შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი კანონპროექტის მიხედვით, მანქანის მართვა მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ამავდროულად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისთვის მხოლოდ სანქციაა გათვალისწინებული.

სანქციები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვის შემთხვევაში

ამ ეტაპზე უცნობია რა ტიპის სასჯელს გაითვალისწინებს სს კოდექსი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მართვაზე, თუმცა ცნობილია, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირს მართვის უფლებას 6 თვით ართმევენ.

იგივე მიზეზით 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირებს მართვის უფლებას ერთმევათ 1 წლის ვადით. ხოლო ის პირები, ვისაც მეორედ გააჩერებენ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის დაჯარიმდებიან 700 ლარით და 1 წლის ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა.

საქართველოს კანონმდებლობით, ნასამართლევ პირებს დამატებითი შეზღუდვებიც უწესდებათ. კანონის ინიცირების შემდეგ გახდება ცნობილი რა შეზღუდვებს დაუწესებს სახელმწიფო მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის გასამართლებულებს.

როგორ აქვეითებს მართვის უნარებს ალკოჰოლი და მარიხუანა

ნარკოლოგები თანხმდებიან, რომ როგორც ალკოჰოლის ასევე მარიხუანის მოხმარება მართვის უნარებს თანაბრად აქვეითებს. მათი განცხადებით, ორივე ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მძღოლი საფრთხისშემცველია.

იმის დასადგენად თუ რა სხვაობაა ალკოჰოლითა და მარიხუანის თრობას შორის On.ge ნარკოლოგებს გაესაუბრა.

მძიმე ხარისხის თრობა ალკოჰოლით უფრო შესაძლებელია, ვიდრე — მარიხუანით

ნარკოლოგი, გვანცა ფირალიშვილი

მედიცინის დოქტორი, ნარკოლოგი გვანცა ფირალიშვილი

ფირალიშვილი ამბობს, რომ როგორც ალკოჰოლით ასევე მარიხუანით თრობა აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციას და რეაქციის სისწრაფეს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

"სიმთვრალის ხარისხსაც გააჩნია, რაც უფრო მაღალი არის ალკოჰოლით სიმთვრალის ხარისხი, მით უფრო მეტი არის ავარიული სიტუაციის შექმნის ალბათობა. მარიხუანის მოხმარებაც საფრთხისშემცველია. მარიხუანამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, არ არის ცალსახა, მაგრამ შესაძლოა, მოყვეს ჰალუცინაციები", — აცხადებს ფირალიშვილი.

ნარკოლოგის განმარტებით, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ცნობიერების არევამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე ალკოჰოლის მსუბუქი ხარისხით თრობამ. თუმცა, მისივე თქმით, მძიმე ხარისხის თრობა ალკოჰოლით უფრო შესაძლებელია, ვიდრე მარიხუანით.

"როგორც წესი, ეიფორიას იწვევს მარიხუანა, მას თერაპიული დერეფანი აქვს მაშინ, როდესაც ალკოჰოლით სიმთვრალის ხარისხი შეიძლება ვერ განსაზღვრო".

ნარკოლოგი თათა ასათიანი

ასათიანი ამბობს, რომ მანქანის მართვა არცერთი ფსიქოაქტიური ნივთიერების თრობის ფონზე არ შეიძლება. მისი განმარტებით, მართვის უნარებზე გავლენა როგორც ალკოჰოლის, ასევე მარიხუანის შემთხვევაში არის თანაბრად საფრთხისშემცველი.

"მარიხუანა იწვევს ყურადღების გაფანტულობას და მოტორული რეაქციების შენელებას, რაც აუცილებელია ადამიანისთვის რომელიც მართავს ავტომობილს.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / Palitra News

თუმცა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ნაკლები ზეგავლენა ნამდვილად არ არის. ამ ფონზე ძალიან დიდია მართვის შემთხვევაში დაზიანების რისკი და კარგი იქნება თუ ამ შემთხვევაშიც თანაბარი იქნება კანონი და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანს", - აცხადებს ასათიანი.

ნარკოლოგის განმარტებით, მარიხუანას მოხმარების შემდეგ ნახევრადდაშლის პერიოდი გრძელდება დაახლოებით 7 დღის განმავლობაში. მისი თქმით, ეს ნიშავს იმას, რომ იმ ადამიანის ტვინი რომელიც მოიხმარს მარიხუანას დაახლოებით კვირაში ორ-სამჯერ ფსიქოაქტიური ნივთიერებისა ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. მისი აზრით, აქედან გამომდინარე მკაცრი შეზღუდვა აუცილებელია.

ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია

ამ საკითხზე ნარკოლოგი დავით ვადაჭკორიაც იმავე აზრზეა. მისი თქმით, ორივე ნივთიერების თრობის ქვეშ მანქანის მართვა სახიფათოა და ორივემ შეიძლება გამოწივიოს ავტოსატრანსპორტო შემთხვევა.

გაურკვეველია რით ასაბუთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ფაქტს, რომ სასჯელი განსხვავებული იქნება, როცა ორივემ თანაბარი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს

ნარკოლოგი, დავით ვადაჭკორია

ფოტო: კადრი ვიდეოდან / იმედი

ნარკოლოგი ფიქრობს, რომ მსგავსი მიდგომის მიზანი არის ის, რომ შემცირდეს და მკაცრად გაკონტროლდეს მარიხუანას მოხმარება, რაც ლეგალური ერთი თვის წინ გახდა.

"შეიძლება ერთ შემთხვევაში ალკოჰოლმა უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, მეორე შემთხვევაში კი მარიხუანის მოხმარებამ. კატეგორიულად იმის თქმა, რომელი უფრო მძიმე შეიძლება იყოს რთულია. რა დასაბუთებაა, რომ ერთი სსკ კოდექსით ისჯება და მეორე ადმინისტრაციული სასჯელით?" — აცხადებს ვადაჭკორია.

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელიც გააუქმა. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ უმსჯელია მარიხუანის მოპოვების გზებზე. შესაბამისად, შეძენა-შენახვა-კულტივაცია და რეალიზაცია კვლავ დასჯადი რჩება.