ტექსტილი თანამედროვე სამომხმარებლო სამყაროს ფუნდამენტური ნაწილია: ტანსაცმელი, ავეჯი, ხალიჩები, პირსახოცები, მაგიდის გადასაფარებლები, ფარდები, საბავშვო სათამაშოები და ავტომობილის ინტერიერის დეტალებიც კი — ყველაფერი ტექსტილისგანაა დამზადებული. სწორედ ამიტომ, ამ პროდუქტების უსაფრთხოება და ჩვენი ნდობა მათ მიმართ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მომხმარებელთა უმრავლესობა ხშირად ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ქსოვილის ტიპზე, არის თუ არა ის ნატურალური (მაგალითად, ბამბა) ან სინთეტიკა (როგორიცაა პოლიესტერი). სინამდვილეში კი, ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, იქნება ეს კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები თუ ჯანმრთელობის სხვა სისტემური პრობლემები, გაცილებით უფრო ხშირად უკავშირდება არა თავად ბოჭკოს, არამედ იმ ქიმიურ "მოგზაურობას", რომელიც ნედლეულმა მზა პროდუქტად ქცევამდე გაიარა.

ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს QUIS, რომლის ერთ-ერთი მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება. ამ სტატიაში ვსაუბრობთ ყოველდღიურ ტანსაცმელში დამალულ ქიმიურ საფრთხეებზე.

რეგულაციები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას იცავს

წარმოების პროცესში ქსოვილები ექვემდებარება მრავალგვარი დამუშავების ჯაჭვს: შეღებვას, ფერების ფიქსაციას, დაჭმუჭნულობის საწინააღმდეგო ეფექტების მინიჭებას, წყალგამძლეობის გაზრდას და სხვა ქიმიურ დამუშავებებს. სწორედ ეს ქიმიური დანამატები, რომლებიც პროდუქტს აძლევს სასურველ ვიზუალურ ან ფუნქციურ მახასიათებლებს, შეიძლება გახდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო.

საფრთხეების გაცნობიერებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არსებობს გლობალური და რეგიონული რეგულაციები, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლისა და გარემოს დაცვას მავნე ნივთიერებებისგან. ამ მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და ყოვლისმომცველ რეგულაციად ითვლება REACH (ევროკავშირის რეგულაცია), რომელიც ზღუდავს ან კრძალავს ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიკატების გამოყენებას სამომხმარებლო პროდუქტებში.

გლობალური მასშტაბით, უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტების მისაღწევად გამოიყენება GHS (Globally Harmonized System), რომელიც უზრუნველყოფს ქიმიური საფრთხეების კლასიფიკაციისა და ეტიკეტირების საერთო ენას, რაც ამარტივებს რისკების იდენტიფიცირებას. გარდა ამისა, არსებობს ინდუსტრიული სტანდარტებიც, როგორიცაა ZDHC MRSL (Manufacturing Restricted Substances List), რომელიც უშუალოდ მწარმოებლებს ავალდებულებს, წარმოების პროცესიდან გამორიცხონ კონკრეტული სახიფათო ნივთიერებები. ეს რეგულაციები ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ამცირებს რისკებს და უზრუნველყოფს, რომ ჩვენს გარდერობში მოხვედრილი ტექსტილი უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს აკმაყოფილებს.

მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა, ევროკავშირის ბაზარიც კი არ არის სრულად დაცული. პრობლემა ისაა, რომ რეგულაციების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ თაროებზე განთავსებული ნივთები მუდმივად მოწმდება. გლობალური მიწოდების ჯაჭვები იმდენად რთულია, ხოლო „სწრაფი მოდის“ (fast fashion) ნაკადი იმდენად სწრაფი, რომ ბაზარზე მაინც ხვდება სამოსი, რომელიც არ შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) მონაცემებით, ევროკავშირის “სწრაფი განგაშის სისტემაში“ (EU Safety Gate) ყოველწლიურად ათობით საშიში ტექსტილის პროდუქტი ფიქსირდება. 2020-2025 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 59-მდე შეტყობინება შევიდა ქიმიური საფრთხის შემცველ ტექსტილთან დაკავშირებით. ეს ციფრი წლიდან წლამდე იცვლება და 40-დან 75-მდე მერყეობს. მაგალითად, 2025 წელს ოფიციალურად დაფიქსირდა 72 ასეთი შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეტყობინებების უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 72%) პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ფაქტორებს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქცია შეიცავდა აკრძალულ ნივთიერებებს ან დასაშვებ ნორმაზე მეტ ქიმიურ ნაერთს. ეს მონაცემები მხოლოდ იმ პროდუქტებს ასახავს, რომლებიც შემთხვევით ან გეგმიური შემოწმებისას აღმოაჩინეს.

ფოტო: EU Safety Gate

რეალური სურათი შესაძლოა ბევრად უფრო სერიოზული იყოს. მაგალითად, Greenpeace Germany-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ონლაინ საცალო მოვაჭრე Shein-ის ტანსაცმელი შეიცავს საფრთხის შემცველ ქიმიურ ნაერთებს.

კვლევის ფარგლებში შემოწმებული 56 სამოსიდან 18-ში (32%) აღმოჩნდა ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ევროპის ქიმიური რეგულაციის (REACH) მიერ დაწესებულ უსაფრთხოების ლიმიტებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ნიმუშებს შორის ბავშვთა ტანსაცმელიც ფიქსირდება.

რა საფრთხე იმალება ტექსტილში შემავალ მავნე ქიმიურ ნივთიერებებში

ჩვენ ხშირად არ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გზა გაიარა ტანსაცმელმა ან ნებისმიერი ტიპის სხვა ქსოვილმა, ვიდრე მაღაზიის დახლზე მოხვდებოდა. ტექსტილის დამუშავება რთული ქიმიური პროცესია. მწარმოებლები ქიმიურ დანამატებს იყენებენ იმისათვის, რომ ქსოვილი იყოს ფერადი, არ იჭმუჭნებოდეს, არ სველდებოდეს, დიდხანს ინარჩუნებდეს ფორმას და იყოს იაფი. თუმცა, ეს ქიმიური დამუშავება ხშირად ხდება კანის გაღიზიანების, ალერგიული რეაქციებისა და უფრო სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების წყარო, რადგან ისინი ადვილად გადადის ჩვენს ორგანიზმში კანის ფორების მეშვეობით ან სასუნთქი გზების გავლით.

აქ მოცემულია ის მავნე ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ხშირად გვხვდება ტანსაცმელში:

  • აზო საღებავები Azo Dyes: ყველაზე გავრცელებული საღებავები, რომლებიც ქსოვილს მკვეთრ ფერებს აძლევს. მათი საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მოხმარების გარკვეულ პირობებში, შესაძლოა დაიშალოს და გამოყოს არომატული ამინები. ზოგიერთი მათგანი ცნობილია, როგორც კარცინოგენური (კიბოს გამომწვევი) ნივთიერება, რომელიც კანთან ხანგრძლივი კონტაქტისას საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
  • მძიმე მეტალები: ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი — ეს ელემენტები ხშირად გვხვდება საღებავებსა და დამუშავების ფინიშებში. მათ იყენებენ ფერების სტაბილიზაციისთვის. მძიმე მეტალები ორგანიზმში დაგროვების თვისებით გამოირჩევიან და შეიძლება გამოიწვიონ ნერვული სისტემის დაზიანება ან კანის მძიმე ალერგიული რეაქციები.
  • ფორმალდეჰიდი Formaldehyde: გამოიყენება ტანსაცმლის დაჭმუჭნილობის საწინააღმდეგოდ (wrinkle-free) და ფერების დასაფიქსირებლად. ეს ნივთიერება აორთქლებადია და ახალი ტანსაცმლის ყიდვისას ხშირად მის არასასიამოვნო სუნს სწორედ ფორმალდეჰიდი განაპირობებს. ის არის ძლიერი გამაღიზიანებელი, რომელიც იწვევს კანის ქავილს, დერმატიტს და რესპირატორულ პრობლემებს (ასთმური სიმპტომები).
  • ფტალატები Phthalates: ეს არის ნივთიერებები, რომლებიც პლასტმასს არბილებს . ტექსტილში მათ იყენებენ ტანსაცმელზე დატანილი პრინტების, ლოგოებისა და სინთეტიკური აქსესუარების დასამუშავებლად. ფტალატები მიეკუთვნება ენდოკრინული სისტემის დამრღვევ ნივთიერებებს, რადგან მათ შეუძლიათ ორგანიზმში ჰორმონალური ფონის მოშლა.
  • PFAS პერ- და პოლიფტოროალკილის ნივთიერებები: მათ ხშირად მარადიულ ქიმიკატებს უწოდებენ. გამოიყენება წყალგამძლე და ლაქების საწინააღმდეგო ეფექტების შესაქმნელად (მაგალითად, სპორტულ და გარე სამოსში). ისინი ძალიან ნელა იშლება გარემოში და ასევე გროვდება ადამიანის ორგანიზმში, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის გრძელვადიან რისკებთან.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ ნივთიერებების გამოყენება მკაცრად არის შეზღუდული ან აკრძალული მომხმარებლის დასაცავად, თუმცა გლობალური რეგულაციები არათანაბარია და ბაზარზე წესები ყველგან ერთნაირად არ მოქმედებს. გარდა ამისა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ქიმიური საფრთხეები მხოლოდ სინთეტიკურ ქსოვილთან არ არის დაკავშირებული და ნებისმიერი სახის ბიჭკო და მატერია გადის ქიმიურ დამუშავებას, მათ შორის ბუნებრივიც.

ამიტომ, ტანსაცმლის შემადგენლობის ეტიკეტზე წარწერა 100% ბამბა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი სრულად სუფთაა მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან.

ეტიკეტები, რომლებსაც უნდა ენდოთ

როდესაც მაღაზიაში ტანსაცმელს ვარჩევთ, ხშირად მხოლოდ ზომას, ფასს ან ვიზუალს ვაქცევთ ყურადღებას. თუმცა, იმისთვის, რომ თავი დავიცვათ მავნე ქიმიური ზემოქმედებისგან, საჭიროა ეტიკეტებზე სპეციალური ნიშნების ძიება. ეს ნიშნები არის დამოუკიდებელი ლაბორატორიების დასტური იმისა, რომ ტანსაცმელი შემოწმებულია და მისი შემადგენლობა უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება.

ყველაზე სანდო ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • Oeko-Tex® Standard 100: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მკაცრი სტანდარტი მსოფლიოში. როდესაც ტანსაცმელს აქვს ეს ნიშანი, ეს ნიშნავს, რომ ქსოვილის თითოეული ნაწილი — ძაფებიდან და ღილებიდან დაწყებული, საღებავებითა და ფინიშებით დამთავრებული — შემოწმებულია ათასობით მავნე ნივთიერების არსებობაზე, მაშინაც კი, თუ ისინი კანონით ჯერ კიდევ არ არის აკრძალული.
  • GOTS (Global Organic Textile Standard): ეს არის ორგანული ტექსტილის „ოქროს სტანდარტი“. GOTS არამხოლოდ ამოწმებს ქსოვილის შემადგენლობას, არამედ აკონტროლებს მთლიან ჯაჭვს — ნედლეულის მოყვანიდან (ორგანული მეურნეობა) მზა პროდუქტის შეფუთვამდე. ეს სერტიფიკატი გარანტიაა იმისა, რომ ტანსაცმელი დამზადებულია პესტიციდების, მძიმე მეტალებისა და სხვა ტოქსიკური ქიმიკატების მინიმალური გამოყენებით ან მათ გარეშე.
  • Asthma and allergy friendly® Certification: თუ თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრებს გაქვთ მგრძნობიარე კანი, ასთმა ან ალერგია, ეს სერტიფიკატი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ადასტურებს, რომ პროდუქტი გულდასმით არის შემოწმებული ალერგენების არსებობაზე და ის არ გამოიწვევს კანის გაღიზიანებას ან რესპირატორულ პრობლემებს.

ამ ეტიკეტების არსებობა ტანსაცმელზე ნიშნავს, რომ მწარმოებელმა დამატებითი რესურსი დახარჯა თქვენს უსაფრთხოებაზე. თუ მათ ძიებას ჩვევად აქცევთ, თქვენ გაცილებით უფრო მეტად დაიცავთ საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს უხილავი ქიმიური საფრთხეებისგან.

ამასთან, ერთად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომელიც სამოსიდან მომდინარე ქიმიური საფრთხეების თავიდან აცილებაში შეიძლება დაგვეხმაროს:

  • აუცილებლად გარეცხეთ ახალი ტანსაცმელი: მაღაზიაში ნაყიდი სამოსი ხშირად შეიცავს ქიმიურ ნარჩენებს (მაგალითად, დაჭმუჭნულობის საწინააღმდეგო აგენტებს ან მტვერს), რომლებიც წარმოების ან ტრანსპორტირების დროს დაგროვდა. პირველადი გარეცხვა მნიშვნელოვნად ამცირებს ქსოვილის ზედაპირზე არსებული ქიმიკატების კონცენტრაციას.
  • უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ და სერტიფიცირებულ მასალებს: შეძლებისდაგვარად აირჩიეთ ორგანული ბამბა, მატყლი ან აბრეშუმი. გახსოვდეთ, რომ ნატურალური ბოჭკოც კი შეიძლება იყოს დამუშავებული, ამიტომ ეტიკეტზე ეძებეთ ზემოთ ხსენებული სერტიფიკატები (როგორიცაა GOTS ან Oeko-Tex), რომლებიც ადასტურებს, რომ მავნე ქიმიკატები წარმოებისას მინიმალურად ან საერთოდ არ იქნა გამოყენებული.
  • მოერიდეთ ზედმეტად კაშკაშა ფერებს: რაც უფრო ინტენსიურია ქსოვილის ფერი, მით უფრო მეტი ქიმიური საღებავია საჭირო მის მისაღებად. ხშირად, უფრო ნეიტრალური ან ბუნებრივი ფერის სამოსი ნაკლებად ინტენსიურ ქიმიურ დამუშავებას საჭიროებს.
  • შეზღუდეთ პლასტიკური პრინტები: ტანსაცმელზე არსებული მყარი პრინტები, ლოგოები და რეზინისებური დეკორაციები ხშირად შეიცავს ფტალატებს (პლასტიზატორებს). შეეცადეთ შეამციროთ ასეთი დეტალების მქონე სამოსის რაოდენობა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
  • უპირატესობა მიანიჭეთ სანდრო ბრენდებს, რომლებიც ღიად საუბრობენ თავიანთი წარმოების ჯაჭვზე.

ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება, რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.