ნამიბიის უდაბნოს ლომებმა წყლის ცხოველების ჭამა დაიწყეს
ნამიბიის უდაბნოს სანაპიროზე მცხოვრებმა ლომებმა უჩვეულო რაციონი აითვისეს.
ახალ კვლევაში აღწერილია, თუ როგორ გადაერთო ნამიბიის უდაბნოს სანაპიროზე მცხოვრები ლომების ორი ოჯახი ახალ რაციონზე, რომელიც ესკლუზიურად ყავისფერი ზღვის კატების, ფლამინგოებისა და ჩვამებისგან (წყლის ფრინველები) შედგება.
The Namibian Journal of Envrionment-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ლომებს 18 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ამ პერიოდში ლომების მიერ მოპოვებული საკვების 86% წყლის ცხოველებისგან შედგებოდა. ამ რაოდენობაში შედის ორი ფლამინგო, 60 ჩვამი და 18 ზღვის კატა.
დაკვირვებისას ასევე აღმოჩნდა, რომ ლომების ნაწილი მიქცევასა და მოქცევას იყენებენ, რათა კიბორჩხალები, ზღვის კუები და მოლუსკები დაიჭირონ, თუმცა ამ ფაქტის ოფიციალურად დადასტურება ჯერ არ მომხდარა.
ნამიბიის აღნიშნული სანაპირო ლომებისათვის ადვილი საცხოვრებელი გარემო არ არის. აქ კლიმატი უაღრესად მშრალია. 1980-იან წლებში კი ფერმერებსა და ლომებს შორის დიდი კონკურენცია წარმოიშვა, რამაც ლომების პოპულაცია კატასტროფულად შეამცირა. ამას ემატება კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი რესურსების განადგურებაც.
თუმცა, 2002 წელს ლომების პოპულაციამ მოულოდნელი გამრავლება დაიწყო, მეცნიერების აზრით კი, მათ ამ მატების მიზეზს მიაგნეს.
ლომების მიერ სელაპების საკვებად გამოყენების ფაქტები პირველად 2006 წელს დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ეს ის ერთეული შემთხვევები იყო, როდესაც ლომები ზებრების, ანტილოპებისა და კამეჩების დაჭერას ვერ ახერხებდნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, წყლის ცხოველები ლომების რაციონის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე ცნობილი ერთადერთი მიწაზე მცხოვრები მტაცებელი, რომელიც საკვებად სელაპებს იყენებს, თეთრი დათვია. მეცნიერების თქმით, ნამიბიის სანაპიროებს სელაპები გასამრავლებლად იყენებენ და როგორც აღმოჩნდა, ლომებმა ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენება ისწავლეს.
თუმცა, ეს მსგავსი ფაქტის დაფიქსირების პირველი შემთხვევა არ არის, მაგალითად, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ქვემო კალიფორნიის მშრალ რეგიონებში მცხოვრები კოიოტები საკვებად ზოგჯერ წყლის კუებს, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებს იყენებენ.
კომენტარები