ვიდეო: ხომალდმა InSight მარსზე განთავსებულ სეისმომეტრს "ქუდი" დააფარა
NASA-ს ხომალდმა InSight წითელ პლანეტაზე ერთ-ერთ საკვანძო დავალება წარმატებით შეასრულა, მან მარსის ზედაპირზე განთავსებულ სეისმომეტრს თავზე სპეციალური დამცავი დააფარა.
ხომალდი InSight მარსზე ნოემბერში დაეშვა, მან საკუთარი ცხოვრების პირველი რამდენიმე კვირა წითელი პლანეტის ზედაპირზე მისი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის, სეისმომეტრის განთავსებას დაუთმო. ახლა კი, მას შემდეგ, რაც მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ინსტრუმენტი გამართულად მუშაობს, მათ InSight-ს უბრძანეს, რომ სეისმომეტრი მისთვის შექმნილი დამცავი ფარის ქვეშ მოეთავსებინა.
აღნიშნული ფარი ინსტრუმენტს ქარისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისგან დაიცავს, რაც მეცნიერებს უფრო ზუსტი გაზომვების ჩატარების საშუალებას მისცემს.
InSight-ის ერთ-ერთი მიზანი მარსზე მიწისძვრებისა და პატარა მეტეორთა შეჯახებების დაფიქსირებაა. მიღებული ინფორმაციით კი მეცნიერები შეეცდებიან, რომ წითელი პლანეტის შიდა სივრცე აღწერონ.
ინსტრუმენტი, რომელსაც SEIS (Seismic Experiment for Interior Structure) ეწოდება, საფრანგეთშია დამზადებული, თუმცა მისი რამდენიმე კომპონენტი დიდ ბრიტანეთშია შექმნილი.
მას შემდეგ, რაც სეისმომეტრის განთავსების სამუშაოები საბოლოოდ დასრულდება, NASA მუშაობას InSight-ის მეორე მთავარი ინსტრუმენტის, თვით-ჩაჭედებადი სენსორული ბურღის განთავსებაზე დაიწყებს, რომელიც მარსის შინაგან ტემპერატურას გაზომავს.
აღნიშნული ექსპერიმენტი გერმანული წარმომავლობისაა და მას შემოკლებით HP3 ეწოდება. HP3 მარსის ზედაპირიდან ხუთი მეტრის სიღრმეზე ჩააღწევს, მას ხომალდის მექანიკური ხელი ზედაპირზე სავარაუდოდ მომავალ კვირაში განათავსებს.
საბოლოო ჯამში ამ ორი ინსტრუმენტის მიერ შეგროვებული ინფორმაცია გაერთიანდება, რაც მკვლევარებს მარსის უკეთ შესწავლის საშუალებას მისცემს.
კომენტარები