მარსული სიცოცხლის კვალი შეიძლება იქაურ ყინულში დღემდე იყოს შემონახული
ფოტო: NASA/JPL-Caltech/University of Arizona/Texas A&M University
თუ ოდესმე მარსზე სიცოცხლე არსებობდა, შეიძლება იგი პლანეტის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ ჯერ კიდევ იყოს შემონახული.
NASA-სა და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, უძველესი მიკრობების ბიომოლეკულების ფრაგმენტებს მარსის ყინულის ქვეშ ათობით მილიონი წელი შეუძლია გადარჩენა.
მკვლევრებმა ლაბორატორიული ექსპერიმენტები ჩაატარეს, რომლებითაც მარსის პირობების სიმულირება შეძლეს. მათ ბაქტერია E.coli-ს (ნაწლავის ჩხირი) ნიმუშები 2 სხვადასხვა გარემოში გაყინეს: ყინულსა და იმ ნაერთში, რომელიც წყლისა და მარსის გრუნტიდან მოპოვებული მასალებისგან (ძირითადად, სილიკატებისა და თიხისგან) შედგება. ნიმუშები -51,1°C-მდე გააცივეს. ეს მარსის ყინულოვანი რეგიონების ტემპერატურას შეესაბამება.
ამის შემდეგ მეცნიერებმა ნიმუშები ისეთ გამოსხივებაში მოახვედრეს, რომელიც მარსზე 20 მილიონი წლის განმავლობაში არსებული რადიაციის ტოლფასი იყო. მკვლევრებმა მიღებული შედეგები განავრცეს — 20-ის ნაცვლად, 50-მილიონწლიან გამოსხივებას მოარგეს.
მეცნიერთა განცხადებით, მარსის ყინულოვანი ზედაპირის ამჟამინდელი ასაკი დაახლოებით 2 მილიონ წელზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანული სიცოცხლის ფორმები შეიძლება ყინულში იყოს შემონახული. ეს ნიშნავს, რომ თუ მარსის ზედაპირთან ახლოს ბაქტერიებია, მომავალი მისიებით შეიძლება ისინი ვიპოვოთ.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამინომჟავები (ცილების საშენი მასალები) სუფთა სახის ყინულში უკეთ ახერხებს გადარჩენას, ვიდრე დანალექებთან შერეულში. თავდაპირველი ამინომჟავების 10%-ზე მეტი სიმულირებულ 50-მილიონწლიან ექსპოზიციას უვნებლად გადაურჩა, გრუნტთან შერეულ ყინულში არსებული ამინომჟავები კი 10-ჯერ უფრო სწრაფად დაიშალა.
გუნდმა მსგავსი ცდები ევროპასა (იუპიტერის თანამგზავრი) და ენცელადის (სატურნის თანამგზავრი) პირობებშიც ჩაატარეს (ამ ციურ სხეულებზე გაცილებით დაბალი ტემპერატურაა). აღმოჩნდა, რომ ამინომჟავები იქ კიდევ უფრო ნელა იშლებოდა.
შესაბამისად, თუ მარსზე ბიოლოგიური მასალის პოვნა გვინდა, იგი სუფთა სახის ყინულებით სავსე რეგიონებში უნდა ვეძებოთ.
კვლევა გამოცემაში Astrobiology გამოქვეყნდა.
კომენტარები