NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
მკვლევრებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, ეს გეომეტრიული ნაპრალები კონკრეტულად რამ შექმნა
ფოტო: NASA/JPL-Caltech/MSSS
NASA-ს მარსმავალი Curiosity მარსული ხეობის, ვალე გრანდეს შესწავლისას, არაჩვეულებრივ ლანდშაფტს გადააწყდა. მარსმავლის მიერ გამოგზავნილი სურათები აჩვენებს ზედაპირს, რომელიც სავსეა ფიჭისებრი ნაპრალებით, თითოეული სიგანით 4-დან 8 სანტიმეტრამდეა.
მსგავსი გეომეტრიული ფორმების მცირე გროვები Curiosity-ს ადრეც შეუმჩნევია, თუმცა არასდროს ისეთი მასშტაბით, როგორიც ეს ვალე გრანდეში ჩანს.
პოლიგონების ზღვა მთელ მარსზე
ამ სტრუქტურების სრული მასშტაბი 360-გრადუსიან პანორამაზეა ხილული, რომელიც 19 და 20 ივნისს, მისიის 4930-ე და 4931-ე მარსულ დღეს (სოლზე) გადაიღეს. პოლიგონები ყველა მიმართულებით გადაჭიმულია, იქამდე, სანამ მარსმავალი ხედავს.
ეს ნაპრალები ახლომდებარე ბორცვის, მირაფლორესის, ფერდობებზეც ადის. ეს ფორმაცია გარშემო ლანდშაფტს 6 მეტრით სცილდება და ზემოდან ქვიშის სქელი ფენა აქვს.
"Curiosity-ს თვალით ჩვენ ბევრი შთამბეჭდავი ლანდშაფტი ვნახეთ, მაგრამ პოლიგონების ამ ზღვამ სუნთქვა შეგვიკრა. მათი ფორმები და ქიმიური შემადგენლობა ყურადღებით გავზომეთ და იმედი გვაქვს, მონაცემებში ვიპოვით კვალს, ეს სტრუქტურები როგორ ჩამოყალიბდა", — თქვა მისიის პროექტის მეცნიერმა, NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) წარმომადგენელმა აშვინ ვასავადამ.
რამ შექმნა ფიჭისებრი ნიმუშები?
NASA-ს Curiosity-ს მიერ აღმოჩენილი პოლიგონისებრი ნაპრალების ახლო ხედი მათ ფიჭისებრ სტრუქტურას გამოკვეთს
ფოტო: NASA/JPL-Caltech/MSSS
Curiosity-ს მიერ ადრე შესწავლილი ზოგიერთი პოლიგონისებრი ფორმაცია აშკარად გამომშრალი ტალახის ბზარებიდან წარმოიშვა. თუმცა ამგვარი ფიჭისებრი იერის შექმნა რამდენიმე სხვადასხვა პროცესსაც შეუძლია.
განმეორებადმა გათბობა-გაცივებამ ზედაპირი გეომეტრიულ ფორმებად შეიძლება დაბზაროს. მსგავსი ნიმუშები კომპრესიასაც შეუძლია შექმნას, ეს ხდება მაშინ, როცა ნალექოვანი მასალა ზედაპირქვეშ მოექცევა და მისგან წყალი გამოიდევნება.
მეცნიერები ახლად აღმოჩენილ ფორმაციებს სწავლობენ, რათა დაადგინონ, ვალე გრანდეს ლანდშაფტს ეს ორი პროცესი ცალ-ცალკე ქმნის თუ ერთად.
მარსული მოულოდნელობების თოთხმეტი წელი
პოლიგონების ეს უზარმაზარი ველი უახლესია იმ მოულოდნელი აღმოჩენების გრძელ სიაში, რომლებიც Curiosity-მ გააკეთა მას შემდეგ, რაც 14 წლის წინ, 2012 წლის 5 აგვისტოს, მარსზე დაეშვა.
NASA-ს მარსმავალმა Curiosity-მ ეს, ქვიშით დაფარული ბორცვი, მირაფლორესი 2026 წლის 11 ივნისს გადაიღო. მიმდებარე ტერიტორია ზედაპირულ სტრუქტურებს, პოლიგონებს, მოიცავს
ფოტო: NASA/JPL-Caltech/MSSS
მოგზაურობის განმავლობაში მარსმავალს გოგირდის კრისტალები, ამრეკლავი მეტეორიტები და მრავალი სხვა უჩვეულო გეოლოგიური ფორმაცია შეხვედრია. რაც მთავარია, Curiosity-მ ძველი მარსის შესახებ მეცნიერების წარმოდგენა შეცვალა. მან აჩვენა, რომ პლანეტაზე ოდესღაც წყალი, სასარგებლო ქიმიური ნაერთები და საკვები ნივთიერებები არსებობდა, რომლებსაც მიკრობული სიცოცხლის შენარჩუნება შეეძლო.
მარსის წყლიანი წარსულის კვალი
მილიარდობით წლის წინ, 5-კილომეტრიანი მთის, Mount Sharp-ის ქვედა ფერდობებზე, ტბები და ნაკადულები იყო მიმოფანტული. Curiosity ამ მთაზე 2014 წლიდან ადის.
NASA-ს მარსმავლის Curiosity-ს ეს ავტოპორტრეტი მას ნამიბის დიუნთან გვიჩვენებს
ფოტო: NASA/JPL-Caltech/MSSS
მარსმავალმა ამ უფრო წყლიანი პერიოდის ქიმიური კვალი აღმოაჩინა, მათ შორის ნახშირბადზე დაფუძნებული მოლეკულები, რომლებიც, სავარაუდოდ, ორი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ნუკლეინის მჟავის, რნმ-ისა და დნმ-ის წინამორბედებია.
მეცნიერები ვერ ადგენენ, ეს ორგანული მოლეკულები ბიოლოგიური თუ გეოლოგიური პროცესებით შეიქმნა: ორივე ვერსია შესაძლებელია. ამის მიუხედავად, აღმოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძველ მარსზე სიცოცხლისთვის საჭირო ქიმიური კომპონენტები არსებობდა.
მისია, რომელსაც პასადენაში მდებარე კალტექი მართავს, JPL-მა შექმნა და NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის სახელით, ვაშინგტონში, სააგენტოს მარსის კვლევის პროგრამის ფარგლებში ხელმძღვანელობს.
კომენტარები