ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ როდესაც მთვარეს უყურებთ, თქვენ ყოველთვის მისი ზედაპირის ერთი და იგივე მხარეს ხედავთ. ესაა ერთი და იგივე კრატერები და "ზღვები". ტელესკოპით ან ბინოკლით მთვარის ზედაპირის უფრო პატარა დეტალების გარჩევასაც კი შეძლებთ, მაგრამ როგორც არ უნდა შეხედოთ მთვარეს, თქვენ მხოლოდ მის ერთ მხარეს ხედავთ. სად იმალება მთვარის მეორე მხარე?

"მთვარის ბნელი მხარე" გავრცელებული ტერმინია, რომლითაც მთვარის იმ მხარეს მოიხსენიებენ ხოლმე, რომელიც დედამიწიდან არ ჩანს. აღნიშნულმა ტერმინმა შესაძლოა შეცდომაშიც კი შეგვიყვანოს და გვაფიქრებინოს, რომ მთვარის ამ მხარეს მუდმივი სიბნელეა. ამის გამო ამ ტერმინს მრავალი შეთქმულების თეორია უკავშირდება.

Pink Floyd-ის 1973 წელს გამოშვებული ალბომის გარდა, შეიძლება ისიც მოგისმენიათ, რომ მთვარის ბნელ მხარეს უცხოპლანეტელების საიდუმლო ბაზები და ვარსკვლავთშორისი ხომალდები იმალება, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

რატომ ვერ ვხედავთ მთვარის შორეულ მხარეს?

საქმე ისაა, რომ დედამიწასა და მთვარეს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, რაც მთვარის სპეციფიკური ორბიტით გამოიხატება. მთვარეს დედამიწის გარშემო ერთი ბრუნის შესასრულებლად 28 დღე სჭირდება, თუ იცით კიდევ რისთვის სჭირდება მთვარეს 28 დღე? — საკუთარი ღერძის გარშემო ერთი ბრუნის გასაკეთებლად.

ამის შედეგი კი ისაა, რომ მთვარე დედამიწისკენ მუდმივად ერთი მხარით არის მოქცეული.

ამ ყველაფრის უფრო ადვილად აღქმა ქვემოთ მოცემული სურათის საშუალებით შეიძლება. მთვარის მიერ დატოვებული კვალი დედამიწის გარშემო ბრუნვას ასახავს, ხოლო მთვარის გარშემო პატარა ისრით წარმოქმნილი წრე კი მთვარის მიერ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვას აღნიშნავს.

ფოტო: MinuteEarth / Youtube

ასეთი ორბიტები მზის სისტემაში სხვაგანაც გვხვდება, მაგალითად, მსგავსი ურთიერთობა აქვთ ჯუჯა პლანეტა პლუტონსა და მის მთვარეს ქარონს.

"ბნელი" მხარე თუ შორეული მხარე?

მთვარის ტრანზიტი დედამიწის გასწვრივ

მთვარის ტრანზიტი დედამიწის გასწვრივ

ფოტო: NASA/EPIC

ტერმინი "მთვარის ბნელი მხარე" პრობლემურია, რადგან ის გულისხმობს იმას, რომ მთვარის ერთი მხარე მუდმივ სიბნელეშია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. დედამიწის მსგავსად, დღე-ღამის ციკლი მთვარესაც გააჩნია. მთვარის იმ მხარეზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ხან დღეა და ხან ღამე. სწორედ ამით არის განპირობებული მთვარის ფაზები.

ამის გამო მეცნიერები მთვარის ამ მხარეს "ბნელის" ნაცვლად "შორეულით" მოიხსენიებენ, რადგან ეს ტერმინი რეალობასთან უფრო ახლოს არის.

შესწავლა

მთვარის ბნელი მხარის პირველი ფოტო

მთვარის ბნელი მხარის პირველი ფოტო

ფოტო: OKB-1

1950-იან წლებამდე მთვარის შორეული მხარის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იყო ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ორბიტალური რყევების გამო პერიოდულად დედამიწიდან მთვარის ზედაპირის უფრო დიდი ნაწილის დანახვაა შესაძლებელი, თუმცა ამის გამოყენება და რეალური დაკვირვებების ჩატარება ვერ ხერხდებოდა. ამის გამო ისტორიის განმავლობაში მთვარის შორეული მხარის შესახებ უამრავი სპეკულაცია და მითქმა-მოთქმა არსებობდა.

Apollo 17-ის ასტრონავტების მიერ გადაღებული ფოტო

Apollo 17-ის ასტრონავტების მიერ გადაღებული ფოტო

ფოტო: NASA

1959 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაშვებულმა ხომალდმა Luna 3-მა მთვარის შორეული მხარის პირველი ფოტოები გადაიღო. 1960 წლის 6 ნოემბერს კი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ მთვარის შორეული მხარის პირველი რუკა გამოსცა. 1965 წელს მთვარის შორეული მხარე საბჭოთა ხომალდმა Zond 3-მა შეისწავლა, რომელმაც მთვარეს მაღალი გარჩევადობის ფოტოები გადაუღო.

მთვარის შორეული მხარის პირველი დეტალური რუკები კი NASA-ს Lunar Orbiter Program-ის ფარგლებში, 1966-დან 1967 წლამდე შეიქმნა.

მთვარის შორეული მხარე ადამიანებმა საკუთარი თვალებით პირველად 1968 წელს, Apollo 8-ის მისიის ფარგლებში ნახეს.

მეცნიერება

მთვარის შორეული მხარე დედამიწაზე წარმოქმნილი რადიოტალღებისგან იზოლირებულია, რაც მას რადიოტელესკოპების გასანთავსებლად იდეალურ ადგილად აქცევს. მთვარის შორეულ მხარეს უამრავი კრატერია, რომლებიც ისეთივე რადიოტელესკოპების გასანთავსებლად გამოდგება, როგორიც, მაგალითად, დედამიწაზე არსებული არესიბოს ტელესკოპია.

რადგანაც მთვარის "ახლო მხარე" მზიური ქარისგან დედამიწით ნაწილობრივ დაცულია, მიჩნეულია, რომ მთვარის შორეულ მხარეს უფრო დიდი რაოდენობით ჰელიუმ-3 უნდა მოიპოვებოდეს, რომელიც იქ მზიური ქარის მეშვეობით ხვდება. ჰელიუმის ეს იზოტოპი დედამიწაზე იშვიათად გვხვდება, მისი გამოყენება კი ბირთვული რეაქტორების საწვავად შეიძლება.

გეოლოგია

მთვარის შორეული მხარე

მთვარის შორეული მხარე

ფოტო: NASA / Apollo 16

მთვარის ჩვენკენ მოქცეული მხარე დიდწილად ზღვებითაა დაფარული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მთვარის ზღვები, რეალურად, არა ზღვები, არამედ მშრალი ვაკეებია, რომლებიც უძველესი ვულკანური ამოფრქვევების შედეგად არის წარმოქმნილი. თუმცა, ამ რეგიონებს პირველმა ასტრონომებმა ზღვები შეარქვეს, რადგან მათ ეგონათ, რომ ეს ადგილები წყლით იყო დაფარული.

მთვარის უხილავ მხარეს ზღვები პრაქტიკულად არ გვხვდება, სანაცვლოდ, იქ ძალიან ბევრი კრატერია. მთვარის უხილავ მხარეს გვხვდება ეიტკენის აუზი, რომელიც მზის სისტემაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ძველი და ღრმა აუზია.

სტატიის დასასრულს კი იაპონური ხომალდის, KAGUYA-ს მიერ 2008 წლის 5 აპრილს გადაღებულ ვიდეოს წარმოგიდგენთ, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ამოდის დედამიწა მთვარის ჰორიზონტზე. ვიდეო იმდენად უცნაურად გამოიყურება, შეიძლება იფიქროთ, რომ ის კომპიუტერული გრაფიკით არის შექმნილი, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთვარეს ატმოსფერო არ აქვს, ვიდეოს უცნაური შესახედაობაც სწორედ ამის შედეგია.