ახალი კვლევის თანახმად, განვითარების ადრეულ პერიოდში დედამიწაზე მშრალი გარემო იყო. ეს მანამდე, სანამ მას სხვა ციური სხეული შეეჯახებოდა, რამაც მთვარე წარმოქმნა. თუ მართლაც ასეა, მაშინ სიცოცხლისთვის თავსებადი პირობების მქონე პატარა პლანეტები შეიძლება მხოლოდ გამონაკლისი იყოს.

დედამიწის ოკეანეების წარმომავლობაზე მეცნიერები მინიმუმ 400 წელია, მსჯელობენ — მაგალითად, ნიუტონი ფიქრობდა, რომ წყლის მთავარი წყარო კომეტები იყო. ამის მიუხედავად, ადრე ჩვენს პლანეტაზე იმდენად ცხელოდა, რომ ეს ტემპერატურა წყალს ააორთქლებდა; მისი უდიდესი ნაწილი ამ სახით კოსმოსში გაიჟონებოდა. შესაძლოა, ნაწილს სიღრმეში ჩაეღწია და იქ შენარჩუნებულიყო ან კოსმოსიდან ზედაპირზე მოგვიანებით მოხვედრილიყო.

ახალი პერსპექტივა წყლის არსებობას კომეტებს ნაკლებად უკავშირებს, რადგან ისინი სხვა პლანეტებზეც ხვდება. ავტორები აღნიშნავენ, რომ მერკურიზე, ვენერასა და მარსზე რამდენიმე აქროლადი ელემენტია (რომლებიც აირად მარტივად გარდაიქმნება) — წყალბადი, ნახშირბადი და გოგირდი. ორი მათგანი სიცოცხლისთვის აუცილებელია, მაგრამ ამ ციურ სხეულებზე სიცოცხლე არაა. მარსზე შეიძლება ყოფილიყო, თუმცა დედამიწის ბიომრავალფეროვნებას ვერ შეედრებოდა. ეს კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას: რითაა გამორჩეული ჩვენი პლანეტა?

ფოტო: Getty

ადრეულ დედამიწაზე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქროლადი ელემენტების გაზომვის გზისთვის ჯერ არავის მიუგნია. კვლევის ავტორებმა სამაგიეროდ მანგანუმის შესწავლა გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ ის კონდენსაციას ბევრად მაღალ ტემპერატურაზე განიცდის. მეცნიერებმა პლანეტისა და ასტეროიდის ნიმუშებში მანგანუმისა და ქრომის იზოტოპები გააანალიზეს. დაასკვნეს, რომ პროტოდედამიწის ჩამოყალიბებას მაქსიმუმ 3 მილიონი წელი დასჭირდა და მასზე აქროლადი ელემენტების ნაკლებობა იყო.

ეს ქიმია ძალიან მცირე პერიოდში შეიცვალა. ამაზე იზოტოპ მანგანუმ-53-ის რადიოაქტიური დაშლის პერიოდი მიანიშნებს. ის ახალგაზრდა მზის სისტემაში არსებობდა და ქრომ-53-ად გარდაიქმნა, რომლის ნახევარდაშლასაც 3.8 მილიონი წელი სჭირდება.

ამჟამინდელი აქროლადი ელემენტების სიუხვე შეესაბამება სცენარს, რომლის მიხედვითაც ისინი დედამიწაზე ერთბაშად მოხვდა და არა კომეტების პერიოდული სტუმრობების შედეგად. შესაძლოა, ეს მატერია ისეთი მოვლენის დროს მიგვეღო, როგორიც ჰიპოთეზურ პლანეტა თეიასთან შეჯახებაა. ის მარსის ზომის უნდა ყოფილიყო და დედამიწას სწორედ ზემოხსენებულ პერიოდში შესჯახებოდა. მიიჩნევა, რომ მთვარე ამის შედეგად გამოყოფილი ფრაგმენტებისგან ჩამოყალიბდა.

თუკი თეია მზის სისტემის იმ რეგიონში ჩამოყალიბდა, სადაც აქროლადი ელემენტები გამყარდებოდა და მის შედგენილობაში მოექცეოდა, მაშინ ეს სცენარი ყველაფერს ხსნის. მასთან შეჯახებისას ასეთი მატერიის ნაწილი მაღალი ტემპერატურის გამო აორთქლდებოდა, მაგრამ დედამიწაზე მაინც საკმარისი ოდენობით მოხვდებოდა.

კვლევის მიხედვით, ახლა ჩვენი პლანეტის შედგენილობის თითქმის 90% შეჯახებამდე არსებულის მსგავსია, 10% თეიასგანაა, ხოლო 0.4% დედამიწამ კოსმოსიდან მოგვიანებით მიიღო.

გამოდის, რომ ჩვენს მშობლიურ პლანეტაზე სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები შეიძლება იშვიათი შემთხვევითობის შედეგად წარმოქმნილიყო. თეიამ აქამდე მარსის მიღმა არსებული არეალიდან მოაღწია, რისი შანსიც მილიონში ერთი იყო. შესაბამისად, სხვა სისტემაში იმავეს გამეორების ალბათობა ძალიან დაბალია.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.