5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
ფოტო: PSP
მზის ულტრაიისფერი გამოსხივება, UVA და დამწვრობის გამომწვევი UVB სხივები, დედამიწაზე თითქმის ყველგან აღწევს და ჩვენზეც ყოველთვის მოქმედებს, სადაც არ უნდა ვიყოთ.
ცხადია, მზის გულზე და ფანჯარასთან ზიანის რისკი განსხვავებულია, ზოგჯერ თითქმის არარსებულიც, თუმცა ამის მართვა თავისუფლად შეგვიძლია. თავდაცვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ფართო სპექტრის (UVA + UVB) მზისგან დამცავია და, ჰო, იმის ცოდნა, როდის გვჭირდება მისი გამოყენება.
მზე თითქმის ყველგან აღწევსო, ვახსენეთ, ჰოდა ავხსნით — აი, 5 სრულიად ბუნებრივი და თან უჩვეულო ადგილი, სადაც SPF-ის გარეშე მზეს ვერ დაემალები:
ჩრდილში
ქოლგის ქვეშ შეიყუჟე და გგონია, მზეს დაემალე? დამწვრობის რისკი კი შეამცირე, მაგრამ ქოლგა — ან ნებისმიერი რამ "თავის დასაჩრდილად" — მხოლოდ პირდაპირი სხივებისგან გვიცავს, როცა გაფანტული გამოსხივება ჩვენამდე მაინც აღწევს.
მზის სხივები ატმოსფეროში განიბნევა და ქვიშიდან, წყლიდან, თოვლიდან, ბალახიდან — მოკლედ, ბევრნაირი ზედაპირიდან — ირეკლება სხვადასხვა ინტენსივობით. მათ განსაკუთრებით ძლიერად ირეკლავს ღია ფერის ზედაპირები, მაგალითად თოვლი.
გამოდის, ულტრაიისფერ გამოსხივებას კანი მაინც იღებს, თუნდაც გრილად და კომფორტულად ვიყოთ. შესაბამისად, არ ქრება კანის დაზიანების რისკიც.
წყალქვეშ
ხომ არ გეგონა, რომ წყალში ყოფნისას მზეს ემალები? — ნურას უკაცრავად.
წყალი გვაგრილებს და სიცხეს ან შეხურებასაც ვერ ვგრძნობთ, მაგრამ UV სხივებს მაინც მშვენივრად ატარებს. წყლის ზედაპირიდან ნახევარი მეტრის სიღრმეზეც კი ულტრაიისფერი გამოსხივება დაახლოებით 40%-იანი ინტენსივობით აღწევს.
ის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რომ წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი ტალღები სხივებს სხვადასხვა კუთხით გარდატეხს; გარდა ამისა, მხრები და ზურგი წყალში ცურვისას ხშირად პირდაპირ მზისკენ არის მიმართული.
ღრუბელქვეშ
ძალიან ცდები, თუ გგონია, რომ მზისგან დამცავი მოღრუბლულ ამინდში არ გჭირდება.
დაბალი და საშუალო სიმკვრივის ღრუბლები UV სხივების დაახლოებით 80%-ს შეიძლება ატარებდეს. მეტიც, არსებობს ფენომენი, რომელსაც "გაფანტული ღრუბლის ეფექტს" უწოდებენ — ამ დროს UV გამოსხივების დონე ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდში შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მოწმენდილ ცაზე.
ამის ერთ-ერთი სავარაუდო ახსნა ისაა, რომ, როცა თეთრი ღრუბლებია გაფანტული, სხივებს მეზობელი ღრუბლების გვერდები ირეკლავს და დამატებით მიმოფანტავს.
ოთახში ან მანქანაში
თუ, რა თქმა უნდა, დრაკულასავით ყველაფერი არ ჩაგიბნელებია მუქი ფარდებით. მართლა — სტანდარტული მინის ფანჯრები თითქმის სრულად (97%-ით) ბლოკავს დამწვრობის გამომწვევ UVB სხივებს, მაგრამ UVA სხივების დაახლოებით 50-75% მინაში თავისუფლად აღწევს.
UVA სხივები კანს არ წვავს, ამიტომ მათი ზემოქმედება შეიძლება ვერ შენიშნო, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩენ, რომ საჭესთან ჯდომისგან ცალი ხელი გაგერუჯა... და, ჰო, რუჯიც ზიანის მანიშნებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ UVA სხივები კანის ღრმა ფენებში აღწევს, ფოტოდაბერებას (ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს) პროვოცირებს და უჯრედის დნმ-საც აზიანებს.
თოვლიან ქუჩაზე
დიახაც, არ მოგესმა. თოვლი ბუნებრივი სარკესავითაა და მზის ულტრაიისფერი (UV) სხივების ლამის 80%-ს ირეკლავს, ანუ ზემოდან ძირს მოხვედრილი სხივები ისევ ზემოთ, ჩვენკენ, მოემართება. გამოდის, თოვლიან გარემოში სხივები ორმაგი ძალისხმევით გვიტევს — როგორც ზემოდან, ისე ქვემოდან.
გარდა ამისა, მთაში, სადაც ჰაერი ნაკლებად მკვრივია, ყოველ მომდევნო 1000 მეტრზე ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა დაახლოებით 10-12%-ით იზრდება. სწორედ ამიტომ იწვებიან მოლაშქრეები ან ალპინისტები ზამთარშიც კი.
მაინც გახსოვდეს, რომ დამწვრობა სულაც არაა აუცილებელი კანის დაზიანებისთვის — მზისგან დამცავი სახლშიც გჭირდება, მანქანაშიც, ჩრდილშიც და თოვლშიც. როგორი მზისგან დამცავი გჭირდება, ამის გაგებაში შეიძლება ჩვენი ეს ქვიზი დაგეხმაროს, ხოლო SPF-ების ფართო ასორტიმენტი და ფასდაკლებები კი PSP-ში გელოდება!






კომენტარები