პორტუგალიის წარმატებული ნარკოპოლიტიკა. რატომ არ მიბაძა მსოფლიომ?
პორტუგალიაში, 2001 წლის დეკრიმინალიზაციის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა ზედოზირების, აივ/შიდსის გავრცელებისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული კრიმინალის შემთხვევები.
80-იან წლებში, ნარკოტიკების გამოჩენა მძიმე დარტყმა აღმოჩნდა პორტუგალიისთვის. იმ დროისთვის, ყოველი მეათე ადამიანი ჰეროინს მოიხმარდა - ბანკირები, სტუდენტები, დურგლები, საზოგადოების თვალსაჩინო წევრები, მაღაროელები - პორტუგალია პანიკამ მოიცვა.
ალვარო პერეირა ოჯახის ექიმად მუშაობდა სამხრეთ პორტუგალიის ქალაქ ოლანში. მისი თქმით: „ადამიანები ნარკოტიკს პირდაპირ ქუჩაში, საჯარო თავშეყრის ადგილებსა და პარკებში იკეთბდნენ. იმ დროს, დღე ისე არ გავიდოდა, რომ ყაჩაღობა ან ძარცვა არ მომხდარიყო.“
კრიზისი სამხრეთიდან დაიწყო. 80-იან წლებში, მეთევზეთა ქალაქ ოლანში, რომელიც ესპანეთის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარეობს, საკმაოდ წარმატებული პერიოდი იდგა. სანაპირო წყლები, კადისის ყურიდან მოროკომდე, გულუხვად ავსებდნენ მეთევზეთა ბადეებს, ვითარდებოდა ტურიზმი და ფული მთელ სამხრეთ ალგარვის რეგიონში მოედინებოდა. მაგრამ, დეკადის მიწურულს, ოლანის სანაპიროებზე ჰეროინი გამოჩნდა. პერეირას საყვარელი ალგარვეს სანაპირო, თვალის დახამხამებაში იქცა ევროპის ერთ-ერთ ნარკო დედაქალაქად; იმ დროს, ყოველი მეასე პორტუგალიელი ჰეროინზე დამოკიდებულებას ებრძოდა, თუმცა, ეს მონაცემები, ქვეყნის სამხრეთით ბევრად უფრო მაღალი იყო. ადგილობრივი პრესა განგაშით წერდა ზედოზირებით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და გაზრდილ კრიმინალზე. აივ/შიდსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რაოდენობაც, ევროკავშირის მასშტაბით, პორტუგალიაში ფიქსირდებოდა. პერეირა უკან აბრუნებდა მასთან დახმარებისთვის მისულ, სასოწარკვეთილ პაციენტებსა და შეშინებულ ოჯახებს. „ამ ყველაფრის მონაწილე მხოლოდ ჩემი უმეცრების გამო გავხდი“ - იხსენებს იგი.
უმეცრება მართლაც ფართოდ იყო გავრცელებული. ანტონიო სალაზარის მიერ, 1933 წლიდან დამყარებულმა ავტორიტარულმა რეჟიმმა დასცა განათლების დონე, დაასუსტა ინსტიტუციები და შეამცირა სწავლის ხანგრძლივობა სკოლებში, რაც მოსახლეობის მორჩილებაში ყოლის სტრატეგიის ნაწილი იყო. ქვეყანა ჩაკეტა; მოსახლეობამ გამოტოვა 1960-იანი წლების ექსპერიმენტული და ცნობიერების გამაღრმავებელი კულტურა. 1974 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ კი, პორტუგალია მოულოდნელად გაიხსნა ახალი ბაზრებისა და გავლენებისთვის. ძველი რეჟიმის პირობებში კოკა-კოლა აკრძალული იყო, ხოლო სანთებელის პირად საკუთრებაში ქონას სპეციალური ლიცენზია სჭირდებოდა, რის გამოც, ჯერ მარიხუანას, შემდეგ კი ჰეროინის გამოჩენას, ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა.
პერეირა, ნარკოდამოკიდებულების მზარდ ტალღას, მისთვის ნაცნობი ერთადერთი მეთოდით ებრძოდა, ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ პაციენტს იღებდა. სტუდენტს, რომელიც 20 წელზე მეტის იყო და ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, მკურნალობის პროცესში ოჯახის ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდა; ხოლო ცოლისგან მიტოვებული, ქუჩაში მცხოვრები საშუალო ასაკის მამაკაცი, განსხვავებული რისკის ქვეშ იყო და შესაბამისად, განსხვავებული დახმარება ესაჭროებოდა. პერეირამ იმპროვიზაციას მიმართა და დახმარებისთვის ინსტიტუციები და ცალკეული ინდივიდები მოიხმო.
2001 წელს, ორი ათეული წლის შემდეგ, რაც პერეირა შემთხვევით იქცა ნარკოდამოკიდებულების სპეციალისტად, პორტუგალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ყველა სახის უკანონო ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისა და მოხმარების დეკრიმინალიზაცია დაუშვა. შედეგად, დაკავებულ პირს, რომელსაც მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდებოდა, ციხეში გაშვების ნაცვლად, აფრთხილებდნენ, მსუბუქად აჯარიმებდნენ ან ავალდებულებდნენ ადგოლობრივ კომისიასთან წარდგენილიყო. კომისია ექიმის, იურისტისა და სოციალური მუშაკისგან შედგებოდა, რომლებიც აწვდიდნენ ინფორმაციას მათთვის არსებული მკურნალობის, ზიანის შემცირებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ.
ძალიან მალე, ოპიოიდური კრიზისი დასტაბილურდა, შემდგომ წლებში კი, მნიშვნელოვნად შემცირდა პრობლემური ნარკომოხმარება, აივ და ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი, ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობა, ნარკოდანაშაული და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევები. აივ ინფიცირებულთა რიცხვი, 2000 წლის რეკორდული მაჩვენებლიდან, როდესაც მილიონ ადამიანზე 104.2 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, 2015 წელს, 4.2 ახალ შემთხვევამდე ჩამოვიდა. მონაცემები, რომელიც ამ ცვლილებების უკან დგას, ზიანის შემცირების მხარდამჭერმა მოძრაობებმა შეისწავლეს და მტკიცებულებად იყენებენ მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ პოზიტიური შედეგების მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებით ახსნა არასწორი იქნება.
პორტუგალიის ეს შთამბეჭდავი წარმატება, მთავრობის არაერთი შეცვლის გარდა (ეს კონსერვატორ ლიდერებსაც შეეხო, რომლებსაც ნარკოტიკებთან ბრძოლის აშშ-ში არსებული პრაქტიკის დაბრუნება სურდათ), საზოგადოებაში კულტურული ძვრებისა თუ ნარკოტიკულ ნივთიერებებსა და მათზე დამოკიდებულებაზე შეხედულებების ცვლილების გარეშე ვერ მოხდებოდა. საკანონმდებლო ცვლილება, დიდწილად კლინიკებში, აფთიაქებსა და სამზარეულოს მაგიდებთან მიმდინარე ტრანსფორმაციების ანარეკლს წარმოადგენდა. დეკრიმინალიზაციის ოფიციალურმა პოლიტიკამ ბევრად გაამარტივა სოციალური მომსახურებების (ჯანდაცვა, ფსიქიატრია, დასაქმება, კომუნალური სერვისები) გამოცდილებისა და რესურსების გაერთიანება, რათა უკეთესი მომსახურება შეეთავაზებინათ თავიანთი თემებისთვის.
ცვლილება ენამაც განიცადა. იმ ადამიანებისადმი მიმართვა, რომლებიც აგდებულად იწოდებოდნენ „ნარკომანებად“ (პორტ. Drogados) - უფრო სწორი და თანამგრძნობი ტერმინებით ჩანაცვლდა - „ადამიანები რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ“ ან „დამოკიდებულების პრობლემის მქონე ადამიანები“ - რასაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიაში, ოპიოიდური კრიზისის სტაბილიზაციით, პრობლემა არ გამქრალა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებით გამოწვეული სიკვდილიანობა, თავისუფლების აღკვეთის შემთხვევები და ინფექციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, ქვეყანა გრძელვადიანი ნარკომოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უნდა გამკლავებოდა. ისეთი დაავადებები როგორებიცაა: C ჰეპატიტი, ციროზი და ღვიძლის კიბო, ეკონომიკური რეცესიით გამოწვეული შემცირებების ფონზე, განსაკუთრებით მძიმე ტვირთი აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის წარმატებამ საერთაშორისო აღფრთოვანება დაიმსახურა, ნარკომოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ადგილობრივ მხარდამჭერებს, იმედები გაუცრუვდათ, რადგან მათი თვალსაზრისით, დეკრიმინალიზაციის პოლიტიკას სტაგნაცია და უმექმედობა მოჰყვა. მათი კრიტიკის საგანი, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლების უმოქმედობა გახდა: მთავრობა ფეხს ითრევს კონტროლირებული საინექციო და ნარკოტიკების მოხმარების სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით; ვერ განხორციელდა ანტი-ზედოზირების მედიკამენტის, „ნალოქსონის“ საყოველთაო ხელმისაწვდომობა და არ დაინერგა „შპრიცების გაცვლის პროგრამა“. სად გაქრა ის შეუპოვარი შემართება, რამაც ქვეყანას ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია შეაძლებინა? კითხულობენ ისინი.
პანიკის პირველ დღეებში, როდესაც პერეირას საყვარელმა ქალაქმა, ოლანმა, მის თვალწინ იწყო ჩამოშლა, ხელისუფლების პირველი მოქმედება შეტევა იყო. ნარკოტიკები ბოროტებად გამოცხადდა, მოხდა მომხმარებლების დემონიზაცია და მათთან სიახლოვე ისჯებოდა როგორც მორალურად, ისე სამართლებრივად. პორტუგალიის მთავრობამ წამოიწყო ეროვნული ანტი-ნარკოტიკული კამპანიების სერია, რომლის მინიმუმი იყო „უბრალოდ თქვი უარი“, ხოლო მაქსიმუმი „ნარკოტიკები სატანისაა.“
მთელს ქვეყანაში არაფორმალური და ექპერიმენტული მკურნალობის მეთოდები გავრცელდა: ექიმები, ფსიქიატრები და ფარმაცევტები, ხშირად ლიცენზიის დაკარგვისა და დაკავების რისკის ფასად, დამოუკიდებლად, მათთვის სარწმუნო მიდგომებით ცდილობდნენ მოზღვავებულ ნარკოდამოკიდებულებასთან გამკლავებას.
1977 წელს, ფსიქიატრმა ედუინო ლოპიშმა, პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ პორტოს ერთ-ერთ რაიონში, მეთადონის პროგრამის განხორციელება წამოიწყო. ლოპიში პირველი ექიმი იყო ევროპაში, ვინც ჩანაცვლების თერაპიით მკურნალობდა. მას მეთადონის ფხვნილი, ჯანდაცვის სამინისტროს მაგივრად, იუსტიციის სამინისტროს ეგიდით ჩამოჰქონდა ბოსტონიდან. ლოპეშის ამ მცდელობას, კოლეგებისა და საზოგადოების მხრიდან, ნეგატიური შეფასებები მოჰყვა. მათი აზრით, მეთადონით მკურნალობა სახლემწიფოს მხრიდან დაფინანსებულ ნარკომოხმარებას ნიშნავდა.
ლისაბონში, გამოცდილმა ფარმაკოლოგმა და აივ ინფექციის ინოვატორმა მკლევარმა, ოდეტა ფერეირამ, შიდსის მზარდი კრიზისის საპასუხოდ, არაოფიციალურად წამოიწყო „შპრიცების გაცვლის“ პროგრამა. ამის გამო, ნარკომოვაჭრეები სიკვდილით, ხოლო, პოლიტიკოსები სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით ემუქრებოდნენ. ფერეირამ - ახლა 90 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც კვლავ გულმოდგინედ ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე და შეხვედრებზე დაგრძელებული წამწამებითა და წითელი ტყავის ქურთუკით დადის - სტერილური შპრიცების დარიგება, ლისაბონში, ევროპის უდიდესი ნარკოტიკების ბაზრის შუაგულში, კაზალ ვენტოზუს უბანში დაიწყო. იგი შემოწირულობის სახით აგროვებდა ტანსაცმელს, საპონს, სამართებლებს, პრეზერვატივებს, სენდვიჩებსა და ხილს. მოგროვილ პროდუქტს ნარკომომხმარებლებს ურიგებდა, რა დროსაც, მტრულადგანწყობილი ნარკომოვაჭრეებისთვისაც უწევდა პასუხის გაცემა: „სჯობს თავი დამანებო! შენ შენი საქმე აკეთე, მე ჩემსას მივხედავ.“ მოგვიანებით, ოდეტას შეუპოვრობამ აიძულა პორტუგალიის აფთიაქების ასოციაცია წამოეწყო მსოფლიოში პირველი საყოველთაო „შპრიცების გაცვლის“ პროგრამა.
ქვეყანაში უამრავი ძვირადღირებული კერძო კლინიკა და უფასო, რწმენაზე დაფუძნებული დაწესებულება გაიხსნა, რომლებიც პაციენტებს დეტოქსიკაციასა და სასწაულებრივ განკურნებას ჰპირდებოდნენ. ამის მიუხედავად, პირველმა საჯარო ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო კლინიკამ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, მხოლოდ 1987 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება ლისაბონში, ტაიპასის ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ პერეირა, ტაიპასის აბსტინენციურ, ანუ თავშეკავებაზე დაფუძნებულ მიდგომას არ ეთანხმეობდა, რესურსების სიმწირის გამო, რამდენიმე პაციენტი მაინც გაგზავნა ლისაბონში. „თავდაპირველად აშორებ ნარკოტიკს, შემდეგ კი ფსიქოთერაპიის დახმარებით ცდილობ ამ სიცარიელის შევსებას“, ამბობს მეთოდის შესახებ პერეირა. არანაირი მეცნიერული საფუძველი არ არსებობდა იმისათვის, რომ ამ მიდგომას ემუშავა და ასეც მოხდა.
პერეირამ პაციენტები ლოპეშთანაც გაგზავნა, პორტუში, და აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ მათგანზე, მეთადონით მკურნალობა დადებითად აისახა. მაგრამ პორტო ქვეყნის მეორე ბოლოში მდებარეობდა, მას კი მეთადონის საკუთარ პაციენტებზე გამოყენება სურდა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ კრძალავდა. ამის გამო, ზოგჯერ, პერეირა ექთანს სთხოვდა, რომ მოპარული მეთადონი მისი მანქანის საბარგულში მალულად ჩაეცურებინა.
ბოლოსდაბოლოს, პერეირას შრომამ ჯანდაცვის სამინისტროს ყურადღებაც მიიპყრო. „შეიტყვეს, რომ ალგარვეს რეგიონში, ერთი გადარეული კაცი დამოუკიდებლად მუშაობდა“, - ამბობს პერეირა ღიმილით. იგი უკვე 68 წლის, ენერგიული და ათლეტური მამაკაცია, ბოხი ხმით, დინჯი საუბრის მანერითა და ულევი სითბოს მარაგით, რომელსაც სქელი და ჭაღარა ტალღოვანი თმა, სიარულისას მოხდენილად უფრიალებს. „ისინი [სამინისტროს თანამშრომლები] ჩამოვიდნენ და კლინიკაში მომაკითხეს, რათა საკუთარი სამკურნალო ცენტრის გახსნა შემოეთავაზებინათ“, - ამბობს პერეირა. იგი შემოთავაზებას დათანხმდა და მეზობელი ქალაქიდან ახალგაზრდა ექიმი, ჟოაუ გულაო მიიწვია, რომელიც სამედიცინო პრაქტიკას სახლში ეწეოდა.
გულაო სამედიცინო უნივერსიტეტის 20 წლის სტუდენტი იყო, როდესაც პირველად შესთავაზეს ნარკოტიკის გასინჯვა. უარი მხოლოდ იმიტომ განაცხადა, რომ არ იცოდა რა იყო ჰეროინი. სწავლის დამთავრების შემდეგ კი, როდესაც გულაომ ლიცენზია მოიპოვა და სამედიცინო პრაქტიკას სამხრეთის ქალაქ ფაროს ცენტრალურ საავადმყოფოში შეუდგა, ჰეროინი ყველგან იშოვებოდა. გულაოც, ფერეირას მსგავსად, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაში შემთხვევის წყალობით სპეციალიზირდა.
1988 წელს, ორმა ახალგაზრდა სპეციალისტმა, გულაომ და პერეირამ, თავიანთი ძალების გაერთიანებით, სამხრეთ პორტუგალიაში პირველი CAT - ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო ცენტრი დაარსეს (მსგავსი ცენტრები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელითა და აკრონიმით იყო ცნობილი, თუმცა უმრავლესობა დღემდე Centros de Atendimento a Toxicodependentes-ად, იგივე CAT მოიხსენიებს). ცენტრის გახსნას ადგილობრივი მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებოდნენ, ხოლო ექიმები მკურნალობის პროცესში იმპროვიზაციას მიმართავდნენ. ერთი თვის შემდეგ, პერეირამ და გულაომ ოლანში მეორე CAT გახსნეს, მათ მაგალითს სხვა ოჯახის ექიმებმაც მიბაძეს, რომლებმაც ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში დაარსეს სამკურნალო ცენტრები, რამაც დამოუკიდებელი ქსელის ფორმა შეიძინა. უფრო და უფრო მეტი სპეციალისტისთვის გახდა ნათელი, რომ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზა ინდივიდუალური მიდგომა იყო. თუმცა, მკურნალობის მასშტაბი ჯერ კიდევ მცირე, ლოკალური და კონკრეტულ შემთხვევებზე მორგებული რჩებოდა.
წინადადება პორტუგალიის ნარკოკანონმდებლობის შეცვლის შესახებ პირველად რუი პერეირამ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ წამოაყენა, რომელიც 1996 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის საფუძვლიანი ცლილებების მოთავეც იყო. იგი მიხვდა, რომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანების ციხეში გაშვება, კონტრპროდუქტიულ და არაეთიკურ პრაქტიკას წარმოადგენდა. „თავიდანვე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომხმარებლის დასჯა არალეგიტიმური იყო“, - მითხრა მან ლისაბონის სამართლის უნივერსიტეტში შეხვედრისას. მისი თქმით, იმ პერიოდში, პატიმრების ნახევარი ნარკოტიკებთან დაკავშირებით იხდიდა სასჯელს და ეს ეპიდემია „გადაუჭრელ პრობლემად“ მიიჩნეოდა. მისი ინიციატივა ნარკოტიკების მოხმარების შემცირების შესახებ, უარყოფდა სასჯელს და მომხმარებლის საზოგადოებიდან გარიყვას. შეთავაზება დაუყოვნებლივ არ გაუთვალისწინებიათ, თუმცა შეუმჩნეველიც არ დარჩენილა.
1997 წელს, ქალაქ ფარუს სარეაბილიტაციო ცენტრში, ათწლიანი მუშაობის შემდეგ, გულაოს ნარკოტიკების ეროვნული სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა შესთავაზეს. მან ექსპერტების ჯგუფი შემოიკრიბა, რომლებსაც პრობლემის კვლევა და მისი მოგვარების გზების პოვნა დაევალათ. ჯგუფმა თავიანთი საქმიანობის შედეგები 1999 წელს წარადგინა, რაც ნარკომოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციასაც მოიცავდა; 2000 წელს შეთავაზებული რეკომენდაციები მინისტრთა საბჭომ გაითვალისწინა და ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა 2001 წლიდან აამოქმედა.
დღეს, გულაო პორტუგალიის წარმატების სახეა. იგი გზის მანათობელი ვარსკვლავი იყო, რომელმაც გამოიარა რვა განსხვავებლი, კონსერვატული და პროგრესული მთავრობის ცვლილება; ლობისტებისა და კანონმდებლების გაცხარებული წინააღმდეგობა; ნარკოდამოკიდებულების მეცნიერული გააზრებისა და მოხმარების ტოლერანტული აღქმისკენ შეცვლა; მწვავე ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შემცირებები და მძიმე გლობალური პოლიტიკური კლიმატი, რომელიც სულ ცოტა ხანია შედარებით, ნაკლებად მტრულად არის განწყობილი; ამასთან ერთად, გულაო დეკრიმინალიზაციის ყველაზე დატვირთული ელჩია. იგი თითქმის შეუსვენებლად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, რადგან გამუდმებით იწვევენ მიღწეული წარმატების გასაზიარებლად ბრაზილიასა თუ ნორვეგიაში.
„ამ საზოგადოებრივ ქმედებებს დრო სჭირდება“, - მითხრა გულაომ. „მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისმა საყოველთაოობამაც, განსაკუთრებით ისეთ კონსერვატულ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენია“. იგი ეჭვობს, რომ თუკი ჰეროინის ეპიდემია მხოლოდ ღარიბი ფენებისა და რასობრივი უმცირესობებს შეეხებოდა, და არ იქნებოდა საშუალო და მაღალი ფენების პრობლემაც, მაშინ სხვაგვარი ნარკოდამოკიდებულებისა და ზიანის შემცირების პოლიტიკა ჩამოყალიბდებოდა. „იყო მომენტი, როდესაც პორტუგალიაში ვერ ნახავდით ოჯახს, რომლიც არ იყო ამ ეპიდემიის მსხვერპლი. ყველა ოჯახს ჰყავდა საკუთარი ნარკოდამოკიდებული წევრი ან წევრები. ეს იმდენად საყოველთაო იყო, რომ საზოგადოებამ იგრძნო: „დროა რაღაც მოვიმოქმედოთ.“
პორტუგალიის ნარკოპოლიტიკა სამ მთავარ პრინციპზე დგას: პირველი არის ის, რომ არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი, არსებობს მხოლოდ ჯანმრთელი და არაჯანმრთელი დამოკიდებულება ნარკოტიკების მიმართ; მეორე, რომ პიროვნების არაჯანმრთელი დამოკიდებულება ნარკოტიკების მიმართ, იწვევს ურთიერთობის გაფუჭებას ახლობელ ადამიანებთან, გარემოსთან და საკუთარ თავთან; და მესამე, რომ ნარკოტიკული საშუალებების სრული აღმოფხვრა შეუძლებელია.
„სახელმწიფო პოლიტიკა ინდივიდუალურ მიდგომას გულისხმობს, საიდუმლო კი იმაშია, რომ ჩართულები უნდა ვიყოთ“ მითხრა გულაომ.
დახმარების ცენტრი IN-Mouraria, მოკრძალებულ ადგილს იკავებს ლისაბონის ხალხმრავალ უბანში, რომელიც, დიდი ხნის განმავლობაში მარგინალიზებული ჯგუფების ანკლავს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ახლა, აქ გაცხოველებული ჯენთრიფიკაცია მიმდინაროებს. დღის 2:00 საათიდან 4:00 საათამდე, ცენტრი საბუთების არ მქონე მიგრანტებსა და ლტოლვილებს ემსახურება; 5:00-დან 8:00-მდე კი ნარკომომხმარებლებს, რომლებსაც ცენტრში მომუშავე ფსიქოლოგები, ექიმები და სოციალური მუშაკები (რომლებიც ნარკოტიკების ყოფილი მომხმარებლები არიან) სუფთა ნემსებს, ზომებად დაჭრილ ალუმინის „ფოლგას“, კრეკისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს, სენდვიჩებს, ყავას, სუფთა ტანსაცმელს, ჰიგიენურ საშუალებებს, აივ/შიდსის ტესტირებასა და კონსულტაციას, სრულიად უფასოდ და ანონიმურობის დაცვით აწვდიან.
როდესაც ცენტრს ვეწვიე, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი, აივ ინფექციის ანალიზის პასუხებს ელოდებოდა, სხვები კი ბანქოს თამაშობდნენ, საუბრობდნენ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შემთხვევებზე, არჩევდნენ ტანსაცმელს, აძლევდნენ ერთმანეთს რჩევებს, უყურებდნენ ფილმებს ან უბრალო საუბრით გაჰყავდათ დრო. ისინი პორტუგალიისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოხვდნენ აქ; განსხვავდებოდნენ ასაკით, რელიგიური კუთვნილებით, ეთნიკური და გენდერული იდენტობით.
ასაკში შესული, ტანადი მამაკაცი, რომელსაც წვერი გაეპარსა, აბაზანიდან გამოვიდა - ახალგაზრდა, ენერგიულმა კაცმა, ჟურნალების ფურცვლა მიატოვა და ხელების აწევით, ხმამაღლა მიესალმა. შემდეგ ჩემს პირდაპირ, ჩუმად მჯდომ გრძელკულულებიან და გაბურძგნულწვერიან კაცს მიუბრუნდა და უთხრა: „და შენ? შენც ხომ არ გაიპარსავდი წვერს? ხელი არ უნდა ჩაიქნო საკუთარ თავზე ძმაო, მაგ დროს მთავრდება ყველაფერი.“ წვერიანმა კაცმა ღიმილით უპასუხა.
ერთი თვის განმავლობაში, როცა ამ ადგილს ვსტუმრობდი, ბევრი ყოფილი ნარკოდამოკიდებული გავიცანი, რომლებიც ახლა სხვებს ეხმარებოდნენ. მათ შორის იყო ჟოაუც - მომცრო ტანის, ცისფერთვალება კაცი, რომელიც ზედმიწევნით უღრმავდებოდა ყველა იმ დეტალსა თუ ნიუანსს, რომელსაც მე ვსწავლობდი. ჟოაუს სურდა, რომ სწორად დამენახა მათი როლი და მოღვაწეობა დახმარების ცენტრში, რომ ისინი არავის აიძულებდნენ ნარკოტიკებზე თავის დანებებას, არამედ ეხმარებოდნენ მომხმარებლებს გარდაუვალი საფრთხის შემცირებაში.
„ჩვენი მიზანი ადამიანების მკურნალობაზე დაყოლიება - მათ ეს თავად უნდა სურდეთ“ - მითხრა მან. „მაგრამ, რომც სურდეთ დანებება, განაგრძო მან, გადამეტებული ყურადღება ყოფილი ნარკოდამოკიდებულის მხირდან - გაყოლა შეხვედრებზე ან სამკურნალო დაწესებულებებში, შესაძლოა მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს ამ ადამიანისთვის, შეწყვიტოს მკურნალობა და მომავალში, სირცხვილის გამო აღარ მოვიდეს დახმარების ცენტრში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მათ ვკარგავთ, რაც არ გვინდა რომ მოხდეს“, - მითხრა მან, „მინდა, რომ რეციდივის შემთხვევაში, უკან დაბრუნდნენ. წარუმატებლობა მკურნალობის პროცესის ნაწილია“, - ამბობს ჟოაუ, და მან ეს კარგად იცის.
ჟოაუ მარიხუანას ლეგალიზაციის აქტიური მხარდამჭერია, არ მალავს რომ აივ-დადებითია და ძალიან გახარებულია ბაბუის როლით - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შვილს, მის ახალგაზრდობის წლებში, საკმარისი დრო ვერ დაუთმო. მან, სპიდბოლის (ოპიატებისა და კოკაინის ნაზავი) მოხმარება, რამდენიმე მძიმე და ერთმანეთზე უფრო დამანგრეველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შეწყვიტა. ჟოაუ, თერაპიული მიზნით, დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა მარიხუანას, რადგან, მიუხედავად მცდელობისა, მეთადონისა და სტაციონარული მკურნალობის პროგრამებმა მის შემთხვევაში არ იმუშავა. დეკრიმინალიზაციის საშინელი ფარისევლობა კი იმაში მდგომარეობდა რომ, მარიხუანას მოხმარება ნებადართული იყო, თუმცა შეძენა კვლავ დასჯად დანაშაულად რჩებოდა. მისი უკანასკნელი და ყველაზე მძიმე რეციდივიც სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მარიხუანას შესაძენად მისულს, დილერმა უთხრა: „ახლა ეგ არ მაქვს, თუმცა კარგი კოკაინი შემიძლია შემოგთავაზო.“ ჟუაუმ უარი უთხრა და წამოვიდა, თუმცა ძალიან მალე აღმოაჩინა, რომ ჯერ ბანკომატისკენ დაიძრა და შემდეგ ბარიგასთან მიბრუნდა. ამ რეციდივის შემდეგ ახალი ცხოვრება, ურთერთობა და ბიზნესი წამოიწყო, სადაც ერთ-ერთ ეტაპზე 30-მდე თანამშრომელი ჰყავდა დასაქმებული. შემდეგ კი, ქვეყანაში ფინანსური კრიზისი დაიწყო. „კლიენტები ვეღარ მიხდიდნენ, ხოლო კრედიტორები უფრო და უფრო ხშირად მსტუმრობდნენ“, - მითხრა მან. „ექვსი თვის განმავლობაში დავკარგე ყველაფერი, რის აშენებასაც ოთხი ან ხუთი წელი მოვანდომე.“
დილაობით, სამკურნალო ცენტრის საველე ჯგუფებს, ლისაბონის გარეუბნებისკენ მივყვებოდი. ასე შევხვდი რაქელსა და სარეიას, სპეციალურ სამუშაო ჟილეტებში გამოწყობილ, ზიანის შემცირებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, Crescer na Maior-ის თანამშრომლებს. ისინი კვირაში ექვსჯერ ტვირთავდნენ მანქანას სასმელი წყლით, სველი ხელსახოცებით, ხელთათმანებით, ფოლგის ყუთებითა და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ნარტკოტიკის მოსახმარი ხელსაწყოებით: გაფილტრული წყლის ერთჯერადი პაკეტებით, ლიმონის მჟავით, ხარშვისთვის განკუთვნილი ლითონის მცირე დაფით, მარლით, ფილტრებითა და შპრიცებით. რადგან პორტუგალიაში არ არსებობს კონტროლირებადი ადგილები ინექციისთვის (რაც კანონმდებლობით ნებადართულია, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ასეთი ადგილების მოწყობა წარუმატებელი აღმოჩნდა), რაქელი და სარეია ისეთ ადგილებში მიდიან, სადაც ნარკოტიკებსს შეიძენენ და მოიხმარენ. აღსანიშნავია, რომ განათლებით ორივე მათგანი ფსიქოლოგია, თუმცა ქუჩაში, მათ უბრალოდ „შპრიცის გოგოების“ სახელით იცნობენ.
„შუადღე მშვიდობისა!“ მხიარულად დაიძახა რაქელმა, როდესაც კრუზ ვერმელიას, ერთი შეხედვით, მიტოვებულ უბანში გავიარეთ. ნელ-ნელა საპასუხო შეძახილები გაისმა და ადამიანები თავაინთი სამალავებიდან გამოვიდნენ, სადაც ეწეოდნენ ან წამალს იკეთებდნენ. „ჩემი შპრიცის გოგოები. როგორ ხართ საყვარლებო?“ თბილად მოიკითხა ერთ-ერთმა ქალმა. დანარჩენები ზრდილობიან საუბარში ჩაერთვნენ; ყვებოდნენ თავიანთი ჯანმრთელობის, სასიყვარულო ამბების, იმიგრაციის პრობლემებისა და ყოველდღიური საჭიროებების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი ყვებოდა, რომ ანგოლაში აპირებდა დაბრუნებას, რათა დედამისის მიერ დატოვებული ქონებისთვის მიეხედა, რასაც მისი აზრით ყველაფერი უნდა შეეცვალა. სხვა მამაკაცმა კი მოყვა, რომ ინტერნეტში გაცნობილი გოგოსთვის ვიზის გაკეთება შეძლო, და ახლა მის სანახავად ჩამოსვლას შეძლებდა. „და იცის რომ კვლავ მოიხმარ ნარკოტიკს?“ ჰკითხა სიერამ, რაზეც კაცმა დაიმორცხვა.
„მე ხვალიდან მეთადონს ვიწყებ!“ ამაყად უთხრა გოგოებს დამშვიდობებისას კაცმა, მას შემდეგ რაც მეგობარ გოგონასთან ერთად ფოლგა გამოართვა.
ჩრდილოეთის ნისლიან ქალაქ პორტუში, ყოფილი და ამჟამინდელი ნარკოდამოკიდებულების მიერ დაარსებული ასოციაცია Caso-ს თანამშრომლები, კვირაში ერთხელ, ქალაქის ხმაურიან კაფეში იკრიბებიან იხოლმე. ყოველი სამშაბათის დილას, ესპრესოს, ახლადგამომცხვარი საკონდიტრო ნაწარმისა და სენდვიჩების თანხლებით, ჩრდილოელებისთვის დამახასიათებელი ხმამაღალი საუბრით განიხილავენ პრობლემებს და კამათობენ ნარკოპოლიტიკის შესახებ (რომელიც ბევრისთვის, ამოქმედებიდან 15 წლის შემდეგაც დამაბნეველია). ჩემს შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდნენ პორტუგალიის გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც ნარკომომხმარებლები კრიმინალების მაგივრად, აღიქმებიან ავადმყოფებად, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, პასუხად დაცინვა მივიღე: „ავადმყოფი? აქ ჩვენ ამ სიტყვას არ ვიყენებთ. ჩვენ ავად არ ვართ.“
ჩრდილოეთში ხშირად მიმეორებდნენ, რომ ნარკოდამოკიდებულების მხოლოდ ჯანმრთელობისა და დაავადების კუთხით გააზრება, საკითხის გაუბრალოვებაა. ზოგიერთ ადამიანს, შეუძლია ისე მოიხმაროს ნარკოტიკი, რომ არ მიაყენოს სერიოზული ზიანი მის პირად თუ საქმიან ურთერთობებს. ნარკოტიკის მოხმარება მხოლოდ მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც პრობლემებს ქმნის, მითხრეს მათ.
Caso-ს პარტნიორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია Apdes-ი, რომელიც ზიანის შემცირებისა და რეკრეაციული ნარკომოხმარების პროგრამებზე მუშაობს. მათი შესანიშნავი პროექტი Check!n, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების უსაფრთხოებას ამოწმებს, უკვე წლებია წარმოდგენილია ფესტივალებზე, ბარებსა და წვეულებებზე. მე არა ერთხელ მითხრეს, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების ლეგალიზაციის (და არა დეკრიმინალიზაციის) შემთხვევაში, ეს ნივთიერებები ისეთივე ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტის იქნება, როგორიც საკვები პროდუქტები, სასმელი ან მედიკამენტებია.
მიუხედავად პორტუგალიის თვალსაჩინო შედეგებისა, სხვა ქვეყნებმა მისი მიბაძვისგან თავი შეიკავეს. პორტუგალიელებმა დეკრიმინალიზაციის სერიოზულად განხილვა 1998 წელს, გაეროს გენერალური ანსამბლეის სპეციალური სესიის შემდეგ დაიწყეს, რომელიც ნარკოტიკების გლობალურ პრობლემას ეხებოდა. გაეროს გენერალური ანსამბლეა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ იკრიბება, წევრი ქვეყნებისთვის ნარკოპოლიტიკის განსასაზღვრად, რომელიც მოიცავს საკითხებს: ნარკოდამოკიდებულობის ტენდენციები, ინფექციები, ფულის გათეთრება, ტრეფიკინგი და ნარკოკარტელების ძალადობა. პირველი სესიისას, რომლის სლოგანიც იყო „ნარკოტიკებისგან თავისუფალი მსოფლიო: ჩვენ ამას შევძლებთ“ - ლათინური ამერიკის ქვეყნები მხარს უჭერდნენ ნარკოტიკებთან ბრძოლის პოლიტიკის საფუძვლიან გადააზრებას, თუმცა ყველა ალტერნატიული მოდელის (მაგ. დეკრიმინალიზაციის) განხილვის მცდელობა დაიბლოკა. შემდეგი სესიისთვის, რომელიც 2008 წელს გაიმართა, ნარკოტიკების მოხმარება და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ძალადობის ფაქტები, საგრძნობლად იყო მომატებული მთელს მსოფლიოში. გასულ წელს გამართული რიგგარეშე სესია კი იმედის მომცემი ვერ აღმოჩნდა, რადგან საბოლოო დოკუმენტში „ზიანის შემცირება“ ერთხელაც კი არაა ნახსენები.
წარუმატებლობის მიუხედავად, 2016 წელს, მთელი რიგი დადებითი პროცესებიც განვითარდა: ჩილესა და ავსტრალიაში, პირველად გაიხსნა სამედიცინო მარიხუანას კლუბები; სხვა შტატების მსგავსად, აშშ-ის მორიგმა ოთხმა შტატმა წარმოადგინა სამედიცინო მარიხუანა, დამატებით ოთხ შტატში კი, მარიხუანას რეკრეაციული მოხმარების ლეგალიზაცია მოხდა; საფრანგეთში პირველი, ხოლო დანიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნარკომოხმარების დაწესებულებები გაიხსნა; სამხრეთ აფრიკამ სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზების წინადადება წამოაყენა; კანადამ მეტი კონტროლირებადი საინექციო დაწესებულების გახსნისა და სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზაციის ეროვნული გეგმა შეიმუშავა; ხოლო განამ განაცხადა, რომ ყველა ტიპის ნარკოტიკის პირადი მოხმარების ლეგალიზაციას დაუშვებს.
ნარკოტიკებზე წარმოდგენებისა და ნარკოპოლიტიკაში მომხდარი გლობალური ცვლილებები მარიხუანას ლეგალიზაციის მთავარ მამოძრავებელ იმპულსად იქცა. პორტუგალიაში, ადგილობრივი აქტივისტები ცდილობდნენ ეიძულებინათ გულაო მხარი დაეჭირა მარიხუანას რეგულაციისა და ლეგელური გაყიდვისათვის; რაზეც გულაო წლების განმავლობაში პასუხობდა, რომ ჯერ ამის დრო არ დამდგარა, რადგან ცალკეული ნივთიერების ლეგალიზაცია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა პორტუგალიის ნარკოტიკებისა და ზიანის შემცირების მთელს ფილოსოფიას. გულაუ ამტკიცებდა, რომ თუ პრობლემა ნარკოტიკებში კი არა, ნარკოტიკებთან
ურთიერთობაშია, თუკი არ არსებობს მსუბუქი ან მძიმე ნარკოტიკი და თუ ყველა უკანონო ნივთიერება თანაბრად უნდა განვიხილოთ, მაშინ ხომ ყველა ნარკოტიკული ნივთიერების ლეგალიზება და რეგულირებაც თანაბრად უნდა მოხდეს?
გლობალურ დონეზე დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციისთვის მასობრივი საერთაშორისო კულტურული ცვლილებებია საჭირო, ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების გადააზრების მხრივ. აშშ-ში, თეთრი სახლი ჯერ კიდევ ფეხს ითრევს ნარკოპოლიტიკის იმ ნაწილის შეცვლისგან, რასაც რეფორმის მხარდამჭერები „დასჯაზე დამოკიდებულებას“ უწოდებენ. მაგრამ, თუკი კოსნერვატულმა, იზოლაციონისტურმა და კათოლიკე პორტუგალიამ შეძლო გარდაქმნილიყო ისეთ ქვეყნად, სადაც აბორტი და ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება ლეგალურია, ხოლო ნარკოტიკების მოხმარება დეკრიმინალიზირებული, მაშინ, წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების ძირეული ცვლილება, სხვაგანაც უნდა იყოს შესაძლებელი. ოღონდ, აუცილებელია სურვილი, იმისათვის რომ ცვლილება მოხდეს.
როდესაც პერეირამ პირველი სამკურნალო ცენტრი გახსნა ოლანში, ადგილობრივი მაცხოვრებლების ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა; ისინი ღელავდნენ, რომ „ნარკომანების“ გამოჩენასთან ერთად, კრიმინალიც გაიზრდებოდა. ყველაფერი კი პირიქით მოხდა. რამდენიმე თვის შემდეგ, პერეირასთან ერთ-ერთი მაცხოვრებელი ქალი ბოდიშის მოსახდელად მივიდა, მისი თქმით, მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა მოხმარება შეწყვიტეს, შეამჩნია, რომ მისი ქუჩიდან სამივე ნარკოტიკებით მოვაჭრე გაქრა.
თავად ცენტრის შენობა ორსართულიან ყავისფერ ბლოკს წარმოადგენს. ზედა სართულზე ოფისია განთავსებული, ხოლო ქვევით კლინიკა, საშხაპეები, სათავსოები და ღია მოსაცდელი სივრცეა მოწყობილი. ცენტრი დილის 8:30-ზე იღება და კვირაში შვიდი და წელიწადში 365 დღე მუშაობს. დღის განმავლობაში პაციენტები ცენტრს ჩანიშნული ვიზიტებისთვის, სასაუბროდ, დროის გასაყვანად, შხაპის მსიაღებად და გამოწერილი მეთადონის ასაღებად სტუმრობენ. ერთ-ერთ შობას, ცენტრმა დასვენების დღის გამო დახურვა გადაწყვიტა, თუმცა პაციენტებმა სხთოვეს რომ არ დაეკეტათ. ზოგიერთი მათგანისთვის, რომლებიც გაუცხოვებულები არიან ახლობლებისგან და არ გააჩნიათ ისეთი ადგილი, რომელსაც შეიძლება სახლი ეწოდოს, ეს ერთადერთი სივრცია, სადაც შეუძლიათ იურთერთონ და თავი ნორმალურად იგრძნონ.
„საქმე მხოლოდ მეთადონის განკარგვაში არ არის“, - მითხრა პერეირამ, - „მთავარი ურითერთობის ხელშეწყობაა.“
უკანა ოთახებში ბანანისარომატიანი მეთადონის კონტეინერები იყო ჩამწკრივებული და თითოელს პაციენტის სახელი ეწერა. ოლანის ცენტრი დაახლოებით 400 პაციენტს ემსახურება, თუმცა ზაფხულობით, როდესაც სეზონურად დასაქმებულები და ტურისტები ჩამოდიან, ეს რიცხვი შესაძლოა გაორმაგდეს ხოლმე. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მეთადონის პროგრამაში პორტუგალიის სხვა რეგიონში ან საზღვარგარეთ არის ჩართული, შესაძლებლობა აქვს თავიანთი დანიშნულება ცენტრში გადმოაგზავნონ და აქ განაგრძონ მკურნალობა. ეს შესაძლებლობა ალგარვეს ზიანის შემცირების მხრივ, იდეალურ დასასვენებელ რეგიონად აქცევს.
რესტორანში ლანჩის შემდეგ, რომლის მფლობელიც CAT-ის ყოფილი თანამშრომელია, პერეირამ თავისი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის სანსახავად წამიყვანა. ათწლეულების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებთან მუშაობისას, მას განსაკუთრებული ცოდნა დაუგროვდა, რომელიც ოლანის გარეუბანში, სპეციალური სამკურნალო დაწესებულების - Unidade de Desabituação, ანუ დისჰაბიტუაციის (გადაჩვევის) ცენტრის გახსნას მოახმარა. მსგავსი დაწესებულებები, რომელებსაც შემოკლებით UD-ს ეძახიან, ქვეყნის სხვა რეგიონებშიც ფუნქციონირებს, თუმცა აღნიშნული ცენტრი სამხრეთ რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზეა ორიენტირებული.
რამდენიმე წლის წინ პერეირა დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა შრმცვლელმა სთხოვა დარჩენილიყო და ყოველდღიურ საქმიანობაში მიხმარებოდა. ასაკის გამო, პერეირა დამსახურებულ პენსიაზე უნდა იყოს გასული, რაც სცადა კიდეც, თუმცა, პორტუგალია ჯანდაცვის სფეროში პროფესიონალების ნაკლებობას განიცდის, რადგან სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა ექიმი მიყვება მის პროფესიას. იმის გამო რომ პერეირას კოლეგებიც უახლოვდებიან საპენსიო ასაკს, იგრძნობა საფრთხე, რომ მათი ჩანაცვლება ვერ მოხერხდება.
„ჩვენ, ალგარვეში მომუშავე ექიმებს, ჩრდილოელი კოლეგებისგან განსხვავებული მიდგომა გვქონდა“, - მითხრა პერეირამ. – „მე არ ვმკურნალობ პაციენტებს. ისინი თვითონ მკუნალობენ საკუთარ თავს. ჩემი მოვალეობაა რომ დავეხმარო იმ ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც მათ სურთ.“
„და მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ ერთადერთი რამ არის შესაცვლელი,“ - სერიოზული სახით მითხრა მან, როდესაც ცენტრის ავტოსადგომს მივუახლოვდით: „საჭიროა, რომ ყველაფერი შეცვალო.“ ხუმრობაზე თვითონვე გაიცინა და მანქანიდან გადმოვედით.
დაწესებულებაში შესასვლელი შუშის კარი ავტომატურად გაიღო და ნათელ, სუფთა შენობაში მოვხვდით, რომელშიც დამთრგუნველად ოფიციალური გარემო არ იგრძნობოდა. რეგისტრატურის მაგიდასთან, თანამშრომლებმა გამარჯობის ნიშნად თავი დაგვიკრეს, პერეირა კი გულთბიალდ მიესალმა: „შუადღე მშვიდობისა, ჩემი ძვირფასებო.“
ოლანის ცენტრის ასაშენებლად, სახელმწიფომ 3 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო პირველი პაციენტებისთვის მიღება ცხრა წლის წინ გახდა შესაძლებელი. სხვა დაწესებულებების მსგავსად, ეს ცენტრიც ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის ქსელშია ჩართული. აქ ერთდროულად 14 პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი: ექიმის ან თერაპევტის რეკომენდაციის შემდეგ, მკურნალობა უფასოა და საშუალოდ რვიდან თოთხმეტ დღემდე გრძელდება. როდესაც პაციენტი პირველად ხვდება დაწესებულებაში, მისი პირადი ნივთები - ფოტოები, ტელეფონი, ყველა სახის პირადი ნივთი - მკურნალობის განმავლობაში სპეციალურ საცავში უნდა ჩააბარონ.
ჩვენ გვჯერა ძველი ჭეშმარიტების, რომ „კარგი ამბავი, ახალი ამბების არქონაა“, -ამიხსნა პერეირამ. „ჩვენ ამას დასჯის მიზნით კი არა, მათი დაცვისთვის ვაკეთებთ. მკურნალობის პროცესში, მოგონებები, მათ შორის ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე ან მავნე ურთიერთობებზე, შეიძლება ხელისშემშლელ და მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცეს.“
მარცხენა მხარეს, კამერებით აღჭურვილი წამლის მისაღები და რბილკედლებიანი საიზოლაციო ოთახები იყო. მარჯვნივ კი „ფერადი ოთახი“, კერამიკის საძერწი მაგიდით, გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებით, საღებავებით, მუყაოს ყუთებითა და ხელსაქმის სხვა მასალებით. ერთ-ერთ ოთახში სახატავი სივრცე იყო მოწყობილი, ხოლო იქვე მდგარ ღუმელთან, პაციენტების მიერ შექმნილი შესანიშნავი საფერფლეების კოლექცია იყო ჩამწკრივებული.
პაციენტები მუდმივად რაღაცით იყვნენ დაკავებული, ვარჯიშობდნენ ან ქმნიდნენ რაიმეს - იყენებდნენ რა თავაინთ ხელებს, სხეულსა თუ გრძნობებს. „პაციენტებსგან ხშირად გვესმის გამოთქმა - მე და ჩემი სხეული - თითქოს ამბობს „მე“ და „სხეული“ დაშორებულია ერთმანეთისგან“, - მითხრა პერეირამ.
სხეულის დაბრუნებაში დასახმარებლად იქვე იყო ტრენაჟორების ოთახი, ფიზიოთერაპია, ხელოვნების წრე და ჯაკუზი. დიდხნიანი დესტრუქციული ქცევის შემდეგ, რომელიც ზიანს აყენებდა მათ სხეულს, ურთიერთობებს, სიცოცხლესა და საზოგადოებას - იმის გაცნობიერება, რომ მათ შეუძლიათ ლამაზი და კარგი რაღაცების შექმნა, ბევრისთვის ტრანსფორმაციის საწინდარი ხდებოდა.
პერეირას სჯეროდა, რომ შესაბამისი მხარდაჭერის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ის, შეუძლია სწორი გზის პოვნა.
მისი თქმით იგი მკაცრი იყო, თუმცა არასდროს დაუსჯია ან განუსჯია პაციენტები რეციდივის ან წარუმატებლობის გამო. პაციენტებს ცენტრის დატოვება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, ისევე როგორც დაბრუნება, რამდენჯერაც არ უნდა დაჭირვებოდათ ეს.
პერეირა არ სთავაზობდა რაიმე სასწაულს ან ყველა პრობლემის მარტივ მოგვარებას - საჭირო იყო მხოლოდ ბალანსის პოვნა ყოველდღიურობაში: გაღვიძება, საუზმე, ხელოვნებით დაკავება, წამლების მიღება, ვარჯიში, სამსახური, სკოლა, გარესამყაროსთან ურთიერთობა - წინსვლა. ჩემთან საუბარში მან არაერთხელ აღნიშნა, რომ სიცოცხლე შესაძლოა ძალიან რთული იყოს.
„ძვირფასო, მე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ - არავინ არის სრულყოფილი.“
კომენტარები