არსებობს თუ არა იდეალური ასაკი ბავშვის გასაჩენად? აი, რას ამბობს მეცნიერება
ბოლო ათწლეულებია მშობლების საშუალო ასაკი სტაბილურად იმატებს. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ხელოვნური განაყოფიერებისა და მედიცინის განვითარების წყალობით ჩვენ ახლა სპერმისა და კვერცხუჯრედის გაყინვა უსაზღვრო დროით შეგვიძლია.
Apple, Facebook და Google თავის თანამშრომლებს სასქესო უჯრედების გაყინვის სერვისს უკვე სთავზობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ყოლის გადადება ასეთი მარტივი და მისაღები არასდროს ყოფილა, მაგრამ რა ასაკამდე არის ორსულობის გადადება მიზანშეწონილი?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სამი რამ არის გასათვალისწინებელი. იქნება თუ არა თქვენი ბავშვი ჯანმრთელი? შეძლებთ თუ არა დაორსულებას? რა თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული?
ცნობილია, რომ ბავშვებს, რომელთა დედების ასაკი 35-ს, ხოლო მამების 45-ს სცდება, ისეთი გენეტიკური და ნეიროგანვითარების დარღვევების მომატებული რისკი აქვთ, როგორიც არის შიზოფრენია და აუტიზმი, ეს ბავშვის ცხოვრების ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს. მშობლები კი მორალურად ვალდებულნი არიან, რომ ბავშვს მაქსიმალურად კარგი გარემო შეუქმნან.
ასევე ცნობილია, რომ უფროს მშობლებს ხელოვნური განაყოფიერება უფრო ხშირად სჭირდებათ, რაც თავისხმრივ ისეთ გართულებებთან არის დაკავშირებული, როგორიც არის, მაგალითად, ნაადრევი მშობიარობა. ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს ხშირად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მეტაბოლური დარღვევები აწუხებთ.
თუ მშობლები კვერცხუჯრედსა და სპერმატოზოიდს გაყინვის გზით შეინახავენ, ამით მათ ასაკით გამოწვეული რისკების თავიდან არიდება შეუძლიათ, თუმცა ხელოვნური განაყოფიერებით გამოწვეული რისკები კვლავ რჩება.
ხელოვნური განაყოფიერების დროს ზოგჯერ საჭირო ხდება კვერცხუჯრედში სპერმის ხელოვნურად მოთავსება (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია), რაც ჩანასახში დეფექტების განვითარების რისკს კიდევ უფრო ზრდის.
აღნიშნულ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგვიძლია სტატისტიკას გადავხედოთ.
წყვილების უმეტესობა ერთი წლის შემდეგ წარმატებულ განაყოფიერებას აღწევს, თუმცა შვიდიდან ერთ წყვილს რეპროდუქციასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება - ასაკი კი ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს.
35-დან 39 წლამდე მყოფი ქალების დაახლოებით 16 პროცენტი ერთი წლის განმავლობაში დაორსულებას ვერ ახერხებს, ხოლო თუ მათი პარტნიორი 40 წელს გადაცილებულია, რისკი დაახლოებით 66 პროცენტამდე იმატებს.
ბევრს ავიწყდება, რომ ასაკი ხელოვნურ განაყოფიერებაზეც დიდ გავლენას ახდენს. საკუთარი კვერცხუჯრედების გამოყენებისას, თუ ქალი 40 წელს არის გადაცილებული, პროცედურის წარმატებით განხორციელების შანსი 10 პროცენტზე ნაკლებია.
თუ 30 წლის ქალი ბავშვის ყოლას 35 წლამდე გადადებს, მისი დაორსულების შანსი 9 პროცენტით იკლებს, ხელოვნური განაყოფიერება კი 9-დან მხოლოდ 4 პროცენტს აკომპენსირებს.
კვერცხუჯრედების გაყინვა კარგი იდეაა, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად საკმარისი რაოდენობის კვერცხუჯრედების გაყინვა უფრო რთული და ძვირი ხდება. ხელოვნური განაყოფიერება ნამდვილად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ასევე დიდ ფინანსებს მოითხოვს ბავშვის გაჩენა და გაზრდაც.
ეკონომიკაში ხშირად განიხილება - თუ რა გავლენა აქვს ბავშვის გაჩენას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. გარკვეული კვლევები მიუთითებს, რომ 30-35 წლის ასაკში დაორსულება შესაძლოა ფინანსურად უფრო მომგებიანი იყოს. საბოლოო ჯამში, ბავშვის გაჩენა შემოსავლის კლებასთან, როგორც წესი, ყოველთვის არის ასოცირებული.
ამ ინფორმაციის შეჯამებისა და რისკების გათვალისწინებით, ქალებისთვის რეპროდუქციის ოპტიმალური ასაკი 35 წლამდეა, ხოლო კაცებისთვის კი 40 წლამდე.
ახალგაზრდების 75 პროცენტზე მეტი რეპროდუქციის უნარზე ასაკის გავლენას სათანადოდ ვერ აფასებს, აღნიშნულ საკითხს დიდ ყურადღებას არც ექიმები უთმობენ. ექსპერტების თქმით, აუცილებელია, რომ საზოგადოება აღიშნული რისკების შესახებ კარგად იყოს ინფორმირებული.
კომენტარები