მასწავლებელი, რომელმაც წიგნების აკრძალვა გააპროტესტა და ლიცენზია ჩამოართვეს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ოკლაჰომაში მცხოვრები საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი, რომელმაც წიგნების აკრძალვა გააპროტესტა, მასწავლებლის ლიცენზიის გარეშე დარჩა. ახლა ის კლასში დასაბრუნებლად იბრძვის.

წიგნები, რომლებმაც კარიერა დაასრულა

სამერ ბოისმიერმა თავისი სათავსოს კარი გააღო და იმ ყუთების ძებნა დაიწყო, რომლებმაც მისი კარიერა დაასრულა. რამდენიმე ყუთი მანქანის საბარგულში ჩააწყო და დედამისის სახლში, იუკონში (ოკლაჰომა) წავიდა, სადაც ახლა ცხოვრობს. მისაღებ ოთახში ხალიჩაზე დაიჩოქა და ფრთხილად დაიწყო გამხმარი შესაფუთი ლენტის მოხსნა, პირველად მას შემდეგ, რაც 2022 წელს ყუთები დახურა.

საკუთარ შტატში საჯარო სკოლაში სწავლების რვა წლისა და ერთი დღის განმავლობაში, 37 წლის ბოისმიერმა 500 ტომისგან შემდგარი საკლასო ბიბლიოთეკა დააგროვა, რომელიც მისი 58,000 დოლარიანი წლიური ხელფასით შეიძინა. ის წიგნებს საშუალო სკოლის მოსწავლეებს აძლევდა, რათა ეკრანებზე დამოკიდებულ სამყაროში მათთვის საინტერესო საკითხავი ეპოვათ.

მან წიგნების ამოღება დაიწყო, რომ ჟურნალისტისთვის ეჩვენებინა: ღამე, ხმაური და მძვინვარება, ბუზების მბრძანებელი. მაგრამ ასევე უფრო თანამედროვე ტექსტებიც: გრძელი გზა ქვემოთ, შავკანიან მოზარდზე, რომელიც იარაღით ძალადობასა და რასიზმს უპირისპირდება; ზღვის გოგონა, ლესბოსელი გოგოს ზრდასრულობის გზის შესახებ შექმნილი რომანი.

მას გაახსენდა მოსწავლე, რომელიც ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და იშვიათად მონაწილეობდა კლასში, მაგრამ ერთხელ მარტი წაიღო, (წიგნი ჯონ ლუისის ცხოვრების შესახებ) და აღარ დაუბრუნებია. ბოისმიერი ამას არ ნანობდა. წიგნი, რომელიც მოზარდს უყვარდება, "ისეთი განცდაა, რომელსაც ვერაფერი შეედრება", თქვა მან.

როდესაც ოკლაჰომამ მიიღო კანონები, რომლებიც მასწავლებლებს აიძულებდა, კლასებიდან ამოეღოთ წიგნები რასის, გენდერისა და სექსუალობის თემებზე, მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე. კანონს სხვა მასწავლებლებიც ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ბოისმიერი ამას ხმამაღლა აკეთებდა. მან თავისი მეათე კლასის ინგლისურის აუდიტორია საპროტესტო სიმბოლოებით გაავსო, სოციალურ ქსელებში პოსტავდა და მოსწავლეებს უხსნიდა, როგორ ეპოვათ წიგნები ონლაინ. საბოლოოდ, ის თანამდებობიდან გადადგა.

იცოდა, რომ კონსერვატიულ შტატში კრიტიკა მოჰყვებოდა, მაგრამ რეაქცია გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. 2024 წელს შტატმა მას მასწავლებლის ლიცენზია ჩამოართვა.

ეს გამორჩეულად მკაცრი სასჯელი იყო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 20-ზე მეტმა შტატმა, მათ შორის ოკლაჰომამ, მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავს სასწავლო პროგრამას რასის, გენდერის, სექსუალობისა და ამერიკის ისტორიის გარშემო. ამის გამო ასობით მასწავლებელი დაისაჯა ან სამსახური დაკარგა. თუმცა ბოისმიერი, სავარაუდოდ, ერთადერთია, ვისაც სერტიფიკატი სრულად ჩამოართვეს.

ბოისმიერი ეწვია სათავსოს, სადაც მისი საკლასო ბიბლიოთეკის წიგნები ინახება.

ფოტო: ნიკ ოქსფორდი / The New York Times

მას ბრალად დასდეს კლასში პოლიტიკის შეტანა, და ერთგვარად, ის ამას არ უარყოფს. "ჩემს მოსწავლეებს უნდა სცოდნოდათ, რა პოზიცია მქონდა ცენზურის საკითხზე".

ლიცენზიის გარეშე ის ოკლაჰომაში საჯარო სკოლაში ვერ ასწავლის. ლიცენზიის ჩამორთმევა ასევე ართულებს სხვა შტატებში სერტიფიცირებას, რადგან ასეთი სანქცია, როგორც წესი, გამოიყენება უკიდურეს შემთხვევებში, მაგალითად, ბავშვებზე ძალადობის ან თაღლითობის დროს.

ბოისმიერმა საკლასო სივრცის მიღმა ახალი ცხოვრების დაწყება ნიუ-იორკში სცადა. თუმცა შარშან ოკლაჰომაში დაბრუნდა. ამ შემოდგომაზე მან ფედერალური სარჩელი შეიტანა შტატისა და იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც მის წინააღმდეგ კამპანიას ხელმძღვანელობდა, რაიან უოლტერსის, შტატის განათლების ყოფილი ზედამხედველის და ამტკიცებს, რომ დარღვეულია მისი სიტყვის თავისუფლებისა და სამართლებრივი პროცესის უფლება.

მისაღები ოთახის იატაკზე გაწოლილი, გარშემო წიგნებს ათვალიერებდა. წუხდა, რომ ზოგ მათგანს ჯერ კიდევ ახალი წიგნის სუნი ჰქონდა და ზურგები არც კი იყო გატეხილი. "დილაობით ადგომისთვის მიზეზის პოვნა რთულია", — ამბობს ის — "ძალიან მიყვარს საშუალო სკოლის მოსწავლეებთან მუშაობა".

ცვლილებების ქარი

ბოისმიერი ოკლაჰომა-სიტის დასავლეთით, კონსერვატიულ ოჯახში გაიზარდა; ერთი პერიოდი სამხრეთ ბაპტისტურ ეკლესიაშიც დადიოდნენ. როცა დედას ის და მისი ორი და სკოლიდან ბიბლიოთეკაში მიჰყავდა, მათ ნებისმიერი წიგნის არჩევის უფლება ჰქონდათ, ეს თავისუფლება მის ბავშვობას განსაზღვრავდა. ბევრს კითხულობდა და განსაკუთრებით ფენტეზი უყვარდა; მისი ფავორიტები იყო ბეჭდების მბრძანებელი და ჰარი პოტერი.

ოკლაჰომის უნივერსიტეტში ინგლისურის სწავლების შემდეგ, სტაჟირება გაიარა ვაშინგტონში, დემოკრატი კონგრესმენის ოფისში. მოგვიანებით, პიემონტის პატარა ქალაქში საშუალო სკოლის მასწავლებელი გახდა.

მატილდა ჰარვის, ბოისმიერი მეცხრე კლასში, 2016 წელს ასწავლიდა. როცა კლასში ნუ მოკლავ ჯაფარას კითხულობდნენ, მასწავლებელმა პარალელები გაავლო მოკლულ შავკანიან მოზარდებთან: ტომ რობინსონის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებსა და მაიკლ ბრაუნისა და ტრეივონ მარტინის საქმეებს შორის.

კონსერვატიულ ქალაქში "შოკირებული ვიყავი", თქვა ჰარვიმ, რომელიც ახლა 24 წლისაა და დამხმარე მასწავლებლად მუშაობს. მისი თქმით, მასწავლებლის ლიბერალური შეხედულებები და მაღალი აკადემიური მოთხოვნები ზოგ მოსწავლეს არ მოსწონდა. "მაგრამ მე ძალიან გამიხარდა".

საჯარო სკოლაში სწავლების რვა წლისა და ერთი დღის განმავლობაში, 37 წლის ბოისმიერმა 500 ტომისგან შემდგარი საკლასო ბიბლიოთეკა შეაგროვა, რომელიც თავისი ხელფასით შეიძინა

ფოტო: ნიკ ოქსფორდი / The New York Times

2018 წელს ბოისმიერი წლის მასწავლებლად დაასახელეს, რასაც სხვა ჯილდოებიც მოჰყვა, მათ შორის შტატიდან. ის ხელმძღვანელობდა მოსწავლეთა ჯგუფებს, მათ შორის ლგბტქ+ მხარდამჭერ გაერთიანებას. როცა ქიშმიში მზეში-ს წაკითხვა დაავალა, მოსწავლეები დააფიქრა, რატომ იყო მათი რეგიონი თითქმის მთლიანად თეთრკანიანი. ის ასწავლიდა იმ ქალაქების ისტორიას, სადაც შავკანიანებს ფაქტობრივად უკრძალავდნენ ცხოვრებას, რადგან დაბნელების შემდეგ იქ ყოფნა არ შეიძლებოდა.

2020 წელს რესპუბლიკელმა გუბერნატორმა კევინ სტიტმა რაიან უოლტერსი შტატის განათლების მდივნად დანიშნა. უოლტერსი პოპულარული ამერიკის ისტორიის გაღრმავებული კურსის მასწავლებელი იყო. მისი მოსწავლეები მის პირად შეხედულებებს ვერ ამჩნევდნენ, თუმცა მოგვიანებით ის იტყვის, რომ მასზე გავლენა მოახდინა, როგორ შეჰქონდათ სხვა მასწავლებლებს ლიბერალური იდეები კლასში.

თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ ქრისტიანულ-კონსერვატიული დღის წესრიგით, მათ შორის საჯარო სკოლებში ბიბლიის სწავლების მოთხოვნით, მკვეთრად მარჯვნივ გადაუხვია. 2021 წელს ის გახდა კანონპროექტ HB 1775-ის მთავარი მხარდამჭერი.

HB 1775 ოკლაჰომის 2021 წლის კანონპროექტია, რომელიც საჯარო სკოლებსა და სახელმწიფო განათლების სისტემაში კრძალავს რასისა და გენდერის თემებზე საუბარს და აკონტროლებს, სასწავლო პროგრამაში რა ტიპის კონცეფციების შეტანა შეუძლიათ მასწავლებლებს.

პროტესტის ზრდა

ოკლაჰომის კანონმა საჯარო სკოლის მასწავლებლებს აუკრძალა "გამყოფი კონცეფციების" განხილვა რასისა და სქესის შესახებ, ეყრდნობოდა რა 2020 წელს დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას. საკანონმდებლო ორგანომ ასევე მიიღო კანონი, რომელიც სკოლებში წიგნების "ასაკობრივ შესაბამისობას" მოითხოვდა, ეს ტერმინი არ იყო განმარტებული.

უოლტერსი ამშვიდებდა კრიტიკოსებს და ამბობდა, რომ სრული ისტორიის, მათ შორის დისკრიმინაციის შემთხვევების სწავლება კვლავ შეიძლებოდა. ახლახან მან The New York Times-ს უთხრა, რომ სკოლებმა, რომლებმაც რასიზმის შესახებ კლასიკური ნაწარმოებები ან შავკანიანი ავტორების წიგნები ამოიღეს, კანონი არასწორად, შესაძლოა მიზანმიმართულად არასწორად, გაიგეს. "არ მაკვირვებს, რომ მარცხენა ფრთა ყალბ სკანდალს ქმნის საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად", — თქვა მან.

ამ შემოდგომაზე ბოისმიერმა ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა შტატისა და შტატის განათლების ყოფილი ზედამხედველის, რაიან უოლტერსის, წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ დაირღვა მისი სიტყვის თავისუფლებისა და სამართლებრივი პროცესის უფლება.

ფოტო: დეზირე რიოსი / The New York Times

მაგრამ სკოლებზე ზეწოლა რეალური იყო. 2022 წლის ზაფხულში განათლების საშტატო საბჭო, პრივილეგიებისა და გაუცნობიერებელი მიკერძოების შესახებ გაკვეთილებისა და ტრენინგების გამო, ორი ოლქის აკრედიტაციის ჩამორთმევით დაიმუქრა.

იმ დროისთვის ბოისმიერი ახალ სამსახურში იყო, ნორმანის საშუალო სკოლაში, მეათე კლასს ასწავლიდა ინგლისურს. აგვისტოში, როდესაც საკლასო ოთახს ამზადებდა, მას და ინგლისურის სხვა მასწავლებლებს შეხვედრაზე უხმეს. სკოლის დირექტორმა, ჰოლი რაიტმა, უთხრა, რომ ოლქი ახალი კანონების გამო შეშფოთებული იყო და ურჩია, საკლასო ბიბლიოთეკებისთვის ყურადღებით გადაეხედათ და გაეცხრილათ. დირექტორის მოადგილემ ბოისმიერს შესთავაზა, თაროები ქაღალდით დაეფარათ ან წიგნები ზურგით შიგნით მოექციათ.

ბოისმიერი უყურებდა, როგორ ალაგებდნენ კოლეგები თავიანთ წიგნებს ყუთებში, ბევრს იპოთეკა ჰქონდა გადასახდელი და ბავშვები ჰყავდა შესანახი. შესაძლოა, ისინი ახალ წესებს ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ სამსახურის დაკარგვას ვერ გარისკავდნენ

თითოეულ მასწავლებელს ხელმოსაწერად დოკუმენტი წარუდგინს, სადაც უნდა დაედასტურებინათ, რომ კლასში არსებული ყველა წიგნი გადაამოწმეს "შესაბამისობაზე" სხვადასხვა თემის მიხედვით: ალკოჰოლი, ნარკოტიკები, თამბაქო, ფსიქიკური ჯანმრთელობა, სექსი, "რასობრივი მგრძნობელობა", "შემაშფოთებელი შინაარსი", ძალადობა, ენა, რელიგია და იარაღი.

ნორმანის საჯარო სკოლებმა ინტერვიუზე უარი თქვეს. წერილობით განცხადებაში ოლქის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ ყველაფრის მიზანი მასწავლებლებისთვის "მკაფიო მოლოდინებისა და ზუსტი სახელმძღვანელო პრინციპების" მიწოდება იყო.

ბოისმიერი უყურებდა, როგორ ალაგებდნენ კოლეგები თავიანთ წიგნებს ყუთებში, ბევრს იპოთეკა ჰქონდა გადასახდელი და ბავშვები ჰყავდა შესანახი. შესაძლოა, ისინი ახალ წესებს ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ სამსახურის დაკარგვას ვერ გარისკავდნენ. ბოისმიერი ქირით ცხოვრობდა, არ იყო დაქორწინებული და შვილები არ ჰყავდა. "ვიღაცამ ეს უნდა გააპროტესტოს", — გაიფიქრა მან.

სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მან საკლასო თაროები სქელი წითელი ქაღალდით დაფარა და ხელით დაწერა: "წიგნები, რომელიც შტატს არ უნდა, რომ წაიკითხოთ". მან ასევე გამოაკრა QR კოდი, რომელსაც ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკის "Books Unbanned" პროექტზე გადაჰყავდი, ინიციატივაზე, რომელიც ამერიკის ნებისმიერ მოზარდს ბიბლიოთეკის ციფრულ კატალოგზე წვდომას აძლევდა.

სკოლის პირველ დღეს, თითოეული გაკვეთილის ბოლოს, მან მოსწავლეებს მიანიშნა გამოფენაზე და უთხრა, რომ წიგნების გაცემის უფლება აღარ ჰქონდა. შემდეგ QR კოდზეც მიუთითა.

იმავე დღეს, პარასკევს, ერთ-ერთმა მშობელმა საჩივარი შეიტანა. გაკვეთილების შემდეგ დირექტორმა ბოისმიერს უთხრა, რომ ორშაბათს კლასში აღარ გამოცხადებულიყო.

წიგნები, რომელიც შტატს არ უნდა, რომ წაიკითხოთ

შემდეგ კვირას, ადამიანური რესურსების ხელმძღვანელთან შეხვედრისას, მას უთხრეს, რომ კლასში დაბრუნება შეეძლო, მაგრამ პროტესტის გარეშე. ოლქის აზრით, ბოისმიერმა კლასში "პირადი, პოლიტიკური განცხადებები" შეიტანა.

მან შეხვედრა დატოვა და დედას დაურეკა. როგორ შეიძლებოდა არ გაეპროტესტებინა ის, რასაც ცენზურად აღიქვამდა? ეს ეწინააღმდეგებოდა ყველაფერს, რისიც სჯეროდა. მან თქვა, რომ პროტესტის ნიშნად სკოლიდან წასვლა უნდოდა.

"ეს ხომ კარიერას დაგინგრევს?" — ჰკითხა დედამ, ცდილობდა გადაეფიქრებინა.

ბოისმიერმა სამსახური დატოვა.

ბოისმიერი ოკლაჰომას ქალაქ ნორმანის საჯარო სკოლაში ასწავლიდა

ფოტო: ნიკ ოქსფორდი / The New York Times

მომდევნო დღეებში მისი ტელეფონი უწყვეტად ჟღერდა, სოციალური ქსელების შეტყობინებები, ელფოსტები, მედიისგან ინტერვიუს მოთხოვნები. ის ჟურნალისტებს ეუბნებოდა, რომ არაფერს ნანობდა. "ახლაც ისევე მოვიქცეოდი", — ამბობდა.

ნორმანის ზოგი მშობელი მას მხარს უჭერდა და ეზოებში ბრუკლინის ბიბლიოთეკის QR კოდიან პლაკატებს ფენდა, თუმცა სხვები განრისხებულები იყვნენ. ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მისი ერთი მოსწავლის მშობელმა აღნიშნა, რომ ბრუკლინის ბიბლიოთეკა გეგმავდა დისკუსიას წიგნზე Gender Queer, რომელიც არაბინარული გენდერული იდენტობის აღმოჩენის შესახებ მემუარია, სექსუალური ილუსტრაციებით. "ეს პორნოგრაფიული მასალაა", — თქვა მან და დაამატა, რომ ბოისმიერს "სერტიფიკატები უნდა ჩამოერთვას" და "გულწრფელად რომ ვთქვა, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას".

უოლტერსმა, რომელიც მაშინ შტატის განათლების ზედამხედველის პოსტზე იყრიდა კენჭს, ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა "ნორმანის მასწავლებელზე". "მთავარია, რომ მასწავლებლებმა ჩვენი ბავშვების ინდოქტრინაცია არ აკეთონ", — თქვა მან და შტატის განათლების საბჭოს წერილით მიმართა, ბოისმიერისთვის სერტიფიკატის ჩამორთმევის მოთხოვნით.

ბოისმიერმა მუქარის შემცველი შეტყობინებების წყალდიდობა მიიღო: "პედოფილო". "მოკვდი".

ერთ საღამოს, სახლში დაბრუნებულს, მუქარის ელფოსტა დახვდა ადამიანისგან, რომელმაც მისი მისამართი იცოდა. პოლიციას მიმართა და რამდენიმე დღე დედის სახლში გაატარა.

ეს იყო პირველი შემთხვევა მის ცხოვრებაში, როცა წიგნზე კონცენტრირება ვერ შეძლო.

ამავე დროს, ის ლიბერალური წრეების სიმბოლოდ იქცა. ის ანტიცენზურულ პანელებზე გამოდიოდა და მხარდაჭერის შეტყობინებებს იღებდა მთელი ქვეყნიდან. ბრუკლინის საჯარო ბიბლიოთეკამ მას სამსახური შესთავაზა.

დათანხმდა. როცა ბებია-ბაბუამ აეროპორტში მიიყვანეს, ყურადღებით აკვირდებოდა სავაჭრო ცენტრებსა და ვარსკვლავებით სავსე ცას, რომელიც ათასჯერ ჰქონდა ნანახი. ფიქრობდა, რომ შესაძლოა ოკლაჰომაში აღარასოდეს ეცხოვრა.

ახალი ცხოვრება, რომელიც შეწყდა

ბოისმიერმა პატარა ბინა იქირავა და ცხოვრებაში პირველად ყველაფერს ფეხით აკეთებდა: სამსახურში მიდიოდა, მაღაზიაში შედიოდა, ოთხ სართულს ჩადიოდა სარეცხის გასარეცხად. ის PEN America-ს მანჰეტენის ოფისს ეწვია და ბიბლიოთეკაში მოზარდ ანტიცენზურულ აქტივისტებთან მუშაობდა. კოლეგები მეგობრებად იქცნენ.

მაგრამ უოლტერსი და მისი მოკავშირეები ოკლაჰომაში აგრძელებდნენ მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის პროცესს. და ამას გრძნობდა, როგორც ზურგში ჩარჭობილ ბრჭყალებს, რომლებიც წინსვლაში ხელს უშლიდა. პანიკური შეტევები დაეწყო.

2023 წლის ივნისში უოლტერსის საქმის განხილვისთვის შტატმა ადმინისტრაციული მოსმენა გამართა. ბოისმიერი ნიუ-იორკიდან, Zoom-ის საშუალებით ჩაერთო, სადაც მას გამუდმებით სთხოვდნენ კომენტარს Gender Queer-ის სექსუალურ ილუსტრაციებზე.

საერთო კონტექსტში, მიაჩნდა, რომ წიგნი "საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის შესაფერისი" იყო, თუმცა უარყო ინფორმაცია, თითქოს ეს წიგნი მის კლასში ჰქონდა.

როცა ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ოკლაჰომაში სწავლებას, სანამ HB 1775 ძალაში იქნებოდა, მან თქვა: "პირადად მე, აბსოლუტურად არა".

მისმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პროტესტისა, მას კანონი არ დაურღვევია.

ფოტო: ნიკ ოქსფორდი / The New York Times

მოსმენების ოფიცერმა, შტატის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზ სტივენსმა დაასკვნა, რომ ბოისმიერს ლიცენზია უნდა შეენარჩუნებინა. მან აღნიშნა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, თითქოს ბოისმიერს აკრძალული წიგნები სწავლების პროცესში გამოეყენებინა ან ისინი პირდაპირ მოსწავლეებისთვის მიეცა.

თუმცა ეს მხოლოდ რეკომენდაცია იყო. ერთი წლის შემდეგ შტატის განათლების საბჭოს წევრებმა, უოლტერსის ხელმძღვანელობით, ერთხმად შეუჩერეს საჯარო სკოლაში სწავლების უფლება. ბოისმიერმა X-ზე დაწერა, რომ ლიცენზიის დაკარგვა "საკუთარი თავის ფუნდამენტური ნაწილის დაკარგვას ჰგავდა".

ამ დროისთვის მას პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რაც, მისი თქმით, ოკლაჰომაში მრავალწლიანი ბრძოლის შედეგი იყო. სამსახური ნიუ-იორკის ბიბლიოთეკაშიც დატოვა და დედის ფერმერულ სახლში გადასახლდა.

სასამართლოში ჩივილიც გადაწყვიტა. ცილისწამების შესახებ ერთი სარჩელი არ მიიღეს, თუმცა შტატის და ფედერალურ სასამართლოებში სერტიფიკატის აღდგენისთვის ორი სხვა საქმე შეიტანა. ის მტკიცედ იყო განწყობილი, ებრძოლა მოსწავლეების ფართო წვდომის უფლებებისთვის, თუმცა იმედსა და უიმედობას შორის მერყეობდა, ვერ ხვდებოდა, როდის შეძლებდა მუშაობას ან საკუთარი ბინის ქირაობას.

"მართლა არ ვიცი, რა იქნება მერე", — ამბობს ის.

სამართლებრივი გაურკვევლობა

სექტემბერში უოლტერსმა შტატის განათლების ზედამხედველის პოსტი ვადამდე დატოვა, მას საკლასო ოთახების პოლიტიზებასა და განათლების დეპარტამენტის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებდნენ.

ახალმა ზედამხედველმა, ლინდელ ფილდსმა, განაცხადა, რომ ბიბლიის სავალდებულო სწავლების მოთხოვნას გააუქმებდა. შტატი ასევე შეწყვეტს ლიბერალური შეხედულებების მქონე მასწავლებლების გაფილტვრის მცდელობას. თუმცა ბოისმიერის საქმის ბედი კვლავ გაურკვეველია.

პირად ცხოვრებაში საჯარო სკოლის მასწავლებლებს პოლიტიკური აზრის გამოხატვის უფლება აქვთ. მაგრამ კლასში მათი სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია, ისინი ვალდებულნი არიან, ასწავლონ შტატისა და ოლქის მიერ დადგენილი პროგრამა.

ლიცენზიის ჩამორთმევის გადაწყვეტილებაში საბჭოს არ უთქვამს, რომ ბოისმიერი აკრძალულ წიგნს ან თემას ასწავლიდა; ამის ნაცვლად თქვა, რომ ის ცდილობდა მოსწავლეების "წახალისებას" აკრძალული წიგნების წასაკითხად — HB 1775-ის დარღვევით.

დერეკ ბლეკმა, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა, თქვა, რომ შტატები, რომლებიც წიგნების შეზღუდვის კანონებს იცავენ, ხშირად თავად ამტკიცებენ, რომ მოსწავლეებს ამ წიგნებზე წვდომა მაინც აქვთ, მაგალითად, საჯარო ბიბლიოთეკებში. "არ ვიცი, როგორ შეიძლება ლოგიკურად ამტკიცო, რომ მასწავლებელს ეკრძალება მოსწავლეებს შეახსენოს, რომ სხვა შტატებში ბიბლიოთეკები არსებობს", — თქვა მან, თუმცა აღნიშნა, რომ ბოისმიერის პროტესტი რისკიანი და თამამი იყო.

მისი სასამართლო საქმეები შესაძლოა თვეები ან წლები გაგრძელდეს. მისი ადვოკატი, აირის ჰალპერნი, ამბობს, რომ ლიცენზიის აღდგენის შესაძლებლობაზე შტატთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ასევე ითხოვენ ანაზღაურებასა და ზიანის კომპენსაციას.

ოკლაჰომის განათლების დეპარტამენტმა წერილობით კითხვებს არ უპასუხა. უოლტერსმა, რომელიც ახლა მასწავლებელთა კავშირების წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფს ხელმძღვანელობს, თქვა, რომ დარწმუნებულია, საქმეები ჩავარდება. "ეს ძალიან მარტივი საკითხი იყო", — თქვა მან — "მან თქვა, რომ დაარღვევდა კანონს და გააგრძელებდა დარღვევას".

ბოისმიერი დედასთან, კრისტისთან ერთად. მისი თქმით, მტკივნეული იყო იმის ყურება, როგორ ადემონიზებდნენ მის ქალიშვილს საკუთარი რწმენის დაცვის გამო

ბოისმიერი არ არის დარწმუნებული, რომ მისი მომავალი ოკლაჰომაშია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უამრავ ვაკანსიაზე შეიტანა განაცხადი: არასამთავრობოებში, კერძო და ისეთ სკოლებში, სადაც საჯარო სკოლის ლიცენზია საჭირო არ არის, მაგრამ კვლავ და კვლავ უარი მიიღო.

"მესმის, ჩემ ნაცვლად სხვას რატომ ირჩევენ", — ამბობს ის. ნებისმიერი სკოლა ან ორგანიზაცია, რომელიც მას აიყვანს, მყისიერად აღმოჩნდება ახალი ამბების ცენტრში.

ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს დედამისი, კრისტი ბოისმიერი, სახლში მედდის ფორმით დაბრუნდა და ქალიშვილი კვლავ წიგნებისა და მასწავლებლობის დროინდელი მოგონებების ყუთებში ჩაფლული დახვდა.

ის სამერის პირისპირ სავარძელში დაჯდა. მისთვის მტკივნეული საყურებელი იყო, რწმენის დაცვის გამო საკუთარი ქალიშვილის დემონიზების პროცესი.

"სამერის სახლში ყოფნა მშვენიერია", — ფიქრობს დედა, მაგრამ იცის, რომ მათი მომავალი, სავარაუდოდ, ცალ-ცალკეა. სამერი ნოსტალგიურად ლაპარაკობს ნიუ-იორკზე. თუ ლიცენზია დაუბრუნდება, შესაძლოა იქ მასწავლებლად მუშაობა ისევ შეძლოს.

ქალებმა ერთმანეთს გაუსწორეს მზერა.

"უბრალოდ არ მგონია", — თქვა კრისტიმ, "რომ მისთვის ამ შტატში მუშაობა ოდესმე კვლავ შესაძლებელი იყოს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი წყლის ბინადარი ფოტოთი
  2. ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ
  3. ქვიზი: რამდენად კარგად ერკვევი როკმუსიკაში?
  4. ქვიზი: გამოიცანი სერიალი საჭმლით
  5. ახალ რეკლამაში კოკა-კოლას სიმბოლოდ ქცეული თეთრი დათვი პეპსის ირჩევს — ნახეთ ვიდეო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ილია ინჯია: გამოვდივარ ინიციატივით, ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე

"გამოვდივარ ინიციატივით, ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო გააადვილებს რეგულაციებს იმ…