პატრიარქის ბოლო ათი სააღდგომო ეპისტოლეს აქცენტები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებები და ეპისტოლეები ყოველთვის განხილვის საგანი ხდება. პატრიარქის გავლენიდან გამომდინარე მის მოწოდებებს ითვალისწინებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არამხოლოდ ისინი. ილია მეორის განცხადებები ხშირად პოლიტიკოსების მთავარი საზრუნავი ხდება და შედეგად ახალ საკანონმდებლო ინივიატივებს ან უკან გაწვეულ კანონპროეტებს ვიღებთ. გაიხსენეთ, რაზე ამახვილებდა პატრიარქის ყურადღებას სააღდგომო ეპისტოლეებში ბოლო 10 წლის განმავლობაში.

2019 წელი — ათეიზმი და შეტევა პატრიოტიზმზე

წლევანდელ ეპისტოლეში პატრიარქმა დიდი დრო დაუთმო არა მორწმუნეებისთვის, არამედ ურწმუნოებისთვის მიმართვას. ილია მეორემ ათეიზმი და მისგან მომავალი "საფრთხეები" განიხილა და აღნიშნა, რომ მათთვის უცხოა სინანულის განცდა და თავმდაბლობა.

ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა. მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, სულიერ ცხოვრებაზე

ილია მეორე

პატრიარქმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა საქართველოშიც იგრძნობა. მისი თქმით, ღმერთის გარეშე ადამიანი დეგრადირდება და ეს ათეიზმმა თვალნათელი გახადა. ბოროტი ძალა, შეფარვით თუ აშკარად, ყოველთვის ებრძოდა ჭეშმარიტებას და სხვადასხვა სახე ჰქონდა, რაც ჯერ კომუნისტური რეჟიმით დაიწყო, შემდეგ კი ცალკეული პირების სახით გაგრძელდა, დასძინა მანვე.

ილია მეორემ განაცხადა, რომ "მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე" და ისინი "სრული თავაშვებულების პროპაგანდას" ეწევიან. ყველა საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ "გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ".

პატრიარქი ფიქრობს, რომ ცოდვა, როგორც მადლი, გადამდებია და "ამის ნაყოფს უკვე ვიმკით საზოგადოების ყველა ფენაში".

ილია მეორემ ისაუბრა სამშობლოსადმი ადამიანის დამოკიდებულებაზეც. მისი აზრით, დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით რამდენიმე სახის შეტევა ხორციელდება:

"ერთნი, გარეშე ძალებისაგან ხელშეწყობილნი, აღვივებენ სეპარატისტულ სულს და ქვეყნის დანაწილების თეორიებს ქმნიან; მეორენი პატრიოტიზმის სახელით არასწორ მიმართულებებს ანვითარებენ და ამ გრძნობას დამახინჯებულ სახეს აძლევენ; სხვანი კი ზოგადადამიანური ღირებულებებით გვესაუბრებიან და პატრიოტიზმს ჩამორჩენილობად თვლიან", — ნათქვამია ეპისტოლეში.

პატრიარქმა ურთიერთობებზეც ისაუბრა. ამბობს, რომ ბევრ ურთიერთობას სიყვარულს ვერ უწოდებს. კერძოდ, მისი თქმით, თუ ადგილი აქვს შიშს, ან სხვა რაიმე ზეწოლას, ანგარებას, პირფერობას ან ეგოისტურ გამოვლინებებს, ეს სიყვარული აღარ იქნება ღვთისსათნო, გულწრფელი, მართალი და თავისუფალი.

"ვერასოდეს ვერ ვუწოდებთ სიყვარულს იმ ურთიერთობას, სადაც ადგილი აქვს ამპარტავნებას, შურს, ავხორცობას, ხელმრუდობას, ლოთობას, ნარკომანიას, ამ და სხვა მავნე მიდრეკილებით გაერთიანებულ ადამიანთა კავშირს, რადგან სინამდვილეში ეს ყოველივე არის ვნებების მონობა და ჭაობივით ჩამთრევი მანკიერებების ტყვეობა", — არნიშნულია ეპისტოლეში.

2018 წელი — შეტევა ეკლესიაზე და დემოგრაფია

2018 წელს, მაშინ, როცა დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს და ეკლესიის ისტორიაში ყველაზე სკანდალური დაპირისპირებების შესახებ გახდა ცნობილი, პატრიარქმა ეპისტოლეში განაცხადა, რომ ეკლესიაზე შეტევა მიმდინარეობს.

"შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ", — განაცხადა მან.

ამასთანავე, მან ისაუბრა იმაზე, რომ მიმდინარეობს "ტრადიციულ ღირებულებათა" მოსპობის, "პატრიოტული სულისკვეთების" დაკნინების, "ეროვნული მეობის" გაქრობის ტენდენცია. მისივე თქმით, არის მცდელობები "ზოგიერთი მძიმე ცოდვის ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადებისა". აქ პატრიარქმა კიდევ ერთხელ ახსენა, რომ მედია ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს "აგრესიის და უზნეობის, ნარკომანიისა და აზარტული თამაშების პროპაგანდას; ბილწსიტყვაობას, ტყუილი, ცინიზმი, საჯარო შეურაცხყოფას".

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა სუიციდის პრობლემაზეც და განაცხადა, რომ სტატისტიკის ზრდას განაპირობებს ის, რომ "მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ".

დემოგრაფია

პატრიარქმა ისევ გაიხსენა დემოგრაფიული პრობლემაც. მისი თმით, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მოკლე დროში მოსახლეობა 28 პროცენტით დაიკლებს. მისივე თქმით, ამ საგანგაშო მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელი იყო აბორტის აკრძალვა.

მანვე დასახა გეგმა, რომლითაც ეს საკითხი უნდა მოგვარებულიყო. კერძოდ, აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შექმნა და პირველ ეტაპზე მრავალშვილიანი ოჯახების გარკვეული ნაწილისთვის ცალკე კანონის შემუშავება, რათა მათ დასახმარებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგმულიყო. მისი თქმით, ქვეყანას განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნა ნებისმიერი ეთნიკური წარმოშობის ოჯახისთვის, რომელსაც 4-ზე მეტი შვილი ჰყავთ და მათ უნდა მიეღოთ მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება.

"ოჯახებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მადლიერია მათი თავდადებისა. ხოლო, როდესაც საქართველო ეკონომიურად გაძლიერდება, შეღავათები უნდა გავრცელდეს საერთოდ ყველა მრავალშვილიანზე", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ საკითხზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდაა ხელისუფლებას, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებს, მასმედიასა და ეკლესიას, განსაკუთრებით კი კანონმდებლებს.

ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა

მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ და ეს ურთიერთობა შეიძლება შეედაროს ადამიანის სულისა და სხეულის კავშირს

ილია მეორე

პატრიარქმა განაცხადა, რომ ძლიერი და განვითარებული ქვეყნის მიღწევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა არსებობს და ამის საფუძველზე ხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. მისი თქმით, ამისთვის ეკლესიამ და ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს.

2017 წელი — სინანული

2017 წელს ეპისტოლეში პატრიარქმა ეგოიზმსა და სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ "მეს" უკმევს გუნდრუკს... ეგოისტური "მე" – სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა

ილია მეორე

პატრიარქმა განაცხადა, რომ ღმერთისთვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. მისი თქმით, სინანული სინდისის განწმენდა, ნათლისღების განახლება და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია მონანიება, რადგან მისი თმით, არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას.

პატრიარქმა თქვა, რომ ხელისუფლებასთან გადაკვეთის არაერთი სფერო არსებობს, მაგრამ გამოყო ტაძრის რეაბილიტაციის პროცესი, რომელსაც, მისი თქმით, მთავრობა აფინანსებდა.

2016 წელი — სუიციდი, ბავშვები და ეკონომიკა

ამ წლის ეპისტოლეში პატრიარქი სუიციდის პრობლემას გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა იფიქრონ იმაზე, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მან მოუწოდა ყველას, ვისაც რთული პერიოდი აქვს მიმართონ მოძღვარს.

მოუწოდა მშობლებს, ყურადღება მიაქციონ მოზარდებს. თან აღნიშნა, რომ ყურადღების მიქცევა მკაცრ მოპყრობას არ გულისხმობს. მისი თქმით, ეს ისეთი ასაკია, როდესაც მშობლები, მეგობრად უნდა ცნონ.

ბავშვები ქუჩაში

პატრიარქმა ისაუბრა ქუჩაში მყოფი ბავშვების შესახებაც. განაცხადა, რომ ისინი "ხვალინდელი დღის" შემოქმედნი არიან და მნიშვნელოვანია როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. მისი თქმით, ამ მიმართულებით ეკლესია, არასამთავრობო სექტორი და ხელისუფლება დიდი ხანია სერიოზულად მუშაობს. მისივე თქმით, მალე უნდა მიაღწიონ იმას, რომ უმეთვალყურეოდ დარჩენილი პატარები ქუჩაში არ ცხოვრობდნენ.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ ეკლესიას დიდი სურვილი ჰქონდა მზრუნველობა გაეწია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ. მისი თქმით, გამოყეს ტერიტორია, სადაც არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით სახელობო-პროფესიული სასწავლებლის გახსნას ფიქრობდნენ.

ბიზნესი და ეკონომიკა

პატრიარქმა ტრადიციულად ისაუბრა ეკონომიკის წინსვლის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ამას ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის აღორძინება. მანვე აღნიშნა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა ისევე, როგორც მზისა და ქარის ენერგია, წყლის ექსპორტი და სხვა ხელს შეუწყობდა ეკონომიკურ გაძლიერებას.

პატრიარქმა სახელმწიფოს წარუდგინა გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა ამუშავდეს სოფლის მეურნეობა.

"უნდა გაძლიერდეს როგორც ოჯახური მეურნეობები და წახალისდეს სხვა კერძო ინიციატივები; ადგილზე უნდა აშენდეს გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, შეიქმნას მექანიზებული ჯგუფები, რომლებიც სოფლებს მოემსახურებიან. სასურველი იქნება, თუ თითოეულ რეგიონს თანხის გარკვეული რაოდენობა გამოეყოფა და თავდაპირველად სახელმწიფოსვე იზრუნებს გასაღებაზე ორიენტირებული და ამ მხარისათვის ყველაზე მომგებიანი მიმართულებების განვითარებაზე", — განაცხადა მან.

პატრიარქმა ხელისუფლებას რამდენიმე რეფორმა შეუქო და განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა, მთის კანონი, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები იმედის მომცემია, თუმცა ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი დახმარებების თაობაზე ხალხი უკეთ უნდა იყოს ინფორმირებული, რათა შესაძლებლობები გამოიყენოს.

2015 წელი — ქართული სუფრა და სათამაშო ბიზნესი

2015 წლის ეპისტოლეში, წინა წლებისგან განსხვავებით ილია მეორემ რადიკალურად განსხვავებული პრობლემები წამოჭრა. თუმცა, არც ძველი საკითხები დავიწყებია. მან ისევ ისაუბრა იმაზე, რომ აბორტი "მომაკვდინებელ ცოდვაა". ასევე, ყურადღება გაამახვილა, სწორი აღზრდის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების პრობლემებზე.

"ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ემონება, რა, ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას... მაგრამ გვჯერა, ღვთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან", — განაცხადა მან.

პატრიარქმა ყურადღება დაუთმო თვითმკვლელობის მზარდ სტატისტიკას და საეკლესიო წესებით განმარტა, თუ რატომ არის სუიციდი დაუშვებელი.

ქართული სუფრა და მევენახეობა

ამ ეპისტოლეში პატრიარქმა დრო დაუთმო ქართული სუფრის ისტორიული მნიშვნელობის განხილვასაც. აღნიშნა, რომ "არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც".

მისი თქმით, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი. მისივე თქმით, "ჭირის სუფრა" გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი იყო.

"როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს", — განაცხადა მან.

პატრიარქმა ისაუბრა იმაზეც, რომ მევენახეობა და მეხორბლეობა ძველ დროში საუფლო საქმედ მიიჩნეოდა, მაგრამ "ათეისტური რეჟიმის" დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. მისი თქმით, უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე ზოგი ჯიში მთლიანად განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. მისივე თმით, ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც "ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო".

"ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა", — განაცხადა მან.

შეურაცხყოფა

ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის, მწარედ ცდებიან

ილია მეორე

პატრიარქის თქმით, გაანალიზების შემთხვევაში მისახვედრია, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა. მისი თქმით, ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა და უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და მასმედიაში.

"სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა, ავი სიტყვა კი ეშმაკისეულია. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება... ამიტომაც მეტყველებისას ყველას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს", — განაცხადა მან.

სათამაშო ბიზნესი

ამ ეპისტოლეში ილია მეორემ აღნიშნა, სათამაშო ბიზნესი "მეტად საშიში და სერიოზული პრობლემაა". მისი თქმით, ეს საქმიანობა ბიუჯეტისთვის, ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია.

პატრიარქის განცხადებით, ჩვეულებრივ სამორინეში ასაკს ყურადღებას აქცევდნენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია შესვლისას, ინტერნეტ-სივრცეში კი, მისი თქმით, ეს შეზღუდვა არ არსებობს და ახალგაზრდები ცდუნებას ვერ უმკლავდებიან, რის შედეგადაც დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან.

პატრიარქმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას თავისი სიტყვა უნდა ეთქვა ამ მიმართულებით და ქვეყნის მომავალი დაეცვა.

2014 წელი — ცოდვის პროპაგანდა და ლიბერალიზმი

უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც

ილია მეორე

2014 წელს ეპისტოლეში პატრიარქმა განაცხადა, რომ ყოფა უფრო დამძიმდა, რადგან მასიურად ხდება "ცოდვის პროპაგანდის წახალისება". აღნიშნა, რომ "ბოროტის შემოტევის ასეთი ფართო მასშტაბები ადრე არ იყო". მისი აზრით, თანამედროვე "ფსევდო-ლიბერალიზს" სურდა ცოდვის ცნების მოსპობა.

პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფსევდო-ლიბერალებს ბრძოლა ჰქონდათ გამოცხადებული არამარტო რელიგიურ, არამედ ადამიანურ ღირებულებებზე და "ცხოველებზე უფრო დაბალი ცხოვრების წესს" სთავაზობდნენ საზოგადოებას.

"მათი აზრით, ცოდვის განცდა თურმე ზედმეტად "ბოჭავ" ადამიანს და "თავისუფლებას" აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ, გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც", — ამბობდა ის.

პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ ამ "დაკვეთის" შესრულებაში ჩართული იყო მედიაც, რომელიც "სადიზმითა და სექსოპათიით გაჯერებულ ფილმებს" აჩვენებდა და აშუქებდა გადაცემებს, სადაც ირონიით საუბრობენ ადამიანურ ღირსებებზე, კულტურასა და ტრადიციებზე.

"ვითომ ორიგინალობის და სიახლის შემოტანის სურვილით აკეთებინებენ ამას,
სინამდვილეში კი საყოველთაო ურწმუნოებასა და ეშმაკეულ ცნობიერებას ამკვიდრებინებენ,
რითაც, რა თქმა უნდა, ღმერთს განარისხებენ", — ამბობდა პატრიარქი.

ილია მეორემ მრევლს უთხრა, რომ "ბოროტი თავგამოდებით" იბრძოდა და მათაც თავგამოდებითვე მართებდათ საკუთარი "მეობის, სულისა და ღირებულებების" დაცვა.

მიმართვა ემიგრანტებს

ამავე ეპისტოლეში მან მოუწოდა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და აქ ეძებნათ დასაქმების საშუალებები, "თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით".

მანვე აღნიშნა, რომ არ შეუძლია არ დააფასოს ემიგრანტების, განსაკუთრებით ქალების, თავდადება, როგორც შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ.

"მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე
ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები.ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა", — განაცხადა მან.

ბავშვების აღზრდა

კომუნისტური რეჟიმის პირობებში ბევრი რამ დამახინჯდა, გაუკუღმართდა, მათ შორის, შვილებისადმი სიყვარულიც. მშობლები თავისი გაგებით უფრთხილდებიან მათ და ცდილობენ, ჰქონდეთ საუკეთესო ჩასაცმელი, არაფერი ეტკინოთ, არ ეწყინოთ, არ დაიღალონ, არამედ გაერთონ და ისიამოვნონ… ანუ უქმნიან სასათბურე პირობებს და თავისდაუნებურად ბავშვებში ეგოისტურ სულს აღაზევებენ

ილია მეორე

ამავე ეპისტოლეში პატრიარქმა დიდი დრო დაუთმო ბავშვზე ზრუნვისა და აღზრდის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ოჯახური გარემო სასწავლებელთან და ეკლესიასთან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს ახალგაზრდის ფორმირებაში.

ილია მეორემ განაცხადა, რომ "ზედმეტი ზრუნვა" ბავშვებს ეგოისტებსა და უსუსურებს ხდის. მისი თქმით, ასეთ ბავშვებს არ აქვთ შინაგანი სიმტკიცე, ხშირად იჩენენ სიმხდალეს და სხვაზე არიან დამოკიდებული. მისი თქმით, ასე გაზრდილ ბავშვებს დაქვეითებული აქვთ აზროვნებაც და სიცოცხლისუნარიანობაც; ამასთნა არიან "ამბიციურნი და "მე"-ზე ორიენტირებულნი".

პატრიარქის თქმით, მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ამთავრებენ ურთიერთობას წიგნთან და მხოლოდ ინტერნეტის თამაშებით იქცევენ თავს. მისი თქმით, ბევრი მიეჩვია უშრომელად, ან შედარებით იოლი საქმიანობით, თავის გატანას და აღარ ეძებს სხვა გზებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. მისივე თქმით, თუ ერთხელ არ გაუმართლათ მცდელობამ, უიმედობა იპყრობთ, დეპრესიული ხდებიან და იწყებენ ცხოვრების კიბეზე კიდევ უფრო დაღმა დაშვებას. პატრიარქი ამტკიცებდა, რომ ამან გამოიწვია ნარკომანიის, ლოთობის, ქურდობის, მკვლელობისა და აღვირახსნილობის მატება.

ეპოსტოლეში პატრიარქმა სწორი აღზრდის მეთოდებიც განიხილა. მისი თქმით, ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვა აუცილებელია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. მისივე თქმით, მშობლებმა ბავშვები უნდა შეაჩვიონ შერიგებას, წყენის დავიწყებას, ერთგულებას სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბავშვის აღზრდაში განსაკუთრებული როლი დედას უნდა ეჭიროს.

"ქართველი ქალი ყოველთვის იყო ოჯახის დედა-ბოძი და დღესაც, ემანსიპაციის
პირობებში, ისევ მან უნდა შეძლოს მთავარი გამაწონასწორებელი როლის შესრულება ოჯახში
და ყველა წევრის ჩაბმა მომავალი თაობის სწორად აღზრდის პროცესში (აქ იგულისხმება
ოჯახური საუბრები, საინტერესო თემების განხილვა და სხვა)", — განაცხადა მან.

მანვე ისაუბრა სახელმწიფოს როლზეც. კერძოდ, განაცხადა, რომ სახელმწიფომ ბავშვები უნდა დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შეაჩვიოს ანალიტიკურ აზროვნებას. მისი თქმით, ამისთვის უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და დაწერენ თავისუფალ თემებს.

პატრიარქმა კითხვის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ახალგაზრდებმა და ნებისმიერმა პიროვნებამ ღრმა აზროვნების განსავითარებლად უნდა იკითხოს, როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; რადგან ამის გარეშე მათი ხედვის დიაპაზონი ვიწრო იქნება.

"ისინი უნდა აკონტროლებდნენ თავის ფიქრებს, უნდა იცოდნენ, სად არის ოქროს
შუალედი, სად უნდა დაედოს ზღვარი მათს აზროვნებას, რომ უფლისაგან მონიჭებული
არჩევანის უფლება და თავისუფლება ბოროტის მსახურებად არ აქციონ", — განაცხადა მან.

2013 წელი — აბორტი

2013 წელს ეპისტოლეს მთავარი თემა აბორტი იყო, რომელსაც პატრიარქმა უდიდესი დანაშაული უწოდა და სახელმწიფოს აკრძალვისკენ მოუწოდა. ამის მიზეზად პატრიარქმა დემოგრაფიული პრობლემები და ცოდვისთვის საზღაური დაასახელა.

ის ამტკიცებდა, რომ აბორტის, როგორც ცოდვის საზღაური მძიმეა და ეს ვლინდება უნაყოფობაში, ნაადრევ მშობიარობაში, ფსიქიკურ დაზიანებებსა და აბორტის შემდეგ დაბადებულ ბავშვებში ნერვიულ გამოვლინებებში. მისი თმით, ამიტომაც იყო არაერთი დანგრეული ოჯახი საქართველოში, მკვდრადშობილი ნაყოფებით. მისივე თქმით, ყოველივე ეს როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვებოდა.

პატრიარქი საზოგადოებას დაპირდა, რომ თუ ეკონომიკური პრობლემის გამო შვილის გაჩენა არ სურდათ, არ ჩაედინათ ცოდვა და ეკლესია მიხედავდა მათ შვილებს.

ილია მეორემ აღნიშნა ისიც, რომ მასმედიის საშუალებითა და "ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით" აბორტი წახალისებული იყო. მას მიაჩნდა, რომ მასმედიას შეეძლო დადებითი როლი ეთამაშა და "დიდი მადლი მოეპოვებინა" თუ მრავალშვილიანობას წაახალისებდა და აბორტის წინააღმდეგ შექმნიდა განწყობას.

პატრიარქი ამბობდა იმასაც, რომ განწყობის თეორია კარგად უნდა შესწავლილიყო და დაენერგათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი თმით, საზოგადოებაში უნდა შეექმნათ განწყობები სოფლის აღორძინების, რეგიონების განაშენიანების, განათლების სისტემის აღორძინების, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის მოთხოვნილების გაძლიერებისათვის.

2012 წელი — თავისუფლება: აჯანყება ზნეობის წინააღმდეგ

თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერებულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი

ილია მეორე

2012 წელს ეპისტოლეში პატრიარქმა დიდი დრო დაუთმო თავისუფლების განხილვას. კონკრეტულად კი იმის მტკიცებას, რომ თავისუფლება საზოგადოებას არასწორად ესმის და ის არ ნიშნავს ყველაფერის კეთების უფლებას, რაც მათ სურთ. საბოლოოდ, პატრიარქმა სცადა იმ აზრის დამტკიცება, რომ თავისუფლება ზნეობის წინააღმდეგ ომად იქცა.

მან განაცხადა, რომ საზოგადოებაში არსებობს ე.წ. ახალი მიდგომა, რომელიც გამოიხატა იმით, რომ შეეცადნენ (არ დაუკონკრეტებია ვინ), ადამიანისათვის დაევიწყებინათ ცოდვის განცდა და ამოქმედდა ასეთი პრინციპი:

"ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. მაგ: სხვისი უზნეობა თუ მე არაფერს მიშავებს, ეს ქმედება უარყოფითი აღარ არის… და დაიწყო ამგვარი აზროვნების ყველგან დამკვიდრება, რაც არის აჯანყება ზნეობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ".

მისი თქმით, სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს "ცრუ თავისუფლების იდეა" და ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას. მისი თქმით, შედეგად ახალი პრინციპიც წამოაყენეს: "რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია". მისი მტკიცებით, ეს ნიშნავდა, რომ ბოროტებაც მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია.

სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბოლოს უკვე ასეთი პრინციპიც წამოაყენეს: რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია!

ილია მეორე

"საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური "ჭეშმარიტებები". მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც მხარდაჭერილია ინფორმაციული მანქანისაგან და კარგად არის რეკლამირებული", — განაცხადა პატრიარქმა.

საკუთარი სიტყვების განსამტკიცებლად, პატრიარქმა თეოლოგთა შეხედულებები მოიყვანა, თუმცა არც აქ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა. მისი თქმით, თეოლოგები ამბობენ, რომ ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტიქტების წინ წამოწევას ემსახურება.

"ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი. ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას. ამგვარი აზროვნების წესსა და დამოკიდებულებას პროპაგანდას უწევენ ყველგან და მათ შორის საქართველოშიც", — განაცხადა ეკლესიის წინამძღვარმა.

ამის მაგალითად კი პატრიარქმა ბუდა-ბარის აშენება მოიყვანა. მისი თქმით, 100 000 ქართველის წამების ადგილას ამ დაწესებულების აშენება ისევე, როგორც საპატრიარქოს გვერდით ტოტალიზატორის არსებობა, არის "სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა "გმირების" პოპულარიზაცია".

ამ ყველაფრის შემდეგ კი მან აღნიშნა, რომ ეკლესიას მის წევრთა პიროვნული ნაკლულევანების მიუხედავად ყველა უყვარს და ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ ეს სიყვარული სულაც არ ნიშნავს ცოდვასთან შემგუებლობას.

"პირიქით, ჩვენი რწმენა მოითხოვს, რომ ცოდვა მოვიძულოთ და ვებრძოლოთ მას, ხოლო ადამიანი გავაფრთხილოთ და დავიცვათ", — დაამატა პატრიარქმა.

ეკონომიკა

პატრიარქმა არც ამ წელს აუარა გვერდი ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარს. წინა წლების მსგავსად მან ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია სცადა. კერძოდ, განაცხადა, რომ ბაზარზე დომინირებს იმპორტული საქონელი და ქართული არა. მანვე აღნიშნა, რომ არარეალურადაა გაზრდილი გადასახადები, მათ შორის კომუნალური, შემოსავლის წყარო კი, დაბალანაზღაურებადია.

მისი თმით, საჭირო იყო ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეამცირებდა გადასახადებს, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა ის გამხდარიყო დაინტერესების საგანი.

ჯანდაცვა

პატრიარქმა განაცხადა, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო. განაცხადა, რომ ჯანდაცვის პრიორიტეტად უნდა დარჩენილიყო ექიმის კვალიფიკაციის ამაღლება. მისი თქმით, საგანგებო ყურადღება უნდა მიქცეოდა ქვეყანაში შეტანილ თუ ადგილობრივი წარმოების პრეპარატის ხარისხსაც.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გამხდარიყო ჩვილობის ასაკში ბავშვისა და დედის ერთად ყოფნის ხელშეწყობა და დედისათვის ხელფასიანი შვებულების გაზრდა, თუნდაც 6 თვემდე.

ილია მეორემ ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის აუცილებლობაზეც. მისი თქმით, კარგია დაავადებათა პროფილაქტიკასა და მათ ადრეულ გამოვლენაზე ზრუნვა, მაგრამ უფრო ეფექტური იქნებოდა ჯანდაცვის სფეროსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.

პატიმრები

ამ ეპისტოლეში პატრიარქმა კიდევ ერთხელ დაუთმო ყურადღება პატიმართა პრობლემებს. მისი თქმით, აუცილებელი იყო სპეციალური სამსახურების მობილიზება, რომ სწორად გატარებული პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებებით თავიდან აეცილებინათ ციხეებში სხვადასხვა დაავადებების გავრცელება. მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო სასჯელის გადავადების კანონის ამოქმედება იმისთვის, რომ უკურნებელი სენით დაავადებულებს საშუალება ჰქონოდათ გამოჯანმრთელებამდე ოჯახურ გარემოში, ახლობლების მზურნველობის ქვეშ ემკურნალათ.

პატრიარქმა თქვა, რომ მნიშვნელოვანი იყო ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიების უფრო აქტიური საქმიანობა და გამოთქვა აზრი ალტერნატიული სასჯელის შემოღებაზე იმ პატიმართა მიმართ, რომლებიც საშიშ დამნაშავეებს არ წარმოადგენენ.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა, ციხეებში შექმნილიყო სამუშაო ადგილები, სადაც შეძლებდნენ თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებას.

2011 წელი — ოჯახის სიმტკიცე, უხამსი ფილმები და ქართული იდეა

კიდევ უფრო ადრინდელ ეპისტოლეში პატრიარქმა უფრო მეტ დრო დაუთმო ერის ზნეობრივ აღზრდას. მან ისაუბრა ოჯახში არსებულ პრობლემებზე, ახალი თაობის პრობლემებზე, ქართულ იდეასა და ეგოისტურ აზროვნებაზეც კი.

ოჯახი

პატრიარქმა მრევლს განუცხადა, რომ ქრისტიანული ოჯახი არის ეკლესია, რომელიც პირველ რიგში ღვთის სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს, შემდეგ კი ერთმანეთის. მისი თქმით, თუ ოჯახს ეს საფუძველი გამოეცალა, თავს იჩენს ტირანია, რაც ხშირი კონფლიქტის საფუძველი ხდება.

პატრიარქმა ოჯახში არსებული კონფლიქტების გამწვავებაში თანამედროვე საზოგადოება დაადანაშაულა.

"ნაცვლად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებას ეზრუნა ოჯახში ქრისტიანული ღირებულების დასამკვიდრებლად, დაიწყეს უკვე დანგრეული ურთიერთობების ხელოვნურად მოგვარება, რაც შედეგს ვერ გამოიღებს და ცოლის და ქმრის ურთიერთობას კიდევ უფრო არასწორი გზით წარმართავს", — განაცხადა მან.

ოჯახში არსებული პრობლემების განხილვიდან ილია მეორე ეკონომიკის განვითარების საკითხს დაუბრუნდა, რომელიც წინა ორი წლის ეპისტოლეებში განიხილა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ოჯახის სიმტკიცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ელემენტარულ სოციალური პირობებს და დაამატა, რომ სახელმწიფოსა და ოჯახსაც წაადგებოდა სოფლის მეურნეობის განვითარება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება.

"კარგი იქნება, თუ ამ პროცესს მთავრობა მხარს დაუჭერს და დოტაციური და მრავალწლიანი შეღავათიანი კრედიტებით გაამაგრებს, რაც დასავლეთის ქვეყნებში (მიუხედავად განვითარებისა) დღესაც ხორციელდება", — განაცხადა მან.

ზნეობრივი გარემო

პატრიარქმა პირდაპირ განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობა საფრთხეშია, რადგან მათზე მიმდინარეობს ზემოქმედება ნიჰილისტური, უხამსი ფილმებითა და გადაცემებით.

როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით — მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ

განაცხადა პატრიარქმა

ერის სულიერმა წინამძღვარმა თქვა, რომ ეს დამოკიდებულება მოქმედებს ხალხზე და მათ ზნეობაზე. მან ჰომოფობიური შინაარსის განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ადამიანებს უადვილდებათ ოჯახების დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობის დამყარება და "მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა".

აქვე პატრიარქმა აღნიშნა, რომ "სუროგატი დედების ინსტიტუტის შექმნა" უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვაც მარტივი არ არის, თუმცა არ განუმარტავს რატომ. ეს საკითხი მან მომდევნო ეპოსტოლესთვის შემოინახა.

მანვე აღნიშნა ისიც, რომ ხდებოდა ეგოისტური აზროვნების წახალისება, რაც მისი აზრით ძალიან სამწუხარო იყო. მისი თქმით, ზნეობრივი გარემო ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე და მის ორიენტაციაზე იყო დამოკიდებული.

ქართული იდეა

პატრიარქმა განაცხადა, რომ "ცოდვითი ცხოვრების მიმდევართა და პროპაგანდისტთა" შორისაც ხედავს ბევრ ისეთ ადამიანს, რომლებმაც ცხოვრების წესი შეიცვალეს. მისი თქმით, "ასეთი ზეწოლის მიუხედავად", საზოგადოებისა და ახალგაზრდების დიდი ნაწილი ინარჩუნებდა ტრადიციულ ღირებულებებს და ქართული იდეის მატარებელნი არიან.

პატრიარქმა მრევლს განუმარტა რა არის ქართული იდეა და რაში ვლინდება ის.

"ეს შეიძლება გამოვთქვათ ერთი ყოვლისმომცველი სიტყვით — ჭეშმარიტების მსახურება, რაც, პირველ რიგში, გამოიხატა უფლისადმი ჩვენს უდიდეს სიყვარულში, მისდამი ერთგულებასა და თავგანწირვაში. დიახ, უზენაესი ჭეშმარიტებისადმი თავდადება არის ქართული იდეა", — განაცხადა მან.

მისი თქმით, ასევე ქართული იდეის გამოხატულებაა უანგარობა, გულწრფელობა, ვაჟკაცობა. მისივე თქმით, ქართველისთვის უცხოა ექსპანსია და აგრესია და ეროვნული სულისკვეთება ჩანს სიტყვებში "სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება".

პატრიარქის აზრით, ქართველისათვის პატრიოტიზმიც ღვთისმსახურებაა. განმარტა, რომ ქართველი სამშობლოს პატრონობს და საკუთარი სისხლის ფასად იცავს, რადგან ამაში ხედავს ღვთის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას.

პატრიარქმა განაცხადა, რომ ქართული იდეა არის იმ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების გაგრძელება, რომელიც უფალმა დაუდგინა რელიგიურ გმირებს, ადამს, ნოეს, აბრაამსა და მოსეს. მისი თქმით, ასეთია ქართველთა წინაპრების მიერ არჩეული გზა — ძნელი, მაგრამ საამაყო. მისივე თქმით, ქართველები, რომლებიც ამ წესით არ ცხოვრობენ ქართული იდეის ნაწილად ვერ მიიჩნევიან.

"ისინი არიან ვაზის ნასხლავნი, რომელთა შორის სიცოცხლე არ არის", — განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული სამყარო გენეტიკური ნიშნით არ შემოიფარგლება. ამის დასამტკიცებლად მან სხვადასხვა ისტორიული პირის მაგალითი მოიყვანა, რომელიც წარმომავლობის მიუხედავად ქრისტიანები იყვნენ და საქართველოს ემსახურებოდნენ.

"სწორედ ქართული იდეიდან მომდინარეობს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობაც, რაც იყო საფუძველი აქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მხრიდან ჩვენი ჭირ-ვარამის გაზიარებისა და საქართველოსთვის მსახურებისა", — განაცხადა მან.

2010 წელი — ტერიტორიული მთლიანობა, სულიერი დეგრადირება და ახალგაზრდები

2010 წელს ეპისტოლეში პატრიარქი ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ფოკუსირდა, თუმცა გარედან მომავალ საფრთხეებსაც გაუსვა ხაზი. მთავარი საფრთხე კი წინამძღვრის თქმით, თავად ეკლესიას ემუქრებოდა.

"განა შეიძლება გულგრილი ვიყოთ მაშინ, როდესაც ხდება ქრისტეს სწავლების უგულებელყოფა, ავხორცობისა და ძალადობის პროპაგანდა და, საერთოდ, ხალხის სულიერი დეგრადირებისათვის ხელშეწყობა. ამის მოქმედნი, ალბათ, ვერ აცნობიერებენ, რომ თავსაც იღუპავენ და ათასობით ადამიანსაც დიდ ცოდვაში აგდებენ", — განაცხადა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის სურს მიმართვა.

მან მოუწოდა ახალგაზრდებს გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღვთისა და სამშობლოს წინაშე. მისი თმით, გულში უნდა ჩაეხედათ და გაერკვიათ რა გზით მიდიოდნენ და ვისი ნების აღმსრულებლები იყვნენ.

ივერიელთა ერთობის ტრაქტატი

დღესაც ზოგიერთი უცხოელი მეცნიერი და ექსპერტი ისევ ახორციელებს მიზანმიმართულ ანტიქართულ სამეცნიერო-იდეოლოგიურ კამპანიას

ილია მეორე

ახალგაზრდების სულიერი დეგრადაციის გარდა პატრიარქმა კიდევ ერთი პრობლემა წამოწია წინ. კერძოდ, საქართველოს "გახლეჩისა და დაქუცმაცების მოსურნეთათვის" წინააღმდეგობის გაწევა. წინააღმდეგობის ფორმად კი ივერიელთა ერთობის ტრაქტატის იდეის გაცოცხლება მიიჩნია.

მან მრევლს ამბის ისტორიული კონტექსტი შეახსენა. აღნიშნა, რომ ფარნავაზ მეფისა და ქუჯი ერისთავის დაწყებული ქართველთა ერთობის საქმე 1790 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურეს მეფე-მთავრებმა ერთობის ტრაქტატით. მისი თქმით, პროცესი გააგრძელა ილია ჭავჭავაძემ, როცა საზოგადოებამ ღირსეული პასუხი გასცა მტერს. მისივე თქმით, თემა მეოცე საუკუნეში კომუნისტურმა რეჟიმმა წამოწია, რამაც აფხაზებისა და ოსების გაუცხოება გამოიწვია.

ტრაქტატის იდეის გაცოცხლების მიზეზად კი პატრიარქმა უცხოელი მეცნიერ-ექსპერტების მიზანმიმართულად ანტიქართული სამეცნიერო-იდეოლოგიური კამპანია დაასახელა.

"ამიტომაც გამოვედით ინიციატივით, მთელს ერს კვლავ დაედო ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი და ამით ჩვენს დროში კიდევ ერთხელ გაგვეცა პასუხი ავისმსურველთათვის", — განაცხადა მან და მრევლს განუმარტა, რომ ტრაქტატზე ხელმოწერა სვეტიცხოვლის ტაძარში შეუძლიათ. აღნიშნა ისიც, რომ ხელმომწერების სახელზე სვეტიცხოვლობაზე ლოცვას აღავლენდნენ.

პატიმართა და სნეულთა უფლებები

პატრიარქმა სააღდგომო ეპოსტოლედან მოუწოდა ხელისუფლებას ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც პატიმართა და სნეულთა უფლებებს დაიცავდა. თქვა, რომ სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსებულიყო სახელმწიფოს მიერ. გარდა ამისა, ხელისუფლებას უნდა ეზრუნა საზოგადოების უკეთ ინფორმირებაზე სადაზღვეო-სამედიცინო სისტემის შესახებ.

პატრიარქმა ყურადღება დაუთმო პატიმრების საკითხსაც. აღნიშნა, რომ ბევრი იყო ისეთი, ვინც გაჭირვების გამო ჩაიდინა მცირე დანაშაული და თქვა, რომ ასეთი პატიმრები განსხვავებულ მიდგომას საჭიროებენ.

"მათი გათავისუფლება ან მიმაგრების ადგილებზე გადაყვანის პროცესი უნდა დაჩქარდეს", — უთხრა ხელისუფლებას ეკლესიის წინამღძღვარმა.

მანვე აღნიშნა, რომ ცალკე კატეგორიად უნდა გამოიყოს ავადმყოფი პატიმრები, განსაკუთრებით ტუბერკულოზით დასნეულებულნი და მათ ინტენსიური მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ.

ილია მეორემ პატიმრების ცოლებსა და ქმრებთან შეხვედრის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"დღეს არსებული იზოლაცია, ერთი მხრივ, მიზეზი ხდება ოჯახების დანგრევისა, მეორე მხრივ, კი პატიმარში არაჯანსაღი ფსიქიკური პროცესების განვითარებისა. ადამიანისათვის სასჯელად ისიც კმარა, რომ მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ იგი გამოსწორებული, სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი დაუბრუნდეს საზოგადოებას", — განაცხადა მან.

ტერიტორიული მთლიანობა

პატრიარქს საგარეო პოლიტიკა არც ამ ეპისტოლეში დაუტოვებია უყურადღებოდ. აღნიშნა, რომ პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს.

"საჭიროა პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან, რათა აღდგეს ჩვენს ხალხებს შორის ნდობა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია", — თქვა პატრიარქმა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, მათ გარეშე პრობლემის მოგვარება გაჭირდება. პატრიარქმა დაამატა, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულებები არ არსებობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…