შესაძლოა, 2032 წელს მთვარე ასტეროიდთან შეჯახებისგან ატომური აფეთქებით ვიხსნათ
ფოტო: Mark Garlick/Science Photo Library/Getty Images
ასტეროიდი 2024 YR4 შარშან აღმოაჩინეს და თავდაპირველად ის დედამიწისთვის საშიშ ობიექტად განიხილებოდა. ამის მიუხედავად, დამატებითი მონაცემებით დავრწმუნდით, რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ არ ვართ, თუმცა მთვარესთან მისი შეჯახების 4%-იანი შანსი არსებობს — 2032 წელის დეკემბერში.
ასტეროიდის მოახლოებასთან ერთად ეს მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს და ნულს გაუთანაბრდეს. მანამდე მეცნიერები მთვარის გადარჩენის თეორიულ გზებზე მაინც მსჯელობენ. ახალ კვლევაში ისინი პოტენციურ მისიებსა და მათი განხორციელების პერიოდებს გვაცნობენ.
2032 წლისთვის მთვარეზე ბაზა, ალბათ, არ გვექნება, ამიტომ შეჯახება რომც მოხდეს, ეს იქ ჩვენს საქმიანობას ხელს არ შეუშლის. სამაგიეროდ, ამას ნარჩენების წარმოქმნა შეუძლია. გამორიცხული არაა, ისინი დედამიწაზე ჩამოცვივდეს ან სატელიტებს შეუქმნას საფრთხე.
ამის თავიდან ასაცილებლად (თუკი ეს მართლაც დაგვჭირდა) ორი გზაა არსებობს: ასტეროიდის განადგურება ან მისი ტრაექტორიის შეცვლა. უპირატესობა უკანასკნელს ენიჭება, მიზნის მისაღწევად კი მცირე ბიძგი საკმარისი იქნება. ასევე, რაც უფრო მალე მოხდება მსგავსი რამ, მით უკეთესი.
მანამდე 2024 YR4-ის მასა უნდა გაირკვეს. ვიცით, რომ მისი დიამეტრი დაახლოებით 60 მეტრია (± 10%), მაგრამ მასა სიმკვრივეზეა დამოკიდებული, რომლის გამოთვლაც ამ დისტანციაზე ძნელია. ასტეროიდი შეიძლება 51-711 მილიონ კილოგრამს იწონიდეს, რაც აფეთქების საჭირო ენერგიის დასადგენად ზედმეტად დიდი დიაპაზონია.
თუკი ეს ასტეროიდი მართლაც მთვარისკენ მიემართება, მაშინ 2028 წლისთვის უკვე უნდა ვიმოქმედოთ. 3 წელი მსგავსი მისიის დასაგეგმად და განსახორციელებლად ძალიან მცირე დროა. მასის გამოსათვლელად შეგვიძლია უკვე გაშვებული ზონდებიც გამოვიყენოთ, მაგალითად, OSIRIS-APEX (ადრე ცნობილი, როგორც OSIRIS-Rex) ან Psyche. ამ შემთხვევაში, მათ პირველადი სამიზნე ობიექტებისკენ ვეღარ გავგზავნით.
რაც შეეხება 2024 YR4-ის განადგურებას, ეს ორგვარად შეიძლება მოვახერხოთ. პირველი კინეტიკურია, ანუ ასტეროიდთან რაიმე დიდისა და მასიურის შეჯახება, რათა ის 10-მეტრზე პატარა ფრაგმენტებად დავშალოთ. ეს 2030-წლის აპრილიდან 2032 წლის აპრილამდე პერიოდში უნდა მოხდეს; მეორე გზა 2024 YR4-ის ზედაპირის თავზე ატომური აფეთქებაა. კვლევის თანახმად, 1 მეგატონა საკმარისი სიმძლავრე იქნება, მიუხედავად იმისა, თუ რა მასისაა ობიექტი.
მაშასადამე, 2024 YR4-სთან შეჯახებისგან მთვარის გადასარჩენად იდეები არსებობს, მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, არ დაგვჭირდება.
კომენტარები