კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული
ფოტო: Getty Images
შესაძლოა, კიბოს საბოლოო განკურნების გზა ჯერ კიდევ არ გვაქვს, თუმცა კვლევების წყალობით, რისკფაქტორების მზარდი სია გაგვაჩნია. მათ შორისაა ფიზიკური აქტივობის დონე, ალკოჰოლის მიღება, წონა და ქორწინების სტატუსიც კი.
და, აი, ახალი ფართომასშტაბიანი ანალიზი მიუთითებს, რომ გამაფრთხილებელი სიგნალის მატარებელი შეიძლება კიდევ ერთი რამ იყოს.
მკვლევრების საერთაშორისო გუნდმა 11 ხანგრძლივი კვლევა შეისწავლა, რომლებშიც 26 000-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის კაცი მონაწილეობდა და დაკვირვების პერიოდი მინიმუმ ხუთ წელს მოიცავდა.
მიღებული შედეგი არ ნიშნავს, რომ ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს იწვევს. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამის გამო კაცებმა ტესტოსტერონის ინიექციების მიღება არ უნდა დაიყწონ.
ეს მიუთითებს, რომ დაბალი ტესტოსტერონი, შესაძლოა, ჯანმრთელობის სამომავლო მდგომარეობის მნიშვნელოვანი მარკერი იყოს.
კიბოთი სიკვდილის რისკი ტესტოსტერონის დონის მიხედვით (მარცხნივ ტესტოსტერონის დაბალი მაჩვენებელი)
ფოტო: Lancet Healthy Longev
ტესტოსტერონის დონე ჯანმრთელობის პრობლემებთან წარსულშიც დაუკავშირებიათ, თუმცა კაცის სქესის მთავარი ჰორმონის კავშირი კიბოს რისკთან აქამდე ბოლომდე ნათელი არ იყო.
უჯრედების ზრდასთან ამ ჰორმონის მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით, კვლევის ავტორებს საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლა სურდათ.
"გვსურდა გაგვერკვია, უკავშირდებოდა თუ არა სისხლში ამ ჰორმონების კონცენტრაცია კაცებში მომავალში კიბოს დიაგნოზის დასმის ან მისგან გარდაცვალების რისკს", — ამბობს ენდოკრინოლოგი ბუ იიპი დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტიდან.
კვლევის მიზნებისთვის, ტესტოსტერონის კონცენტრაცია გაიზომა ნანომოლით ლიტრზე (nmol/L), რაც სტანდარტული საზომია. ახალგაზრდა, ჯანმრთელ მამაკაცებში ეს მაჩვენებელი ჩვეულებრივ 10-დან 30 nmol/L-მდე მერყეობს.
"ჩვენ დავინახეთ, რომ თუ კაცს ტესტოსტერონის დაბალი დონე ჰქონდა — დიაპაზონის ყველაზე დაბალ მეხუთედში, ყველაზე მაღალ მეხუთედთან შედარებით — მისი კიბოთი გარდაცვალების შემდგომი რისკი უფრო მაღალი იყო, ასაკისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც კი", — ამბობს იიპი.
კიდევ ერთი აღსანიშნავი აღმოჩენა: კაცებს, რომლებსაც ტესტოსტერონის ძალიან დაბალი დონე ჰქონდათ, კიბოს დიაგნოზის დასმის, ისევე როგორც მისგან გარდაცვალების, უფრო მაღალი რისკი აღენიშნებოდათ.
მკვლევრებმა შეაჯამეს მრავალი კვლევის შედეგები: ეს დიაგრამა აჩვენებს კიბოთი სიკვდილის რისკს ტესტოსტერონის დაბალ და მაღალ დონეებს შორის.
კიბოთი სიკვდილიანობამ ზრდა დაიწყო მაშინ, როდესაც ტესტოსტერონის დონე 8,6 nmol/L-ს ჩამოსცდა. კიბოს დიაგნოსტირების კუთხით კი რისკი 7,3 nmol/L-ზე დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში გაიზარდა.
"ჩვენ დავინახეთ, რომ როდესაც ტესტოსტერონის საბაზისო დონე 8,6 nmol/L-ზე ნაკლები იყო, კიბოს შემდგომი რისკი იზრდებოდა", — აღნიშნავს იიპი.
მკვლევრების თქმით, ეს მიუთითებს, რომ ტესტოსტერონის დაბალი დონე მნიშვნელოვანი ბიომარკერია. შესაბამისად, შესაძლოა, ტესტოსტერონის მაჩვენებელზე დაკვირვება დაგვეხმაროს იმ კაცების გამოვლენაში, რომლებსაც მომავალში კიბოს გაჩენის შემთხვევაში მდგომარეობის გართულების მაღალი რისკი ექნებათ.
იყო ერთი აღსანიშნავი გამონაკლისი: პროსტატის კიბო.
ეს გასაკვირია, რადგან პროსტატა ტესტოსტერონის სიგნალებზე მკვეთრად რეაგირებს. ამის მიზეზის დასადგენად შემდგომი კვლევები იქნება საჭირო.
"ვინაიდან ტესტოსტერონის დონის შემცირება პროსტატის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, მუდმივად არსებობდა კითხვა: უკავშირდება თუ არა საკუთარი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ტესტოსტერონის რაოდენობა პროსტატის კიბოს რისკს", — ამბობს იიპი.
მეორე მხრივ, მკვლევრების ბოლო მიგნებების საფუძველზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირშია.
მონაცემებმა აჩვენა, რომ სქესის ჰორმონის დამაკავშირებელი გლობულინისა (SHBG) და მალუტეინიზებელი ჰორმონის დაბალი დონე პროსტატის კიბოს დიაგნოზის გაზრდილ ალბათობასთან იყო დაკავშირებული.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს კვლევა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ აჩვენებს.
"რასაც კაცებს ვურჩევდით, ისაა, რომ თუ რაიმე მიზეზით მათ ტესტოსტერონის დაბალი დონე აღმოაჩნდებათ, მნიშვნელოვანია მიმართონ ექიმს სრული გამოკვლევისთვის",— განმარტავს იიპი.
კვლევა ჟურნალ The Lancet Healthy Longevity-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები