ასტრონომებმა კომეტა 3I/ATLAS-ის მიერ გამოყოფილი ორგანული მოლეკულები დააფიქსირეს
ფოტო: NASA/JPL-Caltech
NASA-ს კოსმოსური ტელესკოპი SPHEREx დეკემბერში დედამიწასთან მოახლოებულ ვარსკვლავთაშორის კომეტას აკვირდებოდა, რომელიც ახლა უკვე ჩვენს მზის სისტემას ნელ-ნელა ტოვებს. მისი მონაცემების თანახმად, 3I/ATLAS სივრცეში გადაადგილებისას ორგანულ მოლეკულებს გამოყოფდა, მათ შორის: მეთანოლის, ციანიდისა და მეთანისას.
ეს ნაერთები დედამიწაზე სიცოცხლის ე.წ. საშენ მასალად მიიჩნევა, რადგან ბიოლოგიურ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამის მიუხედავად, ისინი სხვაგვარი რეაქციების შედეგადაც შეიძლება წარმოიქმნას, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, "ორგანული" მაინცდამაინც არამიწიერ სიცოცხლესთან არ უნდა დავაკავშიროთ.
3I/ATLAS რიგით მესამე ვარსკვლავთაშორისი ობიექტია, რომელიც ჩვენს სისტემაში მოხვდა. ის 2025 წლის პირველ ივლისს ATLAS-ად წოდებული ასტრონომიული სისტემით აღმოაჩინეს. თავიდანვე გაჟღერდა კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა იგი უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილი. ეს აქამდეც მომხდარა, მაგალითად, იგივე სპეკულაციები მოჰყვა დანარჩენი ორი ვარსკვლავთაშორისი ობიექტის — ოუმუამუასა და ბორისოვის — გამოჩენასაც. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, 3I/ATLAS "ჩვეულებრივი" კომეტაა და ამას ახალი მონაცემებიც არ ცვლის.
იხილეთ: რატომ არ არის კომეტა 3I/ATLAS "უცხოპლანეტური ხომალდი" — კონსპირაციის უარყოფა
საქმე ისაა, რომ ვარსკვლავთან მიახლოებისას კომეტებში არსებული ყინული სუბლიმაციას განიცდის, ანუ პირდაპირ აირად გარდაიქმნება. ეს მატერია ზედაპირზე შეიძლება ამოიფრქვეს და მათ გარშემო ღრუბელი წარმოქმნას, რომელსაც კომას უწოდებენ. ამ აირების შესწავლით ვიგებთ, როგორია ობიექტის შედგენილობა.
მზესთან ჩავლისას 3I/ATLAS-საც სწორედ ასე დაემართა და შიგნით, ღრმად არსებული აირების გამოყოფა დაიწყო. ესაა ნახშირბადით მდიდარი მატერია, რომელსაც სხვა ობიექტებშიც ვხვდებით. სამაგიეროდ, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ დედამიწაზე სიცოცხლის საშენი მასალა შეიძლება ზუსტად ასეთი სხეულებიდან მოხვედრილიყო.
3I/ATLAS-მა ჩვენამდე დიდი გზა განვლო. ის, სავარაუდოდ, ყველაზე ძველი ობიექტია, რომელიც მზის სისტემაში გვინახავს. ჩვენი კოსმოსური სამეზობლო 4.6 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, ეს კომეტა კი 7 მილიარდზე მეტი წლის უნდა იყოს. მზეს ის ოქტომბერში მიუახლოვდა, დედამიწას კი — დეკემბერში. ამ დროს ორბიტაზე ახლად გაშვებული SPHEREx ხელსაყრელ ადგილას იყო იმისთვის, რომ მას სათანადოდ დაჰკვირვებოდა.
SPHEREx კოსმოსის სკანირებისთვის 102 ინფრაწითელ სენსორს იყენებს. მათი მეშვეობით კომეტების კომაში არსებული აირების დაფიქსირებაცაა შესაძლებელი. ასტრონომებმა ეს შანსი გამოიყენეს და საკმაოდ ღირებული ინფორმაციაც მიიღეს. მისი შესწავლის საშუალება ზონდ "ჯუნოსაც" ექნება, როცა კომეტა იუპიტერს ჩაუვლის.
კვლევის შედეგები ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების პლატფორმაზეა (Research Notes of the AAS) გამოქვეყნებული და რეცენზირება ჯერ არ გაუვლია.
კომენტარები