ემილია კლარკი - ბრძოლა ჩემი სიცოცხლისთვის
სერიალ სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი ემილია კლარკი ტვინზე გადატანილი ორი უმძიმესი ოპერაციის შესახებ ყვება.
ბავშვობის ყველა ოცნება რომ უნდა ამსრულებოდა, ზუსტად მაშინ კინაღამ სრულად დავკარგე გონება და მერე - სიცოცხლეც. ამაზე საჯაროდ აქამდე არასდროს მისაუბრია, მაგრამ ახლა სწორედ ამის დროა.
ყველაფერი 2011 წელს დაიწყო: ცოტა ხნის დასრულებული იყო სამეფო კარის თამაშების პირველი სეზონის გადაღებები, რომელსაც HBO ჯორჯ მარტინის წიგნების სერიის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მიხედვით იღებდა. იმის მიუხედავად, რომ თითქმის არანაირი პროფესიული გამოცდილება არ მქონია, სერიალში მაინც ერთ-ერთი მთავარი - დეინერის ტარგარიენის, დიდი ბალახის ზღვის კჰალისის, ბორკილების მმუსვრელის, დრაკონების დედის როლი მერგო. როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა პრინცესა იყო, დეინერისი გაყიდეს და იძულებით დააქორწინეს დოთრაკიელების მხედართმთავარზე, უძლიერეს ხალ დროგოზე. ეს გრძელი ისტორიაა, სერიალის რვა სეზონის სიგრძის, მაგრამ საკმარისია იმის თქმა, რომ დეინერისი გაიზარდა და გაძლიერდა - თავდაჯერებული და ძლევამოსილი გახდა. მალევე კი რეალურ ცხოვრებაში გოგოებმა ჰელოუინისთვის დეინერის ტარგარიენის მსგავსი ვერცხლისფერი პარიკების მორგება და გრძელი, მოფარფატე მოსასხამების ჩაცმა დაიწყეს.
შოუს შემქმნელებმა, დევიდ ბენიოფმა და დი ბი უაისმა მითხრეს, რომ ჩემი პერსონაჟი ნაპოლეონის, ჟანა დ’არკისა და არაბეთის ლოურენსის ნაზავი იყო. და მაინც, პირველი სეზონის გამოსვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიუხედავად იმ მოულოდნელი აღფრთოვანებისა, რაც საჯარო კამპანიებსა და ყოველი სერიის პრემიერას ახლდა თან, მაინც მიჭირდა, თავი ძლიერ დამპყრობლად მეგრძნო. მე უფრო შეშინებული ვიყავი. შეშინებული საყოველთაო ყურადღებითა და კინოსამყაროთი, რომლისაც ძალიან ცოტა გამეგებოდა. ისიც ძალიან მაშინებდა, რომ შოუს შემქმნელების იმედებიც უნდა გამემართლებინა. არადა, თავს შიშვლად, დაუცველად ვგრძნობდი და ეს ასეც იყო - სერიალის პირველივე ეპიზოდში სრულიად შიშველი გამოვჩნდი და პრესისთვის გამართული პირველი წვეულებიდან მოყოლებული, ყოველთვის ერთსა და იმავეს მეკითხებოდნენ: "შენ ასეთ ძლიერ ქალს თამაშობ და მაინც გაიხადე ტელეეკრანებზე. რატომ?" გულში ვფიქრობდი: "რამდენი კაცი უნდა მოვკლა, რომ საკუთარი შესაძლებლობები დავამტკიცო?".
სტრესი რომ შემემსუბუქებინა, პირად ტრენერთან ვარჯიში დავიწყე. ბოლოს და ბოლოს, მე უკვე ტელემსახიობი ვიყავი და ეს ზუსტად ის იყო, რასაც ტელემსახიობები აკეთებენ - ჩვენ ვვარჯიშობთ. 2011 წელს, 11 თებერვლის დილას ჩრდილოეთ ლონდონის ერთ-ერთი სპორტდარბაზის გასახდელში ტანსაცმელს ვიცვლიდი, როცა თავი საშინლად ამტკივდა. იმდენად დაქანცული ვიყავი, რომ კედების ჩაცმაც ძლივს მოვახერხე. პირველივე სავარჯიშოების შესასრულებლად მეტისმეტი ძალდატანება დამჭირდა.
შემდეგ ტრენერმა მთხოვა, იატაკს ხელებით დავყრდნობოდი და სხეული ჰორიზონატულად გამესწორებინა. აი, სწორედ მაშინ ვიგრძენი მოულოდნელად, რომ თითქოს ტვინს რეზინის შემოსაკრავები შემოეხვია. თავს ვაიძულე, ტკივილისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ტრენერს ვუთხარი, რომ შესვენება მჭირდებოდა. როგორღაც, თითქმის ბობღვით აღმოვჩნდი გასახდელში. ტუალეტამდე მივაღწიე, მუხლებზე დავეცი და, აი, აქ უკვე ვიგრძენი, რომ საშინლად ავად ვიყავი.
ცოტა ხნის განმავლობაში ვცდილობდი, გულისრევა შემეკავებინა და ტკივილი დამევიწყებინა. საკუთარ თავს ვუთხარი: "მე არ ვიქნები პარალიზებული" და ამაში რომ დავრწმუნებულიყავი, ხელისა და ფეხის თითების გამოძრავება ვცადე. მეხსიერების შესანარჩუნებლად ვცდილობდი, სხვა დეტალებთან ერთად სამეფო კარის თამაშების სცენარიდან ჩემი სტრიქონები გამეხსენებინა.
შემდეგ გვერდით კაბინიდან ქალის ხმა გავიგე, რომელიც მეკითხებოდა, ხომ კარგად ხარო. არა, კარგად არ ვიყავი. ის დასახმარებლად მოვიდა და იატაკზე გვერდულად დამაწვინა. შემდეგ ყველაფერი ერთდროულად ახმაურდა და გაბუნდოვანდა. მახსოვს, სასწრაფო დახმარების სირენის ხმა; მახსოვს უცნობი ხმებიც, ვიღაც ამბობდა, რომ ჩემს პულსს ძლივს გრძნობდა. გული კვლავ მერეოდა. ამასობაში ვიღაცამ ჩემი მობილური იპოვა და მშობლებს დაურეკა, რომლებიც ოქსფორდშირში ცხოვრობენ. უთხრა, რომ ჩემს ნახვას საავადმყოფოში შეძლებდნენ.
გონება დაბინდული მქონდა. სასწრაფო დახმარების მანქანიდან საკაცით დერეფანში შემაგორეს, რომელიც სადეზინფექციო საშუალებების სუნითა და გასაჭირში მყოფი ადამიანების ხმებით იყო გაჟღენთილი. რადგან არავინ იცოდა, რა მჭირდა, ექიმებსა და ექთნებს ჩემთვის ტკივილგამაყუჩებლის მოცემა არ შეეძლოთ.
საბოლოოდ, ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ სკანირება გამიკეთეს. დიაგნოზი იყო სწრაფი და ავისმომასწავებელი: სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა, იგივე სიცოცხლისთვის საშიში ინსულტი, რაც ტვინის არეში სისხლდენამ გამოიწვია. მე ანევრიზმა მქონდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ამ დიაგნოზის მქონე ყოველი მესამე პაციენტი მაშინვე ან მოგვიანებით იღუპება. მათ, ვინც პირველ ჯერზე გადაურჩებიან სიკვდილს, გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებათ, რადგან არსებობს მეორე, ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგის მომტანი სისხლდენის შანსი. თუ მინდოდა, რომ მეცოცხლა, თანაც სრულფასოვნად, სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გამეკეთებინა. მაგრამ მაშინაც კი, არანაირი გარანტია არ არსებობდა.
სასწრაფო დახმარების მანქანით ნეიროქირურგიის ეროვნულ საავადმყოფოში გადამიყვანეს, ლონდონის ცენტრალურ პარკში მდებარე წითელი აგურით ნაგებ ლამაზ ვიქტორიანულ შენობაში. უკვე ღამე იყო, დედაჩემს პალატაში სავარძელზე მოკუნტულს ეძინა, მე კი, გამაყუჩებლებისგან გაბრუებული, ტკივილისგან შეწუხებული და კოშმარებისგან გაწამებული, წამიერად თუ ვახერხებდი ჩათვლემას.
მახსოვს, მითხრეს, რომ ოპერაციაზე თანხმობის საბუთზე ხელი უნდა მომეწერა. ტვინის ოპერაცია? მე ხომ საშინლად დაკავებული ვიყავი, ტვინის ოპერაციისთვის დრო ნამდვილად არ მქონდა. მაგრამ, საბოლოოდ, დავნებდი და ხელი მოვაწერე. მერე უგონოდ ვიყავი - სამი საათის განმავლობაში ქირურგები ჩემი დაზიანებული ტვინის აღდგენას ცდილობდნენ. იმ მომენტში ოცდაოთხი წლის ვიყავი და ეს არ იქნებოდა ჩემი არც ბოლო და არც ყველაზე მძიმე ოპერაცია.
ოქსფორდში გავიზარდე და ჩემს ჯანმრთელობაზე იშვიათად თუ დავფიქრებულვარ. ლამის მხოლოდ მსახიობობაზე ოცნებით ვიყავი მოცული. მამაჩემი უესტ-ენდში ხმის ინჟინრად მუშაობდა ისეთ ცნობილ ფილმებზე, როგორებიც West Side Story და Chicago-ა. დედაჩემი იმ დროიდან მოყოლებული დღემდე საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის ვიცეპრეზიდენტია. მდიდრები არ ვიყავით, მაგრამ მე და ჩემი ძმა მაინც კერძო სკოლაში დავდიოდით. მშობლებს ჩვენთვის ყოველთვის საუკეთესო სურდათ, ამიტომ თავებს არ ზოგავდნენ, რომ გადასახადებს გასწვდომოდნენ.
ზუსტად არ მახსოვს, პირველად როდის გადავწყვიტე, რომ მსახიობობა მინდოდა. როგორც მეუბნებიან, დაახლოებით სამი-ოთხი წლის უნდა ვყოფილიყავი. როცა მამაჩემს თეატრში დავყავდი, სცენის მიღმა ცხოვრება მაჯადოებდა: ჭორები, რეკვიზიტები, კოსტიუმები, დაძაბული ჩურჩული სიბნელეში. სამი წლისა მამაჩემმა Show Boat-ის სანახავად წამიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბავშვების მსგავსად ხმაურიანი და მოუსვენარი ვიყავი, ორ საათზე მეტ ხანს მშვიდად და აღტაცებით ვუყურე იმ სანახაობას. მეტიც - როცა ფარდა დაეშვა, სკამზე შევდექი და გიჟივით ვუკრავდი ტაშს.
საბოლოოდ, ამ სამყაროზე დამოკიდებული გავხდი. სახლში My Fairy Lady-ის კასეტას იმდენად ხშირად ვუყურებდი, რომ ბოლოს გაცვდა. ვფიქრობ, პიგმალიონის ისტორია იმის დასტურად აღვიქვი, რომ სათანადო მომზადებისა და კარგი რეჟისორის დახმარებით სხვა ადამიანად ქცევა იყო შესაძლებელი. როცა პირველად გამოვტყდი, რომ მსახიობობა მინდოდა, მამაჩემს დიდად არ გახარებია - ის ბევრ მსახიობს იცნობდა და თვლიდა, რომ ისინი, ძირითად, ნევროტულები და უმუშევრები იყვნენ.
სკოლა, რომელშიც ოქსფორდში ვსწავლობდი, მშვიდი, მოწესრიგებული და კოხტა იყო. ხუთი წლის რომ გავხდი, სპექტაკლში მთავარი როლი მერგო. როცა სცენაზე გამოსვლის დრო მოვიდა, ყველაფერი ერთბაშად დამავიწყდა - ჩემი ყველა ხაზი თავიდან ამომივარდა. და ვიდექი ასე სცენის შუაში, უძრავად, წყნარად. დარბაზის წინა რიგიდან მასწავლებლები ცდილობდნენ პირის მოძრაობებით ჩემთვის სტრიქონები გაეხსენებინათ, თუმცა ამაოდ - მე ისევ ისე ვიდექი, ყოველგვარი შიშის გარეშე, სრულიად მშვიდად. ეს იყო ხასიათის ის თვისება, რომელმაც ჩემი შემდგომი კარიერის ბედი განსაზღვრა. ახლა შემიძლია, წითელ ხალიჩაზე ათასობით კამერის ჩხაკუნის მიუხედავად, სრულიად აუღელვებლად ვიდგე. აი, თუ სავახშმოდ ექვს ადამიანთან ერთად დამსვამთ, ეგ უკვე სულ სხვა ამბავი იქნება.
დროთა განმავლობაში უკეთესად თამაში დავიწყე: გამორჩეულად ნიჭიერი არ ვყოფილვარ, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, ჩემი სიტყვები აღარ მავიწყდებოდა. ათი წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა უესტ-ენდში ერთ-ერთი მიუზიკლის კასტინგზე წამიყვანა. იქ მისულმა გავაცნობიერე, რომ ყველა სხვა გოგოს სპექტაკლ Cats-იდან მოემზადებინა სიმღერა. მე კი ერთადერთი, რაც გამახსენდა, ერთი ინგლისური ხალხური სიმღერა იყო. ჩემი ნამღერის მოთმინებით მოსმენის შემდეგ მთხოვეს, რამე უფრო თანამედროვე მეცადა. ჰოდა, მეც Spice Girls-ის ჰიტი Wannabe დავამღერე. მახსოვს, მამაჩემმა როგორ ჩამალა სახე ხელებში. როლი ვერ მივიღე, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უკეთესიც იყო. მამაჩემმა მითხრა, ძალიან გამიჭირდებოდა გაზეთებში შენზე ცუდის წაკითხვაო.
ამის მიუხედავად, არ დავნებებულვარ: სკოლის დადგმებში სხვადასხვა მნიშვნელოვან როლს ვასრულებდი. სწავლა რომ დავასრულე, ერთწლიანი შესვენება ავიღე, მიმტანად დავიწყე მუშაობა და აზიაში ვიმოგზაურე. შემდეგ ლონდონის თეატრალურ სკოლაში დავიწყე სწავლა და ბევრი პროფესიული უნარ-ჩვევაც გამომიმუშავდა. თუმცა, ქალის მთავარ როლებს არასდროს მაძლევდნენ - ისინი ყოველთვის მაღალ, მოხდენილ და ქერა გოგოებს ერგებოდათ ხოლმე. სამაგიეროდ, მე ებრაელ დედას ვანსახიერებდი. უნდა მოგესმინათ ჩემი ბრონქსული აქცენტი! სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარ თავს დავპირდი, რომ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ღირებულ როლებს დავთანხმდებოდი. ქირა რომ მეხადა, ვმუშაობდი პაბში, სატელეფონო ცენტრში - ოპერატორად და რაღაც უცნაურ მუზეუმშიც კი, სადაც ხალხს ვეუბნებოდი, რომ ტუალეტი მარჯვენა მხარეს იყო. დრო გადიოდა, მაგრამ მე მაინც ჯიუტად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ერთი წლის განმავლობაში არც ერთ ცუდ სპექტაკლში არ მივიღებდი მონაწილეობას.
2010 წლის გაზაფხულზე ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ლონდონში HBO ახალი სერიალის კასტინგს მართავდა. GOT-ის საპილოტე ვერსია დაეწუნებინათ და ზოგი მსახიობის გადარჩევა სურდათ, მათ შორის დეინერისის - მომაჯადოებელი, მისტიკური, თეთრთმიანი ქალის. მე დაბალი ვარ და ხვეული მუქი თმა მაქვს. მერე რა! მაინც მოვემზადე კასტინგისთვის. ძალიან უცნაური სცენების სიტყვები დავიზეპირე: პირველი - მეოთხე ეპიზოდიდან იყო, სადაც ჩემი ძმა მირტყამს, და მეორე - მეათე ეპიზოდიდან, სადაც ცეცხლში შევდივარ და უვნებელი ვრჩები.
იმ დღეებში ვფიქრობდი, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. ხანდახან თავი წამომტკივდებოდა და ეგ იყო - მაშინ ამას დაბალ წნევას ვაბრალებდი. ერთხელ თავბრუც დამეხვა და გონება დავკარგე. თოთხმეტის რომ ვიყავი, საშინელი თავის ტკივილის გამო საწოლში მწოლიარემ დღეები გავატარე, დრამის სკოლაში სწავლისას კი დროგამოშვებით მიმდიოდა გული. მაინც არაფერი მიეჭვია, მსახიობის სტრესულ ცხოვრებას ვაბრალებდი. ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ალბათ იმ საშინელი მდგომარეობის გამაფრთხილებელი ნიშნები იყო, რომელიც მალე დამიდგებოდა.
კასტინგის შემდეგ სამეფო კარის თამაშების კითხვა დავიწყე და ოთხ დღეში დამირეკეს კიდეც: ჩემდა გასაოცრად, ყველაფერს არც ისე ცუდად ჩაევლო - სამ კვირაში ლოს-ანჯელესში უნდა გავფრენილიყავი და ამჯერად სცენარისტების წინ მეთამაშა. მაშინვე დავიწყე მომზადება. ბიზნეს-კლასით მაფრინეს, საიდანაც ჩაის ყველა პაკეტი მოვიპარე. სცენაზე გასვლამდე ვცდილობდი, სხვა, მაღალი, ქერა და ლამაზი მსახიობებისთვის ყურადღება არ მიმექცია. ჩაბნელებულ დარბაზში ორი სცენა გავითამაშე და როცა დავასრულე, წამოვაყრანტალე, რამე სხვაც ხომ არ გავაკეთო-მეთქი.
სცენარისტმა დევიდ ბენიოფმა მითხრა: "შეგიძლია, იცეკვო". არ მინდოდა, იმედი გამეცრუებინა და მაშინვე ქათმისა და რობოტის მოძრაობების შესრულება დავიწყე. ახლა რომ ვუფიქრდები, შეიძლებოდა, ამით ყველაფერი გამეფუჭებინა. ნამდვილად არ ვარ კარგი მოცეკვავე.
როცა დარბაზიდან გამოვდიოდი, გამომედევნენ და მითხრეს: "გილოცავთ, პრინცესა!". როლი ჩემი იყო.
ამის გაცნობიერებამ სუნთქვა შემიკრა. მაშინვე სასტუმროში დავბრუნდი, სადაც ვიღაც ადამიანებმა სახურაზე გამართულ წვეულებაზე დამპატიჟეს. უარი ვუთხარი და, სანაცვლოდ, ჩემს ოთახში გამოკეტილმა, ორეოები ვჭამე, Friends-ს ვუყურე და ყველას ჩამოვურეკე, ვისაც კი ვიცნობდი.
პირველი ოპერაციისას ექიმებს ჩემი თავის ქალა არ აუხდიათ, მინიმალური ჩარევით სცადეს პრობლემის მოგვარება: თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის დახმარებით წვრილი სადენით ბარძაყის არტერიიდან გულის გვერდის ავლით ტვინამდე ავიდნენ ანევრიზმის დასახურად.
ოპერაცია სამ საათს გრძელდებოდა და წარმოუდგენელი ტკივილით გავიღვიძე. ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი. პირიდან მილი მქონდა ამოჩრილი და წყურვილისა და გულისრევის გაუსაძლისი შეგრძნება მტანჯავდა. რეანიმაციაში ოთხი დღის განმავლობაში დავრჩი და მომდევნო ორი კვირაც საავადმყოფოში უნდა გამეტარებინა. თუ ოპერაციას გართულებები არ მოყვებოდა, გამოჯანმრთელების დიდი შანსი მქონდა. ერთ ღამეს, როცა ტვინის მდგომარეობა უნდა შეემოწმებინათ, ექთანმა გამაღვიძა და ჩემი სახელი მკითხა. ჩემი სრული სახელია ემილია იზაბელ ეუფემია როუზ კლარკი, მაგრამ იმ მომენტში ვერაფრით გავიხსენე. სანაცვლოდ, პირიდან უაზრო სიტყვები ამომივიდა და პანიკაში ჩავვარდი. ასეთი შიში არასდროს გამომიცდია - თითქოს, მომავალ ცხოვრებას ვემშვიდობებოდი. მე მსახიობი ვარ. სიტყვების დამახსოვრება ჩემი მოვალეობაა. იმ მომენტში კი საკუთარი სახელიც ვერ გავიხსენე.
ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას სამედიცინო ტერმინოლოგიაზე აფაზია ეწოდება - ტვინის ტრავმის გამო მეტყველების უნარის დაქვეითება ან სრულად დაკარგვა. მაშინ, როცა ყოვლად უაზრო სიტყვებს გავიძახდი, დედაჩემი წარმოუდგენელ სიკეთეს იჩენდა - რეაქციას არ გამოხატავდა და ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი იყო სანერვიულო. მაგრამ მე ხომ ვიცოდი, რაც მჭირდა. განსაკუთრებულად მძიმე წუთებში მინდებოდა, ის აპარატი გამომერთო, რომელზეც მიერთებული ვიყავი. ექიმებს ვთხოვდი, ჩემთვის სიკვდილის ნება მოეცათ - ჩემი პროფესია, ჩემი ცხოვრების მთელი ოცნება ენასა და კომუნიკაციაზე იყო დამყარებული, ამის გარეშე კი სიცოცხლეს უბრალოდ აზრი არ ექნებოდა.
კვლავ რეანიმაციის გაყოფილებაში გადამიყვანეს და ერთი კვირის შემდეგ ყველაფერმა ჩაიარა, მეტყველება კვლავ დამიბრუნდა. ამჯერად უკვე მახსოვდა ჩემი სრული სახელი. ჩემ გარშემო საწოლებში კი ისეთი პაციენტები იწვნენ, რომლებიც რეანიმაციიდან ვეღარ გააღწევდნენ. ეს გარემოება გამუდმებით მახსენებდა, რომ მე ძალიან გამიმართლა. ერთი თვის შემდეგ საავადმყოფოდან გამომწერეს და მაშინ ვიგრძენი, როგორ მომნატრებოდა სუფთა ჰაერი და სახლში ბანაობა. მალევე განვახლეე პრესასთან ინტერვიუები და ცოტა ხნის შემდეგ კვლავ დავბრუნდი GOT-ის შემდეგი სეზონის გადაღებებზე.
ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ კლინიკაში ყოფნის დროს გამაფრთხილეს, რომ ტვინის მეორე მხარეს კიდევ ერთი პატარა ანევრიზმა მქონდა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გამსკდარიყო. ექიმების თქმით, ის იმდენად პატარა იყო, რომ ჯერჯერობით საშიში და ზიანის მომტანი არ ჩანდა. უბრალოდ, აუცილებელი იყო მასზე მუდმივი კონტროლი და დაკვირვება. ამასთან ერთად, გამოჯანმრთელების პროცესიც მძიმედ მიმდინარეობდა - თავის ტკივილი ხშირად მაწუხებდა და მუდმივად ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამდი. GOT-ის შემქმნელებს ჩემი მდგომარეობის შესახებ ყველაფერი ვაცნობე, მაგრამ არ მინდოდა, საჯარო ყურადღების ქვეშ მოვქცეულიყავი - შოუ უნდა გაგრძელებულიყო!
სერიალის მეორე სეზონის გადაღებების დაწყებამდეც კი საკუთარი თავის რწმენა დაკარგული მქონდა. თავს იმდენად სუსტად და გამოფიტულად ვგრძნობდი, რომ მეგონა, მოვკვდებოდი. კარგად მახსოვს, ლონდონში გამართული მარკეტინგული ტურის შეხვედრებზე როგორ ვფიქრობდი, რომ არათუ კითხვებზე მომხიბვლელად პასუხი, ხეირიანად ფიქრი და სუნთქვაც კი მიჭირდა. ინტერვიუებს შორის მორფინს ვიღებდი. ტკივილი განუწყვეტელი იყო, დაქანცულობის გრძნობა - აუტანელი. თანაც, რა საჭიროა თავის მოკატუნება - მე მსახიობი ვარ, პატივმოყვარეობა ჩემი პროფესიის ნაწილია. მეც ზედმეტად მეტ დროს ვუთმობდი იმაზე დარდს, თუ როგორ გამოვიყურებოდი. და თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, ტაქსიში ყოველი ჩაჯდომისას თავს ვარტყამდი ხოლმე.
პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ ხალხის რეაქციამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა იმ დროისთვის ძალიან მწირი ცოდნა მქონდა იმაზე, თუ როგორ იზომებოდა წარმატება. მახსოვს, როცა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, IMBD-ის რეიტინგში პირველი ხარო, მე ვუპასუხე, IMBD რა არის-მეთქი.
დუბროვნიკში მეორე სეზონის გადაღებების დაწყებისას ჩემს თავს მუდმივად ვუმეორებდი: მე კარგად ვარ, ჯერ ხომ ასეთი ახალგაზრდა ვარ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. სამუშაოში თავით გადავეშვი, მაგრამ გადაღების პირველივე დღეს სასტუმრომდე ძლივს მივაღწიე და დაღლილობისგან გავითიშე.
გადაღებებზე ყველაფერს ზედმიწევნით ვაკეთებდი, მაგრამ მცირე მცდელობაც კი უდიდესი ძალისხმევის ფასად მიჯდებოდა. სერიალის მეორე სეზონი ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. არც კი ვიცოდი, რას აკეთებდა ჩემი პერსონაჟი, დეინერისი. სიმართლე რომ ვთქვა, ყოველი დღის ყოველ წუთს სიკვდილს ველოდი.
2013 წელს მესამე სეზონის გადაღების დასრულების შემდეგ ბროდვეიზე დავიწყე მუშაობა. ჰოლი გოლაითლის ვთამაშობდი. რეპეტიციები შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ თავიდანვე ცხადი გახდა, რომ სპექტაკლი წარმატებული არ იქნებოდა. სცენაზე სულ ორიოდე თვე ვითამაშეთ.
სანამ სპექტაკლისთვის ნიუ-იორკში ვიყავი, ტვინის სკანირებაზე რეგულარულად დავდიოდი. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ის მეორე ანევრიზმა ზომაში უკვე ორჯერ გაზრდილიყო და ექიმის თქმით, მისთვის უნდა მიმეხედა. დამპირდნენ, რომ იმაზე მარტივი ოპერაცია იქნებოდა, ვიდრე პირველ ჯერზე. ამის გაგებიდან სულ ცოტა ხანში თავი მანჰეტენის კლინიკის მდიდრულად მორთულ, კერძო პალატაში ამოვყავი. ჩემი მშობლებიც აქ იყვნენ და ოპერაციის წინ დამშვიდობებისას მითხრეს, ორ საათში გნახავთო. კიდევ ერთი ოპერაცია, კიდევ ერთი მოგზაურობა არტერიების გავლით ჩემს ტვინში - რა პრობლემაა!
სინამდვილეში, პრობლემა ნამდვილად იყო: როცა გავიღვიძე, ტკივილისგან ვკიოდი. პროცედურა წარუმატებელი აღმოჩნდა და თუ ხელახალ ოპერაციას არ გამიკეთებდნენ, ჩემი გადარჩენის შანსი ძალიან მცირდებოდა. თავში სისხლდენა მქონდა და ამჯერად ძველმოდური ხერხისთვის უნდა მიემართათ - თავის ქალის გაჭრა იყო საჭირო, თანაც სასწრაფოდ.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი გაცილებით მძიმე და მტკივნეული იყო, ვიდრე პირველ ჯერზე. იმაზე საშინელება გამოვიარე, ვიდრე დეინერისს ოდესმე გამოუცდია - თავის გახვრეტას გადავურჩი. დაზიანებული თავის ქალის ნაწილები ტიტანიუმით ჩამინაცვლეს. ჭრილობა, რომელიც თავის ქალიდან ყურამდე მოდის, დღეს შესამჩნევი აღარ არ არის, მაგრამ იმ პერიოდში ამაში დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი. ამასთან, იმის საფრთხეც იყო, რომ ტვინის კოგნიტური ან სენსორული უბნები დამიზიანდებოდა: შეიძლება კონცენტრაცია, მეხსიერება ან პერიფერიული მხედველობა დამეკარგა. დღეს ხშირად ვხუმრობ, რომ ოპერაციის შემდეგ კაცებში გემოვნება გამიუარესდა, მაგრამ მაშინ, რა თქმა უნდა, სულაც არ მქონდა სასაცილოდ საქმე.
საავადმყოფოში ისევ ერთი თვე გავატარე და თითქმის ყველა იმედი გადამეწურა. ვერავის ვუყურებდი თვალებში, მუდმივი შფოთვითა და პანიკური შეტევებით ვიტანჯებოდი. მე ისე გამზარდეს, რომ უსამართლობაზე არასდროს უნდა დამეჩივლა: ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ყოველთვის იყო ვიღაც, ვისაც ჩემზე მეტად უჭირდა. მაგრამ ზედიზედ ორჯერ იმ საშინელების გადატანამ ყველა იმედი და რწმენა დამაკარგვინა. იმდენად რთული პერიოდი გამოვიარე, რომ დეტალების გახსენება ძალიან მიჭირს, ჩემი გონება იმ მოგონებებს ავტომატურად ბლოკავს. თუმცა ის კი მახსოვს, როგორი დარწმუნებული ვიყავი, რომ სიცოცხლის გაგრძელება არ მეწერა. მაშინ ძალიან მეშინოდა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პრესაში გავრცელდებოდა. ასეც მოხდა, ოღონდ მცირე ხნით: ოპერაციიდან ექვსი კვირის თავზე National Enquirer-მა მოკლე სტატია გამოაქვეყნა, რეპორტიორიც დამიკავშირდა დეტალების გადასამოწმებლად, მაგრამ ყველაფერი უარვყავი.
მაგრამ ახლა, ამდენწლიანი დუმილის შემდეგ პირველად გიამბობთ სიმართლეს სრულად. გთხოვთ, დამიჯერეთ: ვიცი, რომ ჩემი შემთხვევა უნიკალური არ არის. უამრავი ადამიანი ჩემზე მეტად იტანჯება და მათ, ჩემგან განსხვავებით, იმაშიც არ გაუმართლათ, რომ შესაბამისი ზრუნვა და მკურნალობა მიეღოთ.
ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სხვა მსახიობებთან ერთად Comic-Con-ზე წავედი სან-დიეგოში. იქ ყველაზე გულმხურვალე ფანები გხვდებიან და შენ, უბრალოდ, არ გინდა, რომ მათ იმედი გაუცრუო. ათასობით ადამიანი მოდის მოსასმენად. მე კი სწორედ კითხვა-პასუხის დაწყების წინ საშინელი თავის ტკივილი დამეწყო. ისევ დამიბრუნდა ის აუტანლად ნაცნობი შიში. ვფიქრობდი, რომ აი, დროც მოვიდა, ორჯერ გავაცურე სიკვდილი, მაგრამ ახლა ვეღარაფერს გავხდები-მეთქი. კულისებში გავედი და ჩემს მენეჯერს ვუთხარი, რაც ხდებოდა, მან კი შემახსენა, რომ MTV-ის ჟურნალისტი უკვე მელოდებოდა ჩასაწერად. ვიფიქრე, თუ ამ ქვეყნიდან მივდივარ, ჯანდაბას, ამას პირდაპირ ეთერში გავაკეთებ-მეთქი.
თუმცა გადავრჩი. MTV-ის ინტერვიუც გადავიტანე და გაცილებით მეტიც. მეორე ოპერაციის მომდევნო წლებში ჩემი განკურნების პროცესის წარმატებამ ჩემს ყველა იმედს გადააჭარბა. ამჟამად, სრულყოფილად ჯანმრთელი ვარ. მსახიობობასთან ერთად ქველმოქმედებაშიც ჩავერთე: SameYou - ასე ეწოდება პროგრამას, რომელიც იმ ადამიანებს ეხმარება გამოჯანმრთელებაში, v ვინც ტვინის სხვადასხვა ტიპის ტრავმა გადაიტანეს. მე უსასრულოდ მადლიერი ვარ დედაჩემის, ჩემი ძმის, ექიმების, ექთნებისა და მეგობრების. ყოველდღე მენატრება მამა, რომელიც 2016 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. სამუდამოდ მადლიერი ვიქნები, რომ ბოლო წამამდე არ გაუშვია ჩემთვის ხელი.
GOT-ის დასრულებაში არის რაღაც გამოუთქმელად სასიამოვნო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვნახო ამ ისტორიის ფინალი და ახალი თავგადასავლის დასაწყისს დაველოდო.
კომენტარები