ანდრა (ἄνδρα) — ანუ ადამიანი, ქმარი, გმირი

ოდისეას ეს გამხსნელი სიტყვა თავისი მნიშვნელობებით გვიყვება ამბავს იმაზე, თუ რას მოგვითხრობს პოეტი. თუ ილიადა განკაცებული ღმერთებისა და გაღმერთებული კაცების შესახებაა, ოდისეა ჭეშმარიტად ადამიანზეა, რომლის ისტორიაშიცაა ჩაქსოვილი მთელი სამყარო. ამბავი იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ მასთან სრულიად უნიკალური კავშირის დამყარების საშუალებას გაძლევს და ინტერპრეტაციის უსაზღვრო სივრცესაც გიხსნის. ჰომეროსის ეპიკური ნაწარმოებები არა მხოლოდ დიდი ლიტერატურაა, არამედ დიდ ლიტერატურულ აფეთქებადაც შეიძლება ჩაითვალოს. ილიადა და ოდისეა ქმნის ერთგვარ ლიტერატურულ დროსა და სივრცეს, რომელშიც გაერთიანებულია ყველაფერი, რაც მას შემდეგ ვნახეთ: სიყვარული, სიძულვილი, გმირობა, ლაჩრობა, დანაკარგი, მეგობრობა, მამობა, დედობა, შვილობა და თითქმის ყოველივე ის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს.

ნაწარმოები ჩემთვის ყველაზე გამორჩეულებს შორის მარადმწვანედ ფავორიტთა სიაშია და როცა გავარდა ხმა, რომ კრისტოფერ ნოლანი ფილმის გადაღებას აპირებდა, თან გამიხარდა და თან — არა. გამიხარდა იმიტომ, რომ ოდისეაზე ვნახავ ფილმს და არ გამიხარდა იმიტომ, რომ მასშტაბურ ლიტერატურაზე კარგი ფილმი იშვიათად, ან საერთოდ არ გამოდის. ოდისეა არის სიმღერა, რომელიც ზეპირსიტყვიერად გადაიცემოდა და დაახლოებით 8 საათი გრძელდება. ნოლანი შეეცადა და ეს სიმღერა თითქმის 3 საათში ჩაატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ნაწილი ფილმში ვერ მოხვდებოდა, ანუ უკვე გვაქვს მოცემულობა, რომ ფილმი არასრულია. შეცდომა, რომელიც თავიდან დავუშვი, ის იყო, რომ ავტომატურად შევიქმენი მოლოდინი, თითქოს ნოლანს ფილმში ყველაფერი უნდა ეჩვენებინა. მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ თუ ამ მოლოდინით შევიდოდი ფილმის სანახავად, აუცილებლად ძლიერად იმედგაცრუებული გამოვიდოდი. ამიტომ, მიდგომა შევცვალე, უბრალოდ არანაირი მოლოდინი არ მაქვს და ფილმის ნახვასაც ასე ვაპირებ. თუმცა, მაინც ხშირად მეფიქრება, რა ნაწილს დატოვებს და რას ამოიღებს რეჟისორი.

პოლუტროპოს (Πολύτροπος)

წიგნის პირველ თავში პოეტი მუზას სთხოვს უმღეროს კაცზე, რომელმაც დააქცია ტროას ციხესიმაგრე. თუმცა სიტყვა, რომელიც ამ კაცის აღმნიშვნელია, არის პოლუტროპოს, რაც ქართველმა მთარგმნელებმა (თამაზ ჩხენკელი, ზურაბ კიკნაძე) თარგმნეს როგორც "მრავალტანჯული", სიტყვა-სიტყვით კი ითარგმნება როგორც "მრავალი" და "გზა/მიმართულება". თარგმანი დამოკიდებულია მკითხველის ინტერპრეტაციაზე. თუ შენთვის ოდისევსი ცბიერი, ხრიკების დიდოსტატი, ჭკვიანი, მოქნილი და გამჭრიახია, მაშინ შეგიძლია, სიტყვა თარგმნო როგორც "მრავალგზის". მაგრამ თუ დავუჯერებთ თავად ოდისევსსაც, როცა სხვებს ეუბნება, რომ მისი ცხოვრება ტანჯვაა, მაშინ ამ სიტყვის თარგმნა "მრავალტანჯულადაც" შეიძლება. როგორც ეპითეტის, ასევე მთავარი გმირის ინტერპრეტაციაც მრავალი გზით შეიძლება. ყოველი ახალი წაკითხვა ჩემთვის ოდისევსის ახლებურად დანახვაა. ოდისევსი ილიადაში საუკეთესო ტაქტიკოსია, ჰერმესსაც რომ შეშურდება ისეთი ხრიკების მოფიქრება შეუძლია, მაგრამ ოდისეაში ის ბევრ შეცდომას უშვებს, რითაც ალბათ ჰომეროსი გვახსენებს, რომ აქილევსის შემდეგ ყველაზე დიდმა აქაველმაც კი შეიძლება წამოიკრას ფეხი.

ფოტო: Wikimedia Commons

წიგნში ოდისევსი პოსეიდონის შვილს, ციკლოპ პოლიფემეს გადაეყრება ციკლოპების კუნძულზე, სადაც ის მას დააბრმავებს, მანამდე კი ეტყვის, რომ მას ჰქვია "უტის" (ანუ არავინ). ამ ხრიკს ოდისევსი იყენებს იმისთვის, რომ როცა ციკლოპი დახმარებას შესთხოვს სხვა ციკლოპებს და ისინი ეკითხებიან ვინ დააბრმავა, პოლიფემე პასუხობს "უტის, უტის!" ანუ არავინო, რაზეც ისინი ჩათვლიან, რომ პოლიფემეს უბრალოდ ღვთის რისხვა ეწია და ვერაფრით ვერ დაეხმარებიან. სამშვიდობოს გამოსვლის შემდეგ, ოდისევსი გადაჰყვირებს პოლიფემეს და ეტყვის, რომ თუ ვინმემ მოჰკითხა ამბავი, უთხრას, რომ ოდისევსმა დააბრმავა. ამის გაგებისას, პოლიფემე უმალ თავის მამას, მთავარი ღვთაებრივი ტრიადიდან ერთ-ერთს, პოსეიდონს სთხოვს, რომ ოდისევსი სახლში ვერასოდეს დაბრუნდეს და თუ ოდესმე დაბრუნდება, მაშინ ამ გზაზე ყველა თავისი მეგობარი დაკარგოს. სწორედ ეს ფატალური შეცდომა გახდა იმის მიზეზი, რომ ოდისევსს შინ დასაბრუნებლად დამატებით 10 წელი დასჭირდა. ეს შეცდომა მას "არ ეკადრება", მაგრამ ჰომეროსთან უშეცდომო არავინაა. საინტერესოა, როგორ ხედავს რეჟისორი მთავარ გმირს. არის თუ არა ის საკმარისად ცბიერი ან მატყუარა? დაუშვებს თუ არა ფატალურ შეცდომებს? განიცდის თუ არა მის გამო ტროაში დახოცილი ხალხის სიკვდილს? არის თუ არა შემწყნარებელი? იმედი მაქვს, რომ ბრტყელი ჰოლივუდური გმირის ნაცვლად, მრავალშრიან პერსონაჟს ვიხილავთ.

in medias res — მოვლენათა შუაში

დრო ოდისეაში საკმაოდ არაწრფივია. ამბავი იწყება მოვლენათა შუაში და ზუსტად ამიტომ იყენებენ ჰორაციოს ამ დამკვიდრებულ ტერმინს მის აღსაწერად. ამბავი იწყება ათენას თხოვნით, ზევსმა დართოს ნება დააბრუნოს ოდისევსი სახლში კალიფსოს კუნძულიდან, რადგან ითაკაზე უკვე გადამწყვეტი მომენტი დგება — რა ბედი უნდა ეწიოს ოდისევსის ცოლ პენელოპეს? გაჰყვეს თუ არა შეკრებილი სასიძოებიდან ერთ-ერთს? სად მიდის უმამოდ გაზრდილი, სუსტი ტელემაქე? აწმყოში არსებული მდგომარეობა მალევე იცვლება, როცა ოდისევსი კალიფსოს კუნძულს ტოვებს და ფეაკელთა კუნძულზე მეფე ალკინოეს ხვდება. იქ ოდისევსი იწყებს თავისი ისტორიის მოყოლას და გვაბრუნებს უკან დროში. ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ გვახსოვს მამის საძებნელად წასული ტელემაქეს მცირე ოდისეაც და ასე, ერთდროულად იხლართება წარსული, აწმყო და მომავალი. მუდმივად წინ-უკან ხტომის კინემატოგრაფიულად გადმოცემა საკმაოდ რთულია, თუმცა კრისტოფერ ნოლანს მსგავსი რამ არაერთხელ უცდია, მაგალითად: მემენტოსა და ინტერსტელარში. საინტერესოა, როგორ განვითარდება დროის ხაზი ახალ ეკრანიზაციაში.

ღმერთები — Θεοί

ილიადასა და ოდისეაში ღმერთები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები მიმდინარე მოვლენებში. ისეც კი ყოფილა, რომ განრისხებულმა დიომედემ აფროდიტე მაჯაში დაჭრა, აქილევსი კი მდინარის ღმერთსაც შეებრძოლა. ოდისეაში ღმერთები ასე მრავლად არ არიან წარმოდგენილები, თუმცა არის რამდენიმე, რომელთა გარეშეც ფილმი ალბათ ვერ ჩაივლის. ესენია: ათენა, ჰერმესი, პოსეიდონი, ზევსი, ჰელიოსი, კირკე და კალიფსო.

თითოეული ღმერთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოდისევსის ისტორიაში და საინტერესოა, შევხვდებით თუ არა მათ ფილმში. ათენა მთავარი ქალღმერთია, რომელიც ყველაზე ხშირად ჩანს, როგორც ოდისევსის გზამკვლევი და ერთგვარი მენტორიც. თუმცა ჰერმესია ის, ვინც კირკეს საწამლავისთვის განკუთვნილ ანტიდოტს აძლევს, რის გამოც ოდისევსი ღორად გადაქცევას თავიდან აირიდებს. პოსეიდონია ის, ვის გამოც სახლში ვერ ბრუნდება ოდისევსი. ჰელიოსი კი ისაა, ვის საქონელსაც ოდისევსის ამხანაგები შეჭამენ და ამის გამო უდიდესი რისხვა დაატყდებათ.

კაცობრიობის ბედთან ღმერთები მჭიდრო ბმაში არიან, ასევე, მეტწილად განაგებენ მას. შესაბამისად, საინტერესოა, ფილმი უფრო ადამიანური იქნება თუ ღვთაებრივი ელემენტებით დატვირთული, როგორც ეს წიგნშია. რა დოზით უნდა ველოდოთ ღვთაებრივ ელემენტებს?


დედოფალი არეტე

ფოტო: Johan August Malmström / Getty

მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟი კაცია და პოეტიც მის ამბავს გვიყვება, ისტორია დახუნძლულია ქალი პერსონაჟებით, რომლებსაც ოდისევსის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ. საინტერესოა, დაინახავს თუ არა ასე ნოლანი ქალ პერსონაჟებსაც, თუ უბრალოდ მეორეხარისხოვან გმირებად დატოვებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალი, რომელიც ოდისეაში გვხვდება, ფეაკელთა დედოფალი, მეფე ალკინოეს ცოლი — არეტეა და მისი შვილი პრინცესა ნაუსიკა. კალიფსოს კუნძულიდან ცოცხალმკვდარი ოდისევსი ფაეკელთა კუნძულზე გამოირიყება სრულიად მარტო, ბუჩქებში მიმალულს კი პრინცესა ნაუსიკა გადაეყრება. პრინცესა ოდისევსს ასწავლის, როგორ უნდა მოხვდეს მის სასახლეში, რათა ითაკაზე დასაბრუნებლად დახმარება ითხოვოს. მითითება, რომელსაც პრინცესა მას აძლევს, არის შემდეგი: უნდა შევიდეს სასახლეში, გასცდეს მეფე ალკინოეს, მივარდეს დედოფალ არეტესთან და მუხლებზე ემთხვიოს. თუ ოდისევსი დედოფალზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს, მაშინ მას მისცემენ ყველაფერს, რაც უნდა.

ეს ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ორი მიზეზის გამო: 1. ნაუსიკას ეს მითითება მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს კუნძული მატრიარქალურია, სადაც მთავარ გადაწყვეტილებას იღებს ქალი — დედოფალი არეტე. 2. სიტყვა არეტე ძველ ბერძნულად ნიშნავს "სიქველეს" ან "ბრწყინვალებას", რაც ბადებს კითხვას, რატომ მაინცდამაინც ეს სახელი და რატომ მაინცდამაინც ქალ პერსონაჟს? თან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ოდისევსის თხოვნაზე არეტეს ხმა არ ამოუღია, თუმცა მის ვერდიქტს ყველა უსიტყვოდ მიხვდა. აქ ჩემთვის მნიშვნელოვანია დედოფლის ქალური გრძნობა და გუმანი, დაინახოს ოდისევსში ღირსეული კაცი, რომელიც ქველიცაა და ბრწყინვალეც თავისი სიდიადით და თან ისე, რომ მასზე არაფერი არ იცოდეს. სწორედ არეტეს დამსახურებაა, რომ ოდისევსს მეფურად უმასპინძლებენ და სახლში დააბრუნებენ. ქალღმერთი კირკე კი, კალიფსოსგან განსხვავებით, ჭეშმარიტი საფრთხეა პენელოპეს იდეის, რადგან რომ არა ოდისევსის ამხანაგების შეგონება, მას ფაქტობრივად დავიწყებული ჰქონდა თავისი ნოსტოსი (სახლში დაბრუნება). თუ კალიფსო ოდისევსს ატყვევებს, კირკე მას სარეცელს თავისივე ნებით უზიარებს ერთი წლის განმავლობაში. ამ და სხვა დეტალებში იმალება ქალი პერსონაჟების უდიდესი როლი, რომლის ბედსაც მალე კინოთეატრებში ვიხილავთ.

კრიტიკის კრიტიკა


ინტერნეტში გავრცელებული კრიტიკა კრისტოფერ ნოლანის პერსონაჟებთან დაკავშირებით ხშირად ორ პერსონაჟზე ამახვილებს ყურადღებას, ესენია — ელენე და აქილევსი. ოდისეას ამ ადაპტაციაში ელენეს როლს ასრულებს შავკანიანი მსახიობი ლუპიტა ნიონგო, რომელიც კრიტიკის ობიექტი პირველი გახდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თითქოს დაირღვა ისტორიული სიზუსტე (პერსონაჟზე, რომელიც კვერცხისგან გამოიჩეკა, რადგან ზევსი გედად გადაიქცა, როცა ელენეს დედა — ლედა დააორსულა). ჰომეროსი არც ილიადაში და არც ოდისეაში ელენეს ფიზიკურად არ აღწერს. ის ელენეს ყოველთვის მოიხსენიებს როგორც ღვთაებრივად და არტემისივით ლამაზს, აფროდიტეს სადარს და ა.შ. ერთადერთი, რაც შეიძლება კანის ფერთან ოდნავ ახლოს იყოს, ეს არის ეპითეტი "თეთრმკლავება", რაც სინამდვილეში ქალების სოციალური კლასის გამომხატველია, ვიდრე მათი კანის ფერის. თეთრმკლავებას უწოდებდნენ მათ, ვისაც არ უწევდა მზეზე შრომა, ანუ არ იყო მოახლე. თეთრმკლავებაა ჰერაც, პენელოპეც, ელენეც და ნაუსიკაც. ჰომეროსის გენია ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ელენესნაირი პერსონაჟი (რომლის გამოც იწყება ომი და რომლის სილამაზეც ღმერთებს უტოლდება) დატოვოს მაქსიმალურად ბუნდოვანი და დაუტოვოს მკითხველს ინტერპრეტაციის საშუალება. ელენე მუდმივად იცვლებოდა და არასდროს არ ყოფილა ერთნაირი. სხვადასხვა ეპოქის მხატვრები ელენეს სხვადასხვანაირად ხატავდნენ. რადგან ოდისეა მხატვრული ნაწარმოებია, რომელშიც ღმერთები ბუებად გადაიქცევიან და ზღვის მონსტრები ზღვაში სახლობენ, მგონი, ისტორიულ სიზუსტესა და დოკუმენტალისტიკაზე პრეტენზია არასწორია. ელენე არის ქალი, რომლის გამოც ომს დაიწყებ და ეს შეიძლება იყოს ყველა. რატომღაც არავის ახსენდება, რომ მენელაოსს ქერა კულულები აქვს, ფილმის ტრეილერში კი ის მელოტია. ასევე, არავის გაახსენდა, რომ ოდისევსის ჩაფხუტი ტახის ეშვებისგანაა გაკეთებული, რომელიც ბაბუამისმა მოიპარა ოდესღაც. საინტერესოა დავფიქრდეთ, რატომაა მაინცდამაინც კანის ფერი ასეთი შემაშფოთებელი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქილევსის როლს ელიოტ პეიჯი ასრულებდა, რასაც ასევე მოჰყვა დიდი დისკუსია და კრიტიკა განსაკუთრებით მათგან, ვისაც აქილევსი მასკულინობის პიკად მიაჩნიათ. ერთ-ერთი მითის მიხედვით, აქილევსი რომ ტროას ომში არ წასულიყო (რადგან იქ სიკვდილი უწინასწარმეტყველა განგებამ), დედამისმა, ქალღმერთმა თეტისმა, ის კუნძულ სკიროსზე მეფე ლიკომედესთან დამალა. თეტისმა აქილევსს კაბა ჩააცვა და მეფე ლიკომედეს 7 ქალიშვილთან ერთად მიუჩინა ყოფნა. ვერავინ არჩევდა აქილევსს, იმდენად ლამაზი და ანდროგენული იყო. ბოლოს, გონებამახვილმა ოდისევსმა მეფის შვილებს საჩუქრები მიუტანა, რომლებშიც იყო ბევრი სამკაული და ამ სამკაულებში გარეული ხმალი, შუბი და ფარი. სხვა გოგოები სამკაულებს ათვალიერებდნენ, აქილევსი კი ხმალთან მივარდა. მხოლოდ ასე გაარჩია ოდისევსმა ქალებისგან აქილევსი. ამასთანავე, აქილევსი მხოლოდ ერთხელ გვხვდება და ისიც მიწისქვეშეთში, სადაც ის თავისი თავის აჩრდილია დარჩენილი, ჩამორთემეული აქვს ყველა დიდება და ჭეშმარიტად თანასწორია ყველა მკვდართან. ის ოდისევსს შესჩივლებს კიდეც, რომ დედამიწაზე მონის მონად ყოფნა ურჩევნია, ვიდრე ჰადესში მეფობა. აქედან გამომდინარე, არც ელიოტ პეიჯზე დამდგარი ვაი-ვიში მგონია სწორი. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ფილმს არ ვნახავთ და მერე არ შევაფასებთ.

ფოტო: Universal Pictures

ოდისეას ყველა თარგმანი მისი ინტერპრეტაციაა, შესაბამისად ამ ტექსტის ხელოვნების ენაზე თარგმნაც ინტერპრეტაცია გამოდის. საინტერესოა, როგორ ინტერპრეტირებს კრისტოფერ ნოლანი მთავარ გმირს, ღმერთებს, ქალ პერსონაჟებს და როგორ გაჰყავს დრო. კინოთეატრში ალბათ უფრო ამ კითხვებით მივდივარ, ვიდრე რამე მოლოდინით. თუმცა, ერთი იმედი ის მაქვს, რომ სტანდარტულ ჰოლივუდურ გმირს არ ვნახავ, რომლისგანაც ჩამორეცხილი იქნება ყველა ის ადამიანური თვისება, რომლებიც არა მარტო ოდისევსს, არამედ ჩვენც ადამიანებად გვაქცევს.