ხომალდი New Horizons ახალი წლის ღამეს მზის სისტემის შორეულ ობიექტს შეისწავლის
NASA-ს ხომალდი New Horizons ახალი წლის ღამეს კოიპერის სარტყელის ერთ-ერთ ობიექტს ჩაუფრენს, რომელიც ყველაზე დაშორებული ობიექტი გახდება, რომელიც კაცობრიობამ ახლოდან შეისწავლა.
ობიექტის სახელია Ultima Thule (2014 MU69) და ის დედამიწიდან 6.6 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული. ობიექტი მეცნიერებმა 2014 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ხომალდ New Horizons-ისთვის ახალ პოტენციურ სამიზნეებს ეძებდნენ.
New Horizons-მა დედამიწა უკვე 13 წელია დატოვა, 2015 წელს კი ის გახდა პირველი ხომალდი, რომელმაც პლუტონი ახლოდან შეისწავლა. პლუტონთან შეხვედრის შემდეგ ხომალდმა გზა გააგრძელა და სამი წლის შემდეგ ის თავის ახალ სამიზნესთან შესახვედრად მზადაა.
Ultima Thule სიგანეში სულ რაღაც 30 კილომეტრია, მისი დიამეტრი პლუტონის დიამეტრის 2 პროცენტია, ამის გამო მასთან მიახლოება მარტივი არ ყოფილა.
"ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პლუტონთან შეხვედრა. პატარა ზომის გამო ობიექტი ძალიან მკრთალია", - აცხადებს მისიის ხელმძღვანელი ალან სტერნი.
ინჟინრებს ki სწორი ტრაექტორიის შესარჩევად მხოლოდ ოთხი წელი ჰქონდათ.
ადვილი არც ობიექტის შესწავლაა, მისთვის სურათის გადაღება სწრაფად მოძრავი მანქანიდან გზის პირას მყოფი ბუზისთვის სურათის გადაღებას ჰგავს, თანაც, მზისგან დაშორების გამო ობიექტი დიდწილად ჩაბნელებულია.
თუმცა, დაბრკოლებები აქ არ მთავრდება. უკვე 13 წელი გავიდა, რაც ხომალდი გაეშვა, ამის გამო მისი ელემენტები, რომელიც რადიოაქტიურ პლუტონიუმზეა დაფუძნებული საკმარის ენერგიას ვეღარ გამოიმუშავებს. ამის გამო მეცნიერებმა დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიონ ის ინსტრუმენტები, რომელთა ჩართვასაც გადაწყვეტენ. სტერნის თქმით, ამჟამად ხომალდს ერთდროულად მხოლოდ სამი ნათურის ასანთებად საჭირო ენერგიის გამომუშავება შეუძლია.
არსებობს საფრთხე, რომ ობიექტის გარშემო ქვები, მტვერი ან რგოლებიც კი იყოს. ეს კი ხომალდისთვის ძალიან სახიფათოა.
"თუ ობიექტის გარშემო მტვერი და ქვებია, ამან შეიძლება ხომალდი გააადგუროს. New Horizons-ის გასანადგურებლად საკმარისია, რომ ის ბრინჯის მარცვლის ზომის სხეულს შეეჯახოს. თუ ახალი წლის დილას ხომალდიდან სიგნალს ვერ მივიღებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს მოხდა", - აცხადებს სტერნი.
თუმცა, თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, 2019 წლის პირველ დღეებში New Horizons-იდან მნიშვნელოვან ინფორმაციას მივიღებთ, მათ შორის ფოტოებსაც.
ახალი ფოტოები პლუტონის ფოტოებთან შედარებით ბევრად უფრო მკვეთრი იქნება, რადგან ხომალდი Ultima Thule-სთან სამჯერ უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ის პლუტონთან იყო. თუმცა, თუ ჩვენი ცნობები Ultima Thule-ს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით მცირედით მაინც არის არაზუსტი, ობიექტი შესაძლოა კამერის ობიექტივში არ მოხვდეს, რის შედეგადაც ცარიელ სურათებს მივიღებთ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი ობიექტის შესწავლით ჩვენ მზის სისტემისა და მასში მყოფი პლანეტების ჩამოყალიბების პროცესს უკეთ გავიგებთ.
კომენტარები