ამერიკელი პედიატრები შაქრიან სასმელებზე გადასახადების გაზრდას ითხოვენ
ამერიკის პედიატრთა ასოციაცია უკვე დიდი ხანია აქვეყნებს რეკომენდაციებს იმის შესახებ, რომ ბავშვებმა და მათმა ოჯახებმა შაქრიანი სასმელების (მათ შორის წვენების) მოხმარება უნდა შეამცირონ. ახლა, ისინი ამერიკის გულის ასოციაციასთან ერთად აცხადებენ, რომ შაქრიან გამაგრილებელ სასმელებზე ფასების გაზრდით მათი მოხმარება შეიძლება შემცირდეს, მათი თქმით, ეს ჭარბწონიანობასთან ბრძოლაში დაგვეხმარება.
"სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მსგავსი სერიოზული და პატივსაცემი ორგანიზაცია შაქრიან სასმელებზე გაზრდილი გადასახადების დაწესებას მოითხოვს. ისინი იცდიდნენ, სანამ ამ საკითხს მეცნიერება დეტალურად შეისწავლიდა", — აცხადებს კონექტიკუტის უნივერსიტეტის საკვებისა და ჭარბწონიანობის ცენტრის დირექტორი მარლინ შვარცი.
გაიდლაინებში ნათქვამია, რომ დამატებული შაქრით მიღებული კალორიები დღის განმავლობაში ადამიანის მიერ მიღებული კალორიების სრული რაოდენობის 10%-ს არ უნდა აჭარბებდეს. აშშ-ში კი ბავშვები მათი დღიური კალორიების ნორმის 17%-ს სწორედ ხელოვნურად დამატებული შაქრისგან იღებენ.
"ამ სასმელების მიერ გამოწვეული უარყოფითი გავლენა ცალსახაა და ის ბავშვების მომავალზე დიდ გავლენას ახდენს", — აცხადებს ჩრდილოეთ კაროლინას უნივრესიტეტის ეპიდემიოლოგი ლინდსი სმიტ ტაილი.
კვლევები მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვები, რომლებიც შაქრიან გამაგრილებელ სასმელებს ხშირად სვამენ, წონაში უფრო ადვილად იმატებენ. შაქრიანი სასმელების მოხმარება ასევე ზრდის მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი სასმელების მწარმოებელი კომპანიების რეკლამები სპეციალურად ბავშვებზეა გათვლილი. შვარცის თქმით, ჭარბწონიანობისა და, მაგალითად, დიაბეტის საკითხი კომპლექსურია და გადასახადების გაზრდა მათ ადვილად ვერ გადაჭრის, თუმცა ეს შესაძლოა ბრძოლის ეფექტური გზა იყოს.
ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად, ჩილესა და მექსიკას შაქრიან სასმელებზე გაზრდილი გადასახადები უკვე დაწესებული აქვს, ისევე როგორც აშშ-ს რამდენიმე ქალაქს, მაგალითად, ბერკლის, კალიფორნიას, სიეტლსა და ვაშინგტონს.
"ყველგან, სადაც შაქრიან სასმელებზე გადასხადი გაზრდილია, მათი მოხმარება და შეძენა მცირდება", — აცხადებს ტაილი. ბერკლიში გადასახადების დაწესებიდან ერთი წლის განმავლობაში შაქრიანი სასმელების გაყიდვებმა 10%-ით დაიკლო, ხილის, ბოსტნეულისა და ჩაის გაყიდვები კი 5%-ით გაიზარდა.
რთული ისაა, რომ მსგავსი გადასახადების შემოღების შემდეგ მათი წარმატებულობის შეფასება რთულია, რადგან საზოგადოებაში ცვლილებების ასახვას წლები სჭირდება.
"ამ გადასახადის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჭარბწონიანობის შემცირებაა, ამის შესაფასებლად კი საჭიროა, რომ ბავშვები გაიზარდონ, ეს ხანგრძლივი პროცესია", — აცხადებს ტაილი.
კვლევები, რომელთა ფარგლებშიც მსგავსი ცვლილებების გრძელვადიანი შედეგების სიმულირება ხდება მიუთითებს იმაზე, რომ ამ ცვლილებებს ასობით ათასი ჭარბწონიანობის შემთხვევის თავიდან აცილება და საბოლოო ჯამში მილიარდობით დოლარის დაზოგვა შეუძლია.
კომენტარები