თანასწორობა და გენეტიკური განსხვავებები სპორტში — კასტერ სემენიას შემთხვევა
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს თქმით, კასტერ სემენიას შემთხვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია მათ შორის, რომელიც მათ ამ დრომდე განუხილავთ. რამდენიმეთვიანი ცხარე კამათის შემდეგ სემენიამ მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციასთან (IAAF) დავა წააგო, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მას ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სურს, სემენია იძულებული იქნება, რომ ორგანიზმში არსებული ჭარბი ტესტოსტერონის შესამცირებლად ჰორმონალური თერაპია დაიწყოს.
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი კასტერ სემენია ჰიპერანდროგენიზმის მქონე ქალების ჯგუფს განეკუთვნება, რაც განსხვავებული სქესობრივი განვითარების ერთ-ერთი ტიპია. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაუჯერებელი მიღწევების გამო მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ სპორტსმენს სხვადასხვა სამედიცინო ტესტი ჩაუტარა.
მოკლე მიმოხილვა
აღნიშნული საკითხი პირველად ჯერ კიდევ 10 წლის წინ წამოიჭრა. 2009 წლის აგვისტოში მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ ბერლინის მსოფლიო ჩემპიონატამდე სემენიას სქესის განმსაზღვრელი ტესტი ჩაუტარა, ამ დროს სემენიამ ტესტის მიზანი არ იცოდა, მას უთხრეს, რომ ეს უბრალო პერიოდული შემოწმება იყო.
სემენიამ მსოფლიო ჩემპიონატზე 800-მეტრიანი დისტანციის კატეგორიაში ოქრო მოიპოვა, რის შემდეგაც მისი სქესის ტესტის შედეგებმა პრესაში გაჟონა. გავრცელდა ცნობები, რომ ტესტმა კაცისა და ქალის მახასიათებლები გამოავლინა, თუმცა საერთაშორისო ასოციაციას ტესტის შედეგები ოფიციალურად არ გაუსაჯაროებია და სემენიამ შეჯიბრებებში მონაწილეობა გააგრძელა. მან 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ჯამში კიდევ ორი ოქრო მოიპოვა.
2014 წელს მძლეოსნობის მსოფლიო ფედერაციათა ასოციაციამ ინდოელ სპრინტერს დუტი ჩანდს შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა, მას შემდეგ, რაც ტესტებით გაირკვა, რომ მის ორგანიზმში ტესტოსტერონის ის რაოდენობა იყო, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ კაცებს აქვთ.
ჩანდმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის საფუძველზეც IAAF-მა მას ასპარეზობის უფლება დაუბრუნა. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ ტესტოსტერონის ხელოვნურად დათრგუნვის შესახებ IAAF-ის მიღებული გადაწყვეტილება ორი წლით შეაჩერა და მოითხოვა დამატებითი კვლევების ჩატარება, რომლებსაც დაზუსტებით უნდა გაერკვია, აძლევდა თუ არა ორგანიზმში ტესტოსტერონის მომატებული რაოდენობა ათლეტებს უპირატესობას.
2016 წელს რიოში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სემენიამ კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. 2017 წლის ივლისში IAAF-ის მიერ ჩატარებულმა კვლევების დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჭარბი ტესტოსტერონის მქონე ქალ ათლეტებს სხვებთან მიმართებით უპირატესობა გააჩნიათ. 2018 წელს IAAF-მა განაახლა წესები, რომლის მიხედვითაც ასეთ ატლეტებს ტესტოსტერონის დონის მედიკამენტოზური კორექცია უნდა ჩაუტარდეთ. სემენიამ ახალი წესები სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, პროცესი კი პირველ მაისს დასრულდა, მისი საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
რას მოიცავს განსხვავებული სქესობრივი განვითარება?
განსხვავებული სქესობრივი განვითარების მქონე ადამიანები სტანდარტული გენდერული ჩარჩოების მიხედვით არ ვითარდებიან. მათ შესაძლოა ერთდროულად კაცებისა და ქალების ჰორმონები, გენები და რეპროდუქციული ორგანოები ჰქონდეთ.
ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორგანიზმში ტესტოსტერონის მაღალი დონე, ეს ის ჰორმონია, რომელიც გავლენას კუნთის მასაზე, სიძლიერესა და ჰემოგლობინზე ახდენს, რას, თავის მხრივ ამტანობასა და სიმტკიცეზეც მოქმედებს.
ეს მდგომარეობა ზოგჯერ სქესობრივი განვითარების დარღვევადაც მოიხსენიება, თუმცა სიტყვა "დარღვევა" დისკუსიის საგანი ხშირად ხდება. თავად ამ მდგომარეობის მქონე ადამიანები ტერმინ "ინტერსექსს" ან "განსხვავებულ სქესობრივ განვითარებას" ამჯობინებენ.
განსხვავებული სქესობრივი განვითარების მქონე ათლეტებს ორგანიზმში ტესტოსტერონის ბუნებრივად მაღალი რაოდენობა აქვთ, რაც IAAF-ის თქმით, მათ უპირატესობას ანიჭებს და სხვა სპორტსმენებთან მიმართებით არათანაბარ პირობებში აყენებს.
სემენიას ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ეს უნარი ერთგვარი "გენეტიკური საჩუქარია", რომელიც პრობლემის წყაროდ არ უნდა იქცეს. მათი თქმით, განსხვავებული სქესობრივი განვითარების მქონე ქალების გენეტიკური ვარიაცია სპორტში ზოგადად არსებული გენეტიკური ვარიაციისგან განსხვავებული არ არის.
"სემენიას არ სურს, რომ სამედიცინო ჩარევით საკუთარი თავი შეცვალოს", — აცხადებენ ისინი.
განსხვავება ტრანსგენდერსა და ინტერსექსს შორის
უნდა აღვნიშნოთ, რომ სემენია ტრანსგენდერი არ არის. ინტერსექსი არის ტერმინი, რომელიც ინდივიდებს შორის სქესობრივი განვითარების განსხვავებებზე მიუთითებს. ის შეიძლება ვრცელებოდეს როგორც ქალზე, ისევე კაცზე და გამოვლინდეს, მაგალითად, განსხვავებული გენიტალიებით ან რაიმე სხვა გარეგნული მახასიათებლებით. მეორე მხრივ, გარკვეულ შემთხვევებში ის გარეგნულად შესამჩნევი შეიძლება სულაც არ აიყოს.
სქესობრივ განვითარებაში არსებულ განსხვავებებს ათლეტებზე სხვადასხვა გავლენა შეიძლება ჰქონდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინდივიდმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ მას მსგავსი განსხვავებები აქვს.
ტრანსგენდერი კი აღნიშნავს ადამიანს, ვისი გენდერული იდენტობა ან/და გენდერული თვითაღქმა განსხვავდება დაბადებისას მათთვის მინიჭებული სქესისგან.
მართლა აძლევს თუ არა ტესტოსტერონი სემენიას უპირატესობას?
ტესტოსტერონი კაცებშიც წარმოიქმნება და ქალებშიც, თუმცა, ქალებში მისი რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია. კაცებში სისხლის მეათედში დაახლოებით 295-დან 1 150 ნანოგრამამდე ტესტოსტერონია, ქალებში კი სისხლის იგივე რაოდენობაში ტესტოსტერონის რაოდენობა 12-დან 61 ნანოგრამამდე მერყეობს.
ტესტოსტერონის გავლენა ადვილი შესასმჩნევია, მიუხედავად იმისა, მისი წყარო ხელოვნური იქნება, თუ ბუნებრივი. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი 70-80-იან წლებში გამართული ოლიმპიური თამაშებია, რომლებშიც აღმოსავლეთ გერმანიის წარმომადგენელმა ქალებმა განმაცვიფრებელი შედეგები აჩვენეს, შემდეგ კი გაირკვა, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ათლეტებს ტესტოსტერონის დანამატებს აძლევდა, ისე, რომ სპორტსმენებმა ამის შესახებ არც იცოდნენ.
მასაჩუსეტსის მთავარი საავადმყოფოს ექიმ აარონ ბაგიშის თქმით, მეცნიერება აღნიშნულ საკითხზე ცალსახა და ეჭვგარეშეა — ანდროგენიზებულ სხეულს აშკარა ფიზიკური უპირატესობა აქვს.
ყველა სხეული ხომ ისედაც ინდივიდუალურია, რითია განსაკუთრებული ტესტოსტერონი?
სამედიცინო ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ტესტოსტერონი განსაკუთრებულია. ის არ ჰგავს, მაგალითად, რომელიმე მოცურავის ფართო მხრებს ან რაიმე სხვა ბუნებრივ უპირატესობას.
ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, ტეხასის უნივერსიტეტის სამხრეთდასავლური სამედიცინო ცენტრის პროფესორმა ბენჟამინ ლავინმა ნაკლებად აქტიური ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები ერთი წლის განმავლობაში ავარჯიშა. ერთი წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ბიჭების გულები მნიშვნელოვნად უფრო გაიზარდა, ვიდრე გოგოების, ეს სწორედ ტესტოსტერონის გავლენა იყო.
ჰორმონის გავლენა კი განსაკუთრებით შესამჩნევი მაღალი რიგის ათლეტებშია. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ სპორტში კაცი ჩემპიონები, ქალ ჩემპიონებთთან შედარებით, ბევრად უფრო სწრაფები და ძლიერები არიან.
ყოფილი ძალოსანი დორიანა კოულმენის თქმით, რომელიც ამჟამად დიუკის უნივერსიტეტის პროფესორია, ფიზიკური განსხვავებების გამო ქალი მორბენლები კაც მორბენლებს ვერასდროს აჯობებენ.
კოულმენმა განიხილა ისტორიის განმავლობაში ქალების მიერ მიღწეული სამი ყველაზე სწრაფი შედეგი და აღმოაჩინა, რომ მხოლოდ 2017 წელს ამ ქალების მიერ მიღწეულ შედეგებს 10 000-ზე მეტმა კაცმა აჯობა.
წინააღმდეგობაშია თუ არა ეს გადაწყვეტილება გენდერის ფართო და თანამედროვე განმარტებასთან?
კოულმენის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებაში ინტერსექს ადამიანებისა და ტრანსგენდერების ადაპტირებასთან კავშირში არ არის. ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი ის არის, რომ სარბენ ბილიკზე სპორტსმენები თანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ.
ამჟამად სემენიას 30 დღე აქვს და მას შეუძლია, რომ გადაწყვეტილება შვეიცარიის უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებების კუთხით გაასაჩივროს, თუმცა ძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციამ განაცხადა, რომ ეს შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან ის არა სახელმწიფო სტრუქტურა, არამედ კერძო ორგანიზაციაა.
იმ შემთხვევაში, თუ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდება, სემენია და სხვა ქალები იძულებულნი იქნებიან, რომ მაღალი ტესტოსტერონის ქონის შემთხვევაში ჰორმონალური თერაპია დაიწყონ, წინააღმდეგ შემთხვევებში კი მათ ოფიციალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ.
მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, აშკარაა, რომ ეს შემთხვევა სპორტს სამუდამოდ შეცვლის
კომენტარები