ღამურა მაღალი სიხშირის ხმებს გამოსცემს და ბნელ ტყეში ორიენტირებისთვის ექოს ხმოვან ტალღებს იყენებს. ღამურას სმენა ცხოველების უმეტესობის სმენის დიაპაზონს აღემატება, მაგრამ ეს არაფერია ცვილის ჩრჩილის სმენასთან შედარებით. ამ არსებას 300 კილოჰერცამდე სიხშირეების მოსმენა შეუძლია. ეს დაახლოებით 15-ჯერ მეტია, ვიდრე ადამიანის სმენის ზედა დიაპაზონი.

ღამურებს, ასევე ცვილის ჩრჩილებს, ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სმენის მქონე არსებებს, მაგრამ რომელ ცხოველს აქვს სინამდვილეში საუკეთესო სმენა?

"საუკეთესო რეალურად ყოველთვის ფარდობითია. მგრძნობელობა, მსგავსი ბგერების გარჩევის უნარი და ბგერების ლოკალიზაციის შესაძლებლობა — ეს ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორებია, რომლებიც ცხოველის სმენის შეგრძნებას ქმნის", — ამბობს კრისტინ კეპლი, ფიზიოლოგიის პროფესორი ოლდენბურგის უნივერსიტეტიდან.

ასეთი დეტალები ართულებს ცხოველების სმენის განსაზღვრას, თუმცა არსებობს რამდენიმე გამორჩეული ფაქტორი.

სმენა მსხვერპლის დასადგენად: ბუები

ფოტო: Getty Images

როდესაც საქმე ცხოველების სმენის სისტემებს ეხება, კეპლი ბეღლის ბუების (Tyto alba) დიდი მოყვარულია.

"მე ბეღლის ბუებზე მიმუშავია, ამიტომ ისინი ჩემს სიაში პირველ ადგილზე არიან. ამ ცხოველის მთელი სმენითი სისტემა ჩამოყალიბდა ღამის ნადირობის ჩვევებით. მას განსაკუთრებული სმენა მსხვერპლის ადგილსამყოფლის დასადგენად სჭირდება", — ამბობს კეპლი.

ბუები ღამით ნადირობენ, ამიტომ ისინი თავიანთ ულტრამგრძნობიარე სმენას იყენებენ. მათ შეუძლიათ თოვლის ან ფოთლების სქელი ფენების ქვეშ დამალული თაგვის შრიალის ამოცნობა და მსხვერპლის სწრაფად დადგენა.

ბუები ამას რამდენიმე ძირითადი ადაპტაციის საშუალებით ახერხებენ. პირველ რიგში, მათი სახის გარშემო ბუმბული ქმნის თეფშის ფორმას, რაც ხელს უწყობს ბგერითი ტალღების ყურებში გადამისამართებას. ბუს მარჯვენა და მარცხენა ყურებიც ოდნავ განსხვავებულ სიმაღლეზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბგერითი ტალღები ორივე ყურამდე ოდნავ განსხვავებულ დროს აღწევს. ბუებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს მცირე განსხვავება მარცხენა და მარჯვენა ყურებს შორის აღმოჩენილ ხმაში, რათა გამოთვალონ მომდინარე ხმის წყარო.

სმენა რუკის შესაქმნელად: ღამურები და დელფინები

ფოტო: Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად განსხვავებულ გარემოში ცხოვრობენ, ღამურებსა და დელფინებს ერთი შთამბეჭდავი თვისება აერთიანებთ: ექოლოკაციის უნარი.

"მე მიყვარს დელფინებისა და ღამურების ყურები, რადგან ისინი არა მხოლოდ ხმას იჭერენ და ამუშავებენ, არამედ მას საკუთარი გარემოს აქტიური ვიზუალიზაციისთვისაც იყენებენ", — თქვა დარლინ კეტენმა, ვუდს ჰოულის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტის მკვლევარმა.

ექოლოკაცია ბგერის წარმოქმნას გულისხმობს, რომელიც გარემოში არსებულ ობიექტებს აირეკლავს და შემდეგ უკან დაბრუნებული ბგერითი ტალღების მოსმენა ხდება. ამ მეთოდის მეშვეობით, დელფინებისა და ღამურების გარკვეულ სახეობებს შეუძლიათ შექმნან თავიანთი გარემოს გონებრივი რუკა. ეს ყველაფერი მხოლოდ ხმის გამოყენებით.

ცნობისთვის, დელფინებისა და ღამურების ექოლოკაცია უფრო ეფექტიანია, ვიდრე ადამიანის მიერ შექმნილი მსგავსი ტექნოლოგია.

"ჩვენ მუდმივად გვაოცებს ის სირთულე და დახვეწილობა, რისი გაკეთებაც მათ ხმის გამოყენებით შეუძლიათ", — თქვა კეტენმა დელფინებზე ჩატარებული კვლევის შესახებ.

როგორც ღამურებს, ასევე დელფინებს ყურში სპეციალური მექანიზმები აქვთ, რომლებიც მათ ექოლოკაციური ხმაურის განეიტრალებაში ეხმარება, რათა საკუთარი ვოკალიზაციით არ დაყრუვდნენ.

წყლის ზემოთ და ქვემოთ — სელაპები, ლომვეშაპები და ზღვის ლომები

ფოტო: Getty Images

ბრენდონ საუთოლი, კომპანია Southall Environmental Associates-ის პრეზიდენტი და მთავარი მეცნიერი, ფიქრობს, რომ საუკეთესო სმენის ტიტული შედარებით ნაკლებად ცნობილ ცხოველებს უნდა მივაკუთვნოთ. ესენი არიან სელაპები, ლომვეშაპები და ზღვის ლომები.

"ისინი თითქმის შეუძლებელს აკეთებენ — მათ ესმით როგორც წყლის ზემოთ, ისე ქვემოთ", — თქვა საუთჰოლმა.

ყველა ცხოველს აქვს სმენითი სისტემა, რომელიც მორგებულია იმ გარემოზე, სადაც ის დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. მაგალითად, როდესაც თავს წყალში ყოფთ, ხმა ჩახშობილი, დამახინჯებული და ძნელი დასადგენი ხდება.

ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ყურები შექმნილია ჰაერში გამავალი ბგერითი ტალღების აღსაქმელად, შესაბამისად წყალში გამავალი ბგერითი ტალღები ჩვენთვის დამახინჯებულად და უცნაურად ჟღერს. იგივე ხდება ზღვის ცხოველებისთვისაც — მათი ყურები შექმნილია წყალში გამავალი ბგერითი ტალღების აღსაქმელად.

"თუ დელფინს წყლიდან ამოიყვანთ, მისი სმენა ფაქტობრივად აღარ იარსებებს", — ამბობს საუთჰოლი.

მეორე მხრივ, რადგან სელაპები, ლომვეშაპები და ზღვის ლომები დიდ დროს ხმელეთზეც ატარებენ მათი სმენა უფრო მულტიფუნქციურია. მათ ხმელეთზე დაახლოებით ისეთივე კარგი სმენა აქვთ, როგორც ბუებს, ხოლო წყალში დელფინების მსგავსი სმენა გააჩნიათ. საუთჰოლის თქმით, სელაპები თოვლის ხრაშუნის ხმაზე 1.6 კილომეტრის მანძილზეც კი რეაგირებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.