მეცნიერებაში პირველად, ექიმებმა ხელის პროთეზი პირდაპირ ნერვებთან დააკავშირეს
შვედი ექიმები აცხადებენ, რომ პირველად მეცნიერების ისტორიაში მათ ხელის პროთეზი ადამიანის ნერვებს დაუკავშირეს, რამაც პაციენტს პროთეზის საკუთარი ტვინით მართვისა და მისგან წამოსული სიგნალების ცნობიერად აღქმის საშუალება მისცა.
ეს ტექნოლოგია ამჟამად არსებულ პროთეზებთან შედარებით დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამჟამინდელი ტექნოლოგიით ელექტროდები კანის ზედაპირზე თავსდებოდა, რაც ნაკლებად ეფექტიანი და არაზუსტი მეთოდია. ახალი ტექნოლოგიით კი პროთეზების ინტეგრირება ადამიანის სხეულში უფრო მარტივად მოხდება.
შვედეთის ჩალმერის უნივერსიტეტმა და ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Integrum AB-მა ახალი პროთეზი პროექტ DeTOP-ის ფარგლებში შექმნა, რომელიც კიდურის პროთეზების ევროპული კვლევითი პროგრამაა.
ქირურგებმა პროთეზი ქალის წინამხარის ძვლებს ტიტანის იმპლანტებით შეუერთეს. შემდეგ კი მის კუნთებსა და ნერვებს 16 ელექტროდი დაუკავშირეს, რამაც პაციენტს საშუალება მისცა, რომ პროთეზი გონებით ეკონტროლებინა. ფოტოებში ვხედავთ, თუ როგორ იკრავს ქალი თასმებს და როგორ იყენებს ის ლეპტოპს.
“ჩვენი ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ნეირომუსკულარული იმპლანტებია, რომელიც პაციენტს პროთეზის კონტროლის საშუალებას აძლევს, თანაც ისე, რომ მას მოწყობილობისგან უკუკავშირის მიღება, მაგალითად, შეხების შეგრძნობა შეუძლია”, - აცხადებს ჩალმერის უნივერსიტეტის მკვლევარი ორტიზ კატალანი.
ადამიანის ნერვულ სისტემასთან მიერთებული ელექტრონული მოწყობილობები ტექნოლოგიასთან ურთიერთობის სრულად ახალ გზებს გვთავაზობს. მეცნიერების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს პაციენტი, რომელიც კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ ვირტუალურ ხელს მართავს, ეს ნამდვილი პროთეზის მიერთებამდე საჭირო საცდელი რეჟიმია.
ათწლეულების განმავლობაში ფილმებში არსებული კიბორგი კიდურები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრად მოიხსენიებოდა ხოლმე, თუმცა, ეს კვლევა ადასტურებს, რომ ასეთი ტექნოლოგია უკვე არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის.
კომენტარები