აღმოსავლეთ ინგლისში მეტალის მაძიებლებმა რომაული ვერცხლის მონეტების საცავს მიაგნეს. მონეტებზე იმპერატორები და მათი ცოლებიც კი არიან გამოსახული.

ყველაზე ცნობილი მმართველი, რომელიც მონეტაზე ნახეს, რომის იმპერატორი — მარკუს ავრელიუსია. სხვა მონეტაზე იპოვეს ფაუსტინა მეორე, მისი მეუღლე. ავრელიუსი ე.წ. რომის ხუთი კარგი იმპერატორიდან ერთ-ერთია, ყველაზე მეტად ცნობილი თავისი ნაშრომით — "მედიტაციები" და სტოიკური ფილოსოფიის შესახებ დაწერილი აზრებით.

მონეტების აღმოჩენის ზუსტი ადგილი ნორფოლკის საგრაფოა, ბარტონ ბენდეშის სოფლის შემოგარენი, ქალაქ კინგს ლინის სამხრეთით დაახლოებით 16 კილომეტრში. ამას ადასტურებს ნორფოლკის ისტორიული მემკვიდრეობის სამსახურის მონეტების სპეციალისტი, ადრიან მარსდენი.

სულ ნაპოვნია 16 მონეტა, ყველა მათგანი რომის იმპერიის ვალუტა დინარია. მარსდენის ვარაუდით, იმ დროისთვის ეს საგანძური რამდენიმე ასეული დოლარის შესაბამისი იქნებოდა.

ფოტო: Andrew Williams

ოფიციალური განცხადება 1 მარტს გაკეთდა, თუმცა მონეტების საგანძური 2023 წელსაა აღმოჩენილი. ამჟამად სასამართლო მუშაობს, რათა გადაწყდეს, მიენიჭოს თუ არა ოფიციალურად საგანძურის სტატუსი აღმოჩენას. ზოგადად, ამ სტატუსის მიღებას ინგლისში რამდენიმე წინაპირობა აქვს, მეტალი მინიმუმ 300 წლის უნდა იყოს და შემადგენლობაში 10%-ზე მეტი ოქრო ან ვერცხლი უნდა ჰქონდეს. თუ მონეტები ზემოთ ხსენებულ სტატუსს მართლა მიიღებს, ისინი კინგს ლინის მუზეუმს გადაეცემა, მპოვნელები კი შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ.

ნორფოლკს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა რომაულ ბრიტანეთში. სამეფოს მთავარი გზის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ რეგიონს კვეთდა, ნაყოფიერი ნიადაგის გამო კი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის იდეალურ ადგილად იქცა.

რომაული მონეტების საგანძური, შესაძლოა, იმ დროისთვის შენახვის მიზნით იყო დამარხული, რაც გავრცელებული პრაქტიკა იყო ბანკების არარსებობის გამო. მეორე ვერსიის თანახმად, ეს შეიძლება ვინმეს დაკარგული ქისა იყოს.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უძველესი მონეტა დაახლოებით ძვ.წ. 57 წელს არის მოჭრილი. ეს ის პერიოდია, როცა მმართველები ფორმალურად, სახალხო არჩევნებით ინიშნებოდნენ. უახლესი კი მარკუს ავრელიუსის დროინდელია და თარიღდება ახ.წ. 175-176 წლებით. რა თქმა უნდა, მაშინ ფულს ისე არ ათარიღებდნენ, როგორც დღეს, თუმცა ნუმიზმატებისთვის პერიოდის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონეტებზე იმპერატორების გარდა, მათი ცოლებიც არიან გამოსახული: ფაუსტინა I, ანტონინუს პიუსისა და ფაუსტინა II, მარკუს ავრელიუსის მეუღლე.

ავრელიუსის მეუღლის გამოსახულება მონეტაზე

ფოტო: Andrew Williams

საინტერესოა, რომ ერთ ქისაში ერთად აღმოჩენილია 200 წელზე მეტი ხნის მონეტები, რაც მიანიშნებს იმ პერიოდის რომაული ვალუტის სტაბილურობაზე. იყო დრო, როცა ფულის წარმოებისას მის შემადგენლობაში ვერცხლი მცირდებოდა და სხვა ლითონებით ნაცვლდებოდა, რაც შემდეგ ხელს შეუწყობდა მონეტების გადადნობას და ახალი ფულის შექმნას. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ვალუტა უფასურდებოდა. მარსდენის თქმით, ძველ და ახალ მონეტებში ერთნაირი რაოდენობის ვერცხლია გამოყენებული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომის იმპერიის სიძლიერეზე.

ყოველდღიურ გამოყენებაში ფულის მიმოცვლა დინარებში სრულდებოდა, ხოლო როცა გადასახდელი დიდი თანხა იყო, სავარაუდოდ, მონეტებს წონიდნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.