სამხრეთ აფრიკაში პრეისტორიული მონადირე-შემგროვებლები 60 000 წლის წინ ქვის ისრებს მომაკვდინებელ შხამს უსვამდნენ. საოცარია, რომ მათ მიერ გამოყენებულ ტოქსინს რეგიონში მცხოვრები ზოგიერთი ადგილობრივი მონადირე დღესაც იყენებს. ეს ამ პრაქტიკის ადრეულ წარმოშობაზე მიუთითებს.

სამხრეთ აფრიკაში, კვაზულუ-ნატალში, უმჰლატუზანას გამოქვაბულიდან, 60 000 წლის წინანდელი ნალექის ფენები ამოიღეს. იქ კვარცის 10 ისრისპირის აღმოჩნდა, რომლებიც მეცნიერებმა მაკრომოლეკულური ანალიზის საშუალებით შეისწავლეს. მათგან ხუთში აღმოჩნდა შხამიანი ალკალოიდების ბუფანდრინისა და ეპიბუფანიზინის ნარჩენები, რომლებსაც მცენარე Boophone disticha წარმოქმნის.

ამ ტერიტორიაზე ეს მცენარე უხვადაა გავრცელებული და ის შხამის მოპოვების მთავარი წყაროა. რეგიონში ისარზე შხამის წასმის პროცესი პირველად შვედმა ნატურალისტმა კარლ პიტერ ტუნბერგმა აღწერა. ის 1770-იან წლებში მონადირე-შემგროვებლებს აკვირდებოდა და აინტერესებდა, თუ როგორ იყენებდნენ ისინი ამ ტოქსინებს ცხოველებზე ნადირობისას. ტუნბერგის მიერ შეგროვებული ზოგიერთი ისარი გააანალიზეს ახალი კვლევის ავტორებმა და აღმოჩნდა, რომ ის იგივე ალკალოიდებს შეიცავდა, რასაც უმჰლატუზანაში არსებული ისრები.

"ჩვენ უძველეს ნიმუშებში ისეთივე შხამი აღმოვაჩინეთ, როგორიც იყო ტუნბერგის მოპოვებულ მასალაში", — განუცხადა IFLScience-ს კვლევის ავტორმა, პროფესორმა მარლიზ ლომბარდმა იოჰანესბურგის უნივერსიტეტიდან.

ამ აღმოჩენამდე შხამიანი იარაღები სულ რაღაც 6 700 წლით თარიღდებოდა. ისინი სამხრეთ აფრიკაში, კრუგერის გამოქვაბულში აღმოაჩინეს. ძვლის წვერიან მსგავს შხამიან ისრებს ეგვიპტეშიც მიაგნეს, თუმცა ისინი 4 000 წელზე ოდნავ მეტი წლისაა.

ეს საწამლავი მსხვერპლს ორგანიზმში მოხვედრისთანავე არ კლავდა — ტოქსინი ნელ-ნელა, რამდენიმე საათის შემდეგ ასრულებდა თავის ფუნქციას. შესაბამისად, მონადირეები მსხვერპლის კვალს ისრის მოხვედრის შემდეგაც მიჰყვებოდნენ.

მკვლევრების თქმით, ეს სტრატეგია ზებრებსა და ჟირაფებზე ნადირობისას გამოიყენებოდა.

"მონადირეები ბუჩქებში იმალებოდნენ და მსხვერპლს ისარს 30 მეტრის დაშორებიდან ესროდნენ. უკვე ამის შემდეგ ისინი ცხოველს კვალზე მიჰყვებოდნენ და ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე საათი გაგრძელებულიყო", — აღნიშნულია კვლევაში.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.