თბილისის მე-20 ჯაზ-ფესტივალი Tower of Power-ის კონცერტით გაიხსნა
2 ნოემბერს, თბილისის მე-20 საუბილეო ჯაზ-ფესტივალი ამერიკულმა R&B-სა და სოულის შემსრულებელმა ბენდმა Tower of Power გახსნა.
კარიერის განმავლობაში ბენდის არაერთი სიმღერა გახდა ჩარტების ლიდერი. მათ შორის, You're Still A Young Man, So Very Hard To Go, Soul With A Capital S, Soul Vaccination, What Is Hip? და სხვა.
ბენდს, 50-წლიანი არსებობის ისტორიაში სხვადასხვა ვოკალისტი ჰყავდა, მათ შორის ლენი უილიამსი, რომლის დროსაც ჯგუფმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია.
"ენერგიული, მომხიბლავი და ღრმად სევდიანი" ასე აღწერენ Tower of Power-ის ამჟამინდელი ვოკალისტის ხმას. სოულის მომღერალი, მარკუს სკოტი მათთან 2016 წლიდან თანამშრომლობს.
თბილისში გამართული კონცერტის განმავლობაში, მომღერალმა ფაქტობრივად, მაყურებელთან ერთად შეასრულა ბენდის ცნობილი ჰიტები.
4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი ჯო ლოვანო ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს. ამავე დღეს მუსიკოსი მსმენელის წინაშე თავის კვარტეტთან ერთად, კონცერტით წარდგება. თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად, რომელსაც სპეციალური სტუმარი - მსოფლიოში აღიარებული ბასისტი ედი გომესი ეყოლება. ამავე დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა და მისი ბენდის კონცერტი.
ფესტივალის წარმდგენი თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსია, ხოლო მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია არიან.
კომენტარები