტა, რომელსაც Libra ერქმევა, სპეციალურ ბლოკჩეინ სისტემასთან ერთად 2020 წელს გაეშვება.

კომპანიის თქმით, ლიბრა არა ბიტკოინის მსგავსი, სარისკო კრიპტოვალუტა, არამედ სხვადასხვა აქტივით გამყარებული ციფრული ფული იქნება. ფეისბუქის თქმით, საბოლოოდ, ლიბრას მეშვეობით გადახდების განხორციელებას ინტერნეტსა და რეალურ ცხოვრებაშიც შეძლებთ. კომპანია ფიქრობს, რომ თავდაპირველად Libra-ს ძირითადად იმ ქვეყნებში გამოიყენებენ, სადაც ტრადიციული ბანკები გაუმართავია.

საბოლოო მიზანი მეინსტრიმული კრიპტოვალუტის — გადახდების გლობალური დეცენტრალიზებული სისტემის შექმნაა, რომელიც დოლარივით სტაბილური იქნება და რომლითაც ნებისმიერი რამის ყიდვას შეძლებთ, ისევე როგორც ნებისმიერი ფინანსური სერვისის მიღებას, იქნება ეს სესხი, საკრედიტო ბარათი, თუ რაიმე სხვა.

ფეისბუქმა კრიპტოვალუტის სამართავად 27 პარტნიორ კომპანიასთან ერთად არაკომერციული ასოციაცია ჩამოაყალიბა, რომელშიც Coinbase, Mastercard, Visa, eBay, PayPal, Spotify, Uber, Lyft, Vodafone და სხვები შედიან. ქვემოთ მოცემული თითოეული ორგანიზაცია საკუთარ კონტრიბუციას Libra Reserve-შიც შეიტანს, ეს აქტივების ფონდია, რომელიც Libra-ს სიმყარის განმაპირობებელი იქნება.

ფოტო: Facebook

აღსანიშნავია, რომ Libra ეკოლოგიური თვალსაზრისით საზიანო არ იქნება, რადგან მისი გამომუშავება მაინინგით არ მოხდება. წარმატების შემთხვევაში, Libra კომპანიისა და მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ფართო შედეგების მომტანი პროდუქტი იქნება.

"საბოლოო მიზანია ფინანსურ სექტორში იგივეს მოხდენა, რაც ინტერნეტმა კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სფეროში მოახდინა", — აცხადებს Libra-ს ასოციაციის სტრატეგიისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი დანტე დისპარტე.

რა თქმა უნდა, ამ საქმეში ფეისბუქის ბიზნეს ინტერესები დიდია. ამისთვის ფეისბუქი შვილობილ კომპანიას, Calibra-ს ქმნის. ეს ელექტრონული საფულე იქნება, რომელიც თავდაპირველად ფეისბუქის Messenger-სა და WhatsApp-ში ჩაშენდება. სწორედ მისი საშუალებით გადარიცხავთ და მიიღებთ Libra-ს. შემდეგ კი ის დამოუკიდებელი აპლიკაციის სახითაც გახდება ხელმისაწვდომი. დროთა განმავლობაში ფეისბუქი Calibra-ში სხვადასხვა ფინანსურ სერვისსაც ჩააშენებს.

Calibra

Calibra

ფოტო: Facebook

დღეს ფეისბუქმა Libra-ს ბლოკჩეინის კოდი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა, რის შედეგადაც კოდის ნახვა და შესაბამისი პროდუქტების შექმნა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია.

ფეისბუქის თქმით 1,7 მილიარდი ადამიანისთვის, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 31 პროცენტისათვის თანამედროვე საბანკო და ფინანსური სერვისები მიუწვდომელია. თუ ფეისბუქის წყალობით ეს რეალობა შეიცვლება, ამას, ადამიანების ცხოვრების ხარისხზე უზარმაზარი დადებითი გავლენა ექნება.

ფეისბუქი ასევე გეგმავს, რომ Calibra-ს მეშვეობით მსოფლიოში თანხის გადარიცხვის საფასური მინიმუმამდე შეამციროს.