თიბისი ბანკის 25 წელი საქართველოსთან ერთად - ფაქტები
00წაკითხვა00კომენტარი00გაზიარება
2017 წელი თიბისი ბანკისთვის განსაკუთრებულია, 17 დეკემბერს თიბისი 25 წლის გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში უამრავი რამ შეიცვალა, მათ შორის ფინანსური სისტემა და საბანკო მომსახურება. გარდა პროფილით განსაზღვრული საქმიანობისა, ამ წლების განმავლობაში თიბისი ბანკი აქტიურად იყო ჩართული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში, საქველმოქმედო თუ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში.
25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი წიგნს გამოსცემს, სადაც კომპანიის ისტორია და მის მიერ განხორციელებული პროექტები იქნება წარმოდგენილი. წიგნი უახლოეს დღეებში წარედგინება საზოგადოებას, მანამდე კი, მოკლედ გადავავლოთ თვალი თიბისი ბანკისა და საქართველოს ისტორიის უახლოეს წარსულს.
1. 1992 წლის 17 დეკემბერს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკი დაფუძნდა, რომლის საწესდებო კაპიტალი 500 აშშ დოლარს შეადგენდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე 300-მდე ბანკი დარეგისტრირდა, თუმცა ათი წლის შემდეგ, მათგან მხოლოდ თიბისი ბანკი არსებობდა.
2. თიბისი ბანკის პირველი მმართველი გუნდი 1993 წელს შეიკრიბა. მაშინ ბანკის პოლიტიკა პრინციპულად იყო განსაზღვრული, რომლის მიხედვითაც, კომპანია საბჭოთა ბიუროკრატების ნაცვლად, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს ასაქმებდა. სწორედ ამ წელს, თიბისი ბანკმა პირველად დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება.
3. 1997 წელს გაიხსნა მსოფლიო ბანკის პირველი საკრედიტო ხაზი, რომლის მოცულობაც 1 მლნ აშშ დოლარი იყო. სწორედ ამ დროს, თიბისი ბანკმა გამოუშვა პირველი სადებიტო ბარათი, გაიხსნა IFO საკრედიტო ხაზი, რომლის მოცულობაც 8 მლნ აშშ დოლარი იყო.
4. შექმნიდან 7 წლის შემდეგ, თიბისი ბანკის საერთო კაპიტალი 11 მლნ ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, ბანკს 14 მლნ აშშ დოლარის ოდენობის რესურსი ჰქონდა მოზიდული. ამ დროს, ბანკის თანამშრომლების რაოდენობა 144 ადამიანს ითვლიდა.
5. ბანკის დაფუძნებიდან 10 წლის თავზე კომპანია თბილისის მასშტაბით 8 ფილიალს ფლობდა. ამავე წელს თიბისი ბანკი, ფინანსური მაჩვენებლით, საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკი ხდება. ამასთან ერთად, ბანკმა საქველმოქმედო პროექტებში 820 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
6. 2003 წელს თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი საბა დააარსა, რომელიც თანამედროვე ქართველ მწერლებს ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციებში აჯილდოვებს.
7. 2004 წელს თიბისი ბანკი ფოტოკონკურს ქოლგას პარტნიორი გახდა. ქოლგა და თიბისი ბანკი 13 წელია თანამშრომლობენ და ერთობლივი ძალისხმევით, ყოველწლიურად ავლენენ გამარჯვებულებს.
8. 2005 წელს მარჯანიშვილის 7 ნომერში თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისი გაიხსნა. კომპანიამ, ცნობილი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის პროექტით შექმნილი უნიკალური შენობა, 2004 წელს აუქციონზე შეიძინა და მისი რეაბილიტაცია დაიწყო.
9. 2008 წლის ფინანსური კრიზისის ფონზე, თიბისი ბანკი პრობლემებს ღირსეულად უმკლავდება და განვითარებას აგრძელებს. კომპანიამ 2008 წელს 23 ახალი ფილიალი და 3 ახალი სერვისცენტრი გახსნა.
10. ომით დაზარალებულთა დასახმარებლად კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზიარა და საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელშიც პირველი შენატანი 5 მლნ ლარი განახორციელა. ამ ფონდის დახმარებით, სოფელ წეროვანში სკოლა აშენდა, სადაც 2000 ბავშვი იღებს განათლებას.
11. 2009 წელს თიბისი ბანკმა ბათუმის ფილიალი გახსნა. 2007 წელს თიბისი ბანკმა აუქციონზე ბათუმის ცენტრალური რკინიგზის შენობა შეიძინა და მას პირვანდელი სახე დაუბრუნა.
12. 2009 წელს თიბისი ბანკის საერთო კაპიტალმა 325 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, მათ მიერ მოზიდული რესურსი 440 მლნ აშშ დოლარს უდრიდა. 2009 წლისთვის თიბისი ბანკის თანამშრომლების რაოდენობა 2264 ადამიანის ტოლი იყო.
13. 2011 წელს კომპანია განვითარებას განაგრძობდა. თიბისი ბანკმა ბანკი კონსტანტას აქციების საკონტროლო პაკეტი იყიდა. ამავე წელს კომპანია ისრაელის ბაზარზე შევიდა და თიბისი ინვესტი დააარსა. EUROMONEY-ის შეფასებით კი, თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა.
14. 2012 წელს თიბისი ბანკის ინიციატივით, კულტურის შესახებ, პირველი ქართული ტელევიზია - არტარეა შეიქმნა. არტარეა ერთადერთი ქართული ტელევიზიაა, რომელიც მთელ საეთერო ბადეს კულტურას, ხელოვნებასა და ქართველ არტისტებს უთმობს.
15. 2011 წელს თიბისი ბანკი, ისტერნ პრომოუშენის მიერ ორგანიზებული, რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენის - შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მეგობარი გახდა.
16. 2012 წელს თიბისი ბანკის სათავო ოფისის მესამე სართულზე არტ გალერეა გაიხსნა. არტ გალერეაში აღიარებული ქართველი და უცხოელი მხატვრების, მოქანდაკეების, ვიზუალური არტისტების ნამუშევრები ხშირადაა გამოფენილი.
17. 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი - Saba.com.ge, სადაც უამრავი წიგნის ელექტრონული ვერსიის ყიდვაა შესაძლებელი.
18. 2014 წელს თიბისი ბანკმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი პროექტი დაიწყო. თიბისი ბანკი ემიგრანტული ლიტერატურის მოძიებასა და საქართველოში ჩამოტანას უწყობს ხელს.
19. 2014 წელი თიბისი ბანკისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა.
20. 2015 წელს თიბისი ბანკმა მასშტაბური კამპანია, #წერექართულად წამოიწყო, რომლის მიზანიც ციფრულ მოწყობილობებში ქართული ენის პოპულარიზაცია გახდა.
21. 2016 წელს დაარსდა პროექტი ბიზნესდაჯილდოება, რომლის სლოგანია #გააზიარეწარმატება. პროექტის მთავარი მიზანი ბიზნესის კეთების პოპულარიზაცია და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერაა.
22. 2016 წელს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადავიდა, სადაც მხოლოდ 15 ბანკია წარმოდგენილი. ამ სიაში ისეთი მსხვილი ინსტიტუციებია, როგორიცაა Lloyds, Barclays და HSBC. 2017 წელს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის, FTSE 250 – წევრი გახდა.
23. 2017 წელს თიბისი ბანკმა პირველი ქართული ჩეტბოტი, თი ბოტი შექმნა, რომელიც მომხმარებლებს მესენჯერიდან გაუსვლელად სთავაზობს საბანკო მომსახურებასა და სხვა მრავალი სახის ინფორმაციას.
24. 2017 წელს თიბისი ბანკის ინიციატივით პეტრე ოცხელის ნამუშევრების რესტავრაცია მოხდა, რომელიც მოგვიანებით თიბისი გალერეაში გამოიფინა.
25. 2017 წლის ბოლოსთვის თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 მილიარდ ლარამდეა. აქტივების მთლიანი რაოდენობა ლარში 12 მილიარდს აღემატება. დღეისთვის თიბისი ბანკს ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი და 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
კომენტარები