კამჩატკის ნახევარკუნძულზე რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა — არის მსხვერპლიც
ეს რეგიონში ბოლო 60 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი დიდთოვლობაა.
ფოტო: Reuters
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა დიდთოვლობამ რამდენიმე მეტრის სიმაღლის მასიური ნამქრები შექმნა. თოვლმა შენობების შესასვლელები ჩახერგა და ავტომობილები მთლიანად დაფარა. ინფორმაციას Reuters-ის ვიზუალური მასალებისა და ამინდის მონიტორინგის სადგურები ადასტურებს.
ამინდის მონიტორინგის სადგურების მონაცემებით, იანვრის პირველ ნახევარში ზოგიერთ რაიონში 2 მეტრზე მაღალი თოვლი მოვიდა, მას შემდეგ რაც დეკემბერში 3.7 მეტრი თოვლი დაფიქსირდა.
ფოტოებში ჩანს ავტომობილები, რომლებიც თოვლმა თითქმის სრულად დაფარა. ადგილობრივებს გზების გასაყვანად მუშაობა უწევთ.
ფოტო: Dailytelegraph
ფოტო: Reuters
"ჩემი ავტომობილი დიდთოვლობის გამო უკვე დიდი ხანია ნამქერშია მოხვედრილი. გადაადგილება ძირითადად ფეხით მიწევს", — თქვა ლუდმილა მოსკვიჩევამ, კამჩატკის საპორტო ქალაქში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა.
დიდთოვლობამ კამჩატკაში ადამიანების სიცოცხლეც შეიწირა. დაღუპულია ორი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი თოვლში მოყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო და ფოტო მასალაც ვრცელდება, სადაც თითქოს კორპუსები თოვლმა სრულად დაფარა. მიუხედავად იმისა, რომ კამჩატკაში მართლაც რეკორდული რაოდენობის თოვლი მოვიდა, 10-სართულიანი შენობების დასაფარად ესეც არ არის საკმარისი, შესაბამისად ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
კომენტარები