რუსული მედიის, გამოცემა RBC-ს ცნობით, "როსპოტრებნადზორმა" (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სახელმწიფო უწყებამ) ქართული სასმელების — ღვინის, კონიაკის, ლუდის, მინერალური წყლისა და გაზიანი სასმელების ნაწილის რუსეთში იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს დადგენილებას ეფუძნება.

აკრძალული ქართული პროდუქციის სია ასე გამოიყურება:

  • "თელიანის ველის" წარმოების ღვინო;
  • "თბილღვინოს" წარმოების ღვინო;
  • "ასკანელი ძმების" წარმოების ღვინო და კონიაკი;
  • "ვაინმენის" წარმოების ღვინო;
  • "საქართველოს ლუდის კომპანიის" წარმოების ლუდი;
  • საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი — Coca-Cola;
  • "ჰელსი უოთერის" მიერ წარმოებული მინერალური წყალი "ნაბეღლავი".

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შეზღუდვა შეეხო იმ პროდუქციას, რომელიც მარეგულირებელმა შემოწმების შედეგად გამოავლინა და რომელიც ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით დადგენილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.