117 წლის ქალის დნმ შეიძლება ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს შეიცავდეს
ფოტო: Josep Carreras Leukaemia Research Institute
კატალონიელმა მარია ბრანიასმა 117 წელი და 168 დღე იცოცხლა. ის 2024 წლის აგვისტოში გარდაიცვალა და იმ დროისთვის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იყო. ეს მართლაც დიდი დროა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ რეგიონში ქალები საშუალოდ 86 წელს ცოცხლობენ.
მეცნიერებმა მარიას საიდუმლოს ამოსახსნელად მისი დნმ და სხვადასხვა ქსოვილის ესა თუ ის მახასიათებელი შეისწავლეს. ამისთვის სისხლის, შარდის, ნერწყვისა და განავლის ნიმუშები გააანალიზეს, რომლებიც ქალის სიცოცხლეშივე მოიპოვეს. ეს მონაცემები ხანგრძლივად მცხოვრები სხვა ადამიანებისას და უფრო ახალგაზრდებისას შეადარეს.
მარიას ორგანიზმში სიბერის თანმდევი ისეთი ნიშნები აღმიჩნდა, როგორიც მოკლე ტელომერები (ქრომოსომების დაბოლოებები), ხნიერი B ლიმფოციტები და ანთების წარმომქმნელი იმუნური სისტემაა. ამის მიუხედავად, მის სხეულში ასაკთან დაკავშირებული მთავარი დაავადებების კვალი საერთოდ არ იყო. ეს ნიშნავს, რომ დიდი ასაკი ცუდ ჯანმრთელობას სულაც არ გულისხმობს.
მეცნიერებმა ქალის დნმ-ში ისეთ გენეტიკური ვარიანტებს მიაკვლიეს, რომლებიც ამგვარი დაავადებებისგან გვიცავს — მათ შორისაა გულსისხლძარღვთა პრობლემები, დიაბეტი და ნეიროდეგენერაცია. ასევე დაადგინეს, რომ მარიას ეფექტიანი ლიპიდური მეტაბოლიზმი, ანთების საწინააღმდეგოდ მოქმედი კუჭ-ნაწლავის მიკრობიომი და შენელებულ დაბერებასთან ასოცირებული ეპიგენომი ჰქონდა. ამ ყველაფრით ის ახალგაზრდების მახასიათებლებს იზიარებდა.
მარია ბრანიასის ბიოლოგიური ასაკი ქრონოლოგიურ ასაკს საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა. სხვაობა 23 წელზე მეტი იყო, რაც გასაოცარია. გამოდის, რომ მისი უჯრედები "ახალგაზრდულად" მოქმედებდნენ.
ხანგრძლივი სიცოცხლის ხელშემწყობი პოტენციური ფაქტორია ისიც, რომ ქალი მენტალურად, სოციალურად და ფიზიკურად აქტიური იყო. ასევე მას იოგურტი უყვარდა, რაც კუჭ-ნაწლავის ჯანსაღ მიკრობიომს ხსნის. შვილის გარდაცვალებისა და სხვა მოვლენების გამო მას ცხოვრებაში სტრესიც გადაუტანია, მაგრამ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას მაინც ინარჩუნებდა.
მნიშვნელოვანია, რომ მარიას სრულფასოვნად ეძინა და ხმელთაშუაზღვის ბალანსირებული დიეტით იკვებებოდა. ის ხშირად ატარებდა დროს ოჯახთან და მეგობრებთან ერთადაც. აგრეთვე ძაღლებთან თამაშობდა, წიგნებს კითხულობდა, ბაღს უვლიდა, სეირნობდა და პიანინოზე უკრავდა.
შესაბამისად, შესაძლოა, ამ ყველაფერს მისი ხანგრძლივი სიცოცხლე ერთობლივად განეპირობებინა. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Cell Reports Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები