ყველაფერი, რაც წითელას შესახებ უნდა იცოდეთ
წითელა ძლიერად გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელსაც წითელას ვირუსი იწვევს. 1963 წელს ვაქცინის გამოჩენამდე და მოსახლეობის მასიურ ვაქცინაციამდე წითელას ფართომასშტაბიანი ეპიდემიები თავს ყოველ რამდენიმე წელიწადში იჩენდა. წითელათი კი ყოველწლიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპებოდა. თუმცა, ადვილად ხელმისაწვდომი ვაქცინის არსებობის მიუხედავად 2017 წელს წითელათი 110 000 ადამიანი მაინც დაიღუპა - უმეტესობა მათგანი კი განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები 5 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ.
წითელას ვირუსი პარამიქსოვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება და ის, როგორც წესი, ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ვირუსი თავდაპირველად სასუნთქ გზებს აინფიცირებს, შემდეგ კი ის მთელ სხეულში ვრცელდება. წითელა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებში გვხვდება.
მეცნიერთა ვარაუდით წითელას ვირუსი ქრისტესშობიდან დაახლოებით 500 წლის შემდეგ გაჩნდა. წითელას პირველი აღწერა 860-932 წლებში მცხოვრებ სპარს მეცნიერს, ექიმს, ალქიმიკოსსა და ფილოსოფოსს, აბუ ბაქ მუჰამად არ-რაზიმს ეკუთვნის. ამჟამინდელი ვარაუდით, წითელა რქოსანი საქონლის ჭირის ევოლუციის შედეგია.
აქტიურმა იმუნიზაციამ წითელათი გამოწვეული სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა. 2000-დან 2017 წლამდე წითელას ვაქცინაციამ დაღუპვას 21,1 მილიონი ადამიანი გადაარჩინა.
წითელას ერთ-ერთი პირველი სიმპტომი მაღალი სიცხეა, რომელიც ვირუსთან კონტაქტის შემდეგ 10-12 დღეში ვლინდება. ასევე ვითარდება სურდო, ხველა და გამონაყარი პირის ღრუში. რამდენიმე დღის შემდეგ კი გამონაყარი სახეზეც ჩნდება, შემდეგ კი ის მთელ სხეულზე ვრცელდება. გამონაყარი 5-6 დღის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ კი ნელ-ნელა ქრება. საშუალოდ, გამონაყარი ვირუსთან კონტაქტის შემდეგ 14 დღეში იჩენს ხოლმე თავს.
წითელას რისკის ჯგუფში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები და 30 წელს გადაცილებული მოზარდები შედიან და გართულებებიც ყველაზე მეტად სწორედ მათთვისაა დამახასიათებელი. ასევე საფრთხის ქვეშ არიან ორსულები. ორსულობისას წითელას ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება.
უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს წითელას მკურნალობის სპეციფიკური მეთოდი. დაავადებისას აუცილებელია, რომ ადამიანი ადეკვატურად იკვებოს და მიიღოს საჭირო რაოდენობის სითხე, რათა გართულებების განვითარების შანსი შემცირდეს.
წითელას პრევენციის ერთადერთი ეფექტური გზა ვაქცინაციაა. წითელას ვაქცინა მსოფლიოში 50 წელიწადზე მეტია გამოიყენება, ის უსაფრთხო, ეფექტური და ადვილად ხელმისაწვდომია.
რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღის დღევანდელი ერთ-ერთი თემა სწორედ წითელა იყო.
კომენტარები