თბილისი სხვადასხვა დროს ბევრი ფოტოგრაფისა თუ მწერლის შთაგონების წყარო გამხდარა, მათ შორის ნობელიანტი მწერლებისაც, როგორიცაა ჯონ სტაინბეკი, რომელმაც "რუსული დღიურები" დაწერა. მის გვერდით უნდა გავიხსენოთ ანდრე ჟიდიც, რომელმაც ასევე იმოგზაურა თბილისში და შემდეგ სკანდალური წიგნი, "მოგზაურობა საბჭოთა კავშირში" დაწერა. ლიტერატურაში თბილისმა შეძლო თავისი საინტერესო ადგილის დამკვიდრება, მაგრამ მისი არეალი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა.

თბილისი ფოტოხელოვნებაშიც გამორჩეული ქალაქია, რომლის შესახებაც არაერთი ფოტო-წიგნია მომზადებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მათგანი რუსული დღიურებია, რომლის ტექსტიც სტაინბეკმა დაწერა, ფოტოები კი მსოფლიო ფოტოხელოვნების ისტორიაში გამორჩეულმა ფოტოგრაფმა, რობერტ კაპამ დაურთო. ამის შესახებ ჩვენ ერთხელ უკვე მოგიყევით.

წაიკითხეთ:

- რუსული დღიურის კვალდაკვალ - 70 წლის შემდეგ გაცოცხლებული მოგზაურობა;

თბილისის ფოტოოდისეა ამით არ დამთავრებულა. მას შემდეგ კიდევ ბევრი წიგნი დაიწერა მასზე და უამრავი გამოფენაც ჩატარდა. ეს ტრადიცია თიბისისა და თბილისის მერიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ახლაც გრძელდება.

გამოფენა თიბისი გალერეაში

გამოფენა თიბისი გალერეაში

ფოტო: თიბისი

ამჯერად თიბისი გალერეაში ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის Martin Parr Tbilisi პრეზენტაცია შედგა. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, თიბისი გალერეაში ფოტო-გამოფენა "თბილისი მაგნუმის წიგნებშიც" გაიხსნა.


ფოტო: Wikimedia

ვინ არის მარტინ პარი?

მარტინ პარმა ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო მარტინ პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტო Magnum Photos ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახდა.


ბრიტანელი ფოტოგრაფი საქართველოს თბილისის მერიის მოწვევით, 2018 წელს ესტუმრა. ეს მისთვის მესამე ვიზიტი იყო. მისი წიგნი თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა, შემდეგ კი ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან - Prestel Publishing-თან თანამშრომლობით, მიუნხენში გამოიცა.

Martin Parr Tbilisi-ში ფოტოგრაფის მიერ 2009 და 2018 წელს გადაღებული ფოტოები შევიდა, ტექსტი კი ცნობილმა ქართველმა მწერალმა, აკა მორჩილაძემ მოამზადა.

სწორედ ამ ფოტოების ნაწილია გამოფენილი თიბისი გალერეაში. მასთან ერთად, დამთვალიერებლები ნახავენ თბილისში სხვადასხვა დროს გადაღებულ უნიკალურ ფოტოებს, რომლებიც ისეთ ფოტოგრაფებს ეკუთვნით, როგორებიც რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, კარლ დე კეიზერი, ინგ მორატი, თომას დვორჟაკი და პაოლო პელეგრინი არიან.

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

"დღეს თიბისი გალერეა მასპინძლობს უნიკალურ გამოფენას, სადაც გამოფენილია უდიდესი ფოტოგრაფების ნამუშევრები თბილისის შესახებ. მათ შორის არის მარტინ პარის უახლესი ფოტოები, რომელიც ფოტოგრაფმა გასულ წელს და 2009 წელს გადაიღო ჩვენს დედაქალაქში. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს და თბილისის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და თიბისი მოხარულია, რომ ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული", - ამბობს თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, ალექსანდრე მაყაშვილი.

ფოტო: თიბისი

ფოტო: თიბისი

ფოტოები, რომელიც მარტინ პარიმ გადაიღო, პირველად ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე გამოიფინა.

"ამ ფოტოების ნაწილი, რომელიც აქ არის გამოფენილი, წარმოდგენილი იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც. თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის თბილისი სწორედ Magnum Photos ფოტოგრაფების მიერ შექმნილი ფოტოებით გაეცნო. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა. 1947 წლიდან მოყოლებული 72 წლის განმავლობაში გადაღებული ყველა მნიშვნელოვანია ფოტოა გამოფენილი აქ და მისი ნახვა ყველას შეუძლია", - გვითხრა თბილისის მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ.

ფოტო: თიბისი

წიგნის პრეზენტაციასა და გამოფენას ესწრებოდა პროექტის დირექტორი, Magnum Photos წარმომადგენელი საქართველოში, ეკა ენუქიძეც.

"გამოფენის უდიდესი სიმდიდრე არის ის არაჩვეულებრივი წიგნები და საერთაშორისო გამოცემები, რომლებშიც თბილისის ფოტოები არის აღმოჩენილი. როგორც ხედავთ, თბილისის შესახებ უამრავი წიგნი არის შექმნილი, წლევანდელი წელი კი ბრიტანელი ლეგენდარული ფოტოგრაფის წიგნით დაგვირგვინდა. მე იმედი მაქვს, რომ თბილისელები ძალიან შეიყვარებენ ამ წიგნს, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით", - თქვა ეკა ენუქიძემ.

პროექტი თბილისის მერიისა და თიბისის თანამშრომლობით განხორციელდა. გამოფენა 27 თებერვლამდე მიიღებს დამთვალიერებლებს, რომლებსაც ფოტოების ნახვა თიბისი გალერეაში შეუძლიათ.