კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
ფოტო: Getty Images
ადამიანთა სამრეწველო საქმიანობით პროვოცირებული კლიმატის ცვლილების გამო დედამიწის ბრუნვა ისეთი ტემპით ნელდება, რომელიც ბოლო 3.6 მილიონ წელში გამორჩეულად სწრაფია. ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში გვიყვებიან, რომლის თანახმადაც ზღვის დონის მატება დღეების ხანგრძლივობას ყოველ საუკუნეში 1.33 მილიწამით ზრდის.
დედამიწა უფრო სწრაფად მაშინ ბრუნავს, როცა მისი მასა კონცენტრირებულია. აქამდეც ვიცოდით, რომ წყლის დონის მატება მასის არათანაბარ განაწილებას იწვევს და ბრუნვაზეც ზემოქმედებს, მაგრამ ახალი შედეგები უპრეცედენტო ტემპს გვიჩვენებს. გასათვალისწინებელია, ისიც, რომ ჩვენი პლანეტის მოძრაობაზე მთვარესაც დიდი გავლენა აქვს, რის შედეგადაც დღეების ხანგრძლივობა საუკუნეში დაახლოებით 2.4 მილიწამით იმატებს.
აღნიშნული ეფექტი გლაციალური იზოსტაზიის სახელით ცნობილი ფენომენის გამო გარკვეულწილად ბათილდება. ესაა პლანეტის ქერქის ნელი აღმასვლა, რაც ყინულის საფარის უკუქცევის შემდეგ გრძელდება და დღეების ხანგრძლივობას საუკუნეში დაახლოებით 0.8 მილიწამით ამოკლებს. მნიშვნელოვანია ელ ნინიოც, ანუ ტროპიკული წყნარი ოკეანის მიმდებარედ ქარისა და წყლის ზედაპირის ტემპერატურის ცვლილებები. ის დღეებს საუკუნეში 1 მილიწამით ხანმოკლეს ხდის.
ბოლო დროს დედამიწის ბრუნვაზე ამ ყველა ფაქტორზე მეტად კლიმატის ცვლილება აისახება. მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, მომხდარა თუ არა მსგავსი რამ წარსულში და დაასკვნეს, რომ ეს საკმაოდ ანომალიური პროცესია. მათ ნიჟარიანი ფორამინიფერების ნამარხები შეისწავლეს, რომელთა ჟანგბადის კონცენტრაციის მიხედვითაც მათი სიცოცხლისას არსებული ზღვის დონის გარკვევაა შესაძლებელი. ამის გათვალისწინებით უკვე დღის ხანგრძლივობას ადგენენ.
ანალიზმა აჩვენა, რომ ახლანდელი 1.33-მილიწამიანი კლების ტემპი ბოლო 3.6 მილიონ წელში ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს შორისაა. მაგალითად, 2 მილიონი წლის წინ, ადრეული პლეისტოცენის ეპოქაში, საუკუნეში 2.1-მილიწამიანი კლების ტემპი დაფიქსირდა. ამ დროს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა გაიზარდა და ტემპერატურამაც მოიმატა.
პროგნოზირებენ, რომ თუ მავნე აირების ემისია ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, შესაძლოა, 2080 წლისთვის საუკუნეში დღეების ხანგრძლივობის 2.62-მილიწამიანი ზრდის ნიშნულს მივაღწიოთ. ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ ეს იმოქმედებს ისეთ მოწყობილობებზე, რომელთათვისაც ზუსტი დროის განსაზღვრა მნიშვნელოვანია.
ნაშრომი გამოცემაში JGR Solid Earth გამოქვეყნდა.
კომენტარები