სავარაუდოდ, ასტრონომებმა ერთმანეთის გარშემო მბრუნავი შავი ხვრელები გადაიღეს
ფოტო: AiVreaSaStii / pixabay
ზოგჯერ ორი შავი ხვრელი ერთმანეთის გარშემო მოძრაობს, მაგრამ აქამდე ამის ვიზუალური მტკიცებულება არ მოგვეპოვებოდა. ასტრონომები ფიქრობენ, რომ სწორედ მსგავსი კოსმოსური წყვილის გადაღება შეძლეს, რისთვისაც ორბიტაზე გაგზავნილი და ხმელეთზე არსებული ტელესკოპები გამოიყენეს.
მათ მიერ მოპოვებულ კადრებში რადიოგამოსხივების ისეთი ცვლილებებია აღბეჭდილი, რომლებიც შავ ხვრელებზე მიანიშნებს. თავად ისინი, რა თქმა უნდა, "უხილავია", რადგან მათ სინათლე თავს ვერ აღწევს, თუმცა გარშემო მიმდინარე აქტიური პროცესები დაფიქსირებადია. ეს სისტემა ჩვენგან 5 მილიარდი სინათლის წლის დისტანციაზეა, ხოლო იქ არსებული ობიექტების ორბიტალური პერიოდი 12 წელს უნდა შეადგენდეს.
მათგან უფრო მცირე ზომის შავი ხვრელის არსებობაზე თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების ნაკადი მიუთითებს, რომელიც თითქოს "იკლაკნება". მისი კომპანიონი უფრო შესამჩნევ რელატივისტურ ნაკადს გამოყოფს, რომლის მსგავსსაც ბლაზარებს უწოდებენ. ამ კონკრეტულ ბლაზარს OJ287-ის სახელით ვიცნობთ. მისი წარმომქმნელი შავი ხვრელის მასა მზისას თითქმის 18 მილიარდჯერ აღემატება.
შავი ხვრელები გიგანტური ვარსკვლავების კოლაფსის შედეგად ფორმირდება და გარშემო არსებულ მტვერსა თუ აირს ისრუტავს. ზოგ შემთხვევაში ეს პროცესი იმდენად აქტიურია, რომ მსგავს ობიექტებში ჩამავალი მატერია ცხელდება და ტელესკოპებისთვის შესამჩნევ სინათლეს ასხივებს. ამას აქტიური გალაქტიკური ბირთვი (AGN) ეწოდება, ვინაიდან ასეთი ზემასიური შავი ხვრელები სწორედ გალაქტიკების ცენტრში გვხვდება.
ზოგიერთი AGN კვაზარის ტიპისაა, ანუ სხვებისგან განსაკუთრებული სიკაშკაშე გამოარჩევს. ისინი მზეზე მრავალმილიარდჯერ მასიურ შავ ხვრელებს შეიცავს და მატერიის დისკოდან ყველაზე ელვარე ვარსკვლავებზე ტრილიონჯერ მეტი სიკაშკაშის მქონე სინათლეს გამოყოფს. ხანდახან ასეთი ნაკადები იმ მიმართულებით გადაადგილდება, სადაც დედამიწა მდებარეობს — სწორედ ესაა ბლაზარი.
ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ ასეთი ბლაზარი, OJ287, ორ შავ ხვრელს შეიცავდა, მაგრამ მათი კვალის განცალკევებას ვერ ახერხებდნენ. საინტერესოა, რომ მასზე პირველი დაკვირვებები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ფოტოფირებზეა აღბეჭდილი. 1980-იან წლებში ამ მონაცემებსა და დამატებით მასალებზე დაყრდნობით ივარაუდეს, რომ სისტემაში ორი ობიექტია.
მათ გამოსავლენად მეცნიერებმა ობსერვატორიული ქსელი გამოიყენეს, მათ შორის რუსული სამეცნიერო ზონდი RadioAstron, რომლის რადიოტელესკოპიც 2011-დან 2019 წლამდე ფუნქციონირებდა. ახალი დაკვირვებებითა და ძველთან მისი შედარებით ასტრონომებმა განსხვავებულ ნაკადებზე პასუხისმგებელი ორი სავარაუდო შავი ხვრელის იდენტიფიცირება შეძლეს. მათი მდებარეობა თეორიულად პროგნოზირებულს ზუსტად შეესაბამება.
ამის მიუხედავად, ავტორები ბოლომდე არ გამორიცხავენ, რომ ნაკადები ერთმანეთს ემთხვეოდეს და მათ ერთი წყარო ჰქონდეს. ამის გამოსარიცხად შედარებით მცირე ზომის "კლაკნილი" სინათლის ავთენტურობა უნდა დადასტურდეს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

კომენტარები