ვის ეკუთვნის ღვთისმშობლის ქანდაკებიდან "წამოსული ცრემლები"? — დნმ-ის ანალიზის შედეგები

ფოტო: Rich Pedroncelli / AP
იტალიაში, ტრევინიანო რომანოს დასახლებაში, დიდი ხანია ამტკიცებდნენ, რომ წმინდა მარიამის ქანდაკებას თვალებიდან სისხლი სდის. ფიგურიდან აღებულ ნიმუშებზე ახლახან დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს. შედეგების მიხედვით, საქმე სასწაულთან ნამდვილად არ უნდა გვქონდეს, თუმცა არსებობს საფუძველი, რომ ქანდაკების მფლობელის მიმართ საქმე აღიძრას.
მისტიკოსმა ჯიზელა კარდიამ წმინდა მარიამის ქანდაკება 2014 წელს შეიძინა ბოსნიის ქალაქში, მეჯუგორიეში, და იგი იტალიაში ჩამოიტანა. მას შემდეგ კარდიამ კერამიკის ფიგურას არაერთი უჩვეულო ქმედება მიაწერა. იგი აცხადებდა, რომ ქანდაკება ესაუბრებოდა; ამტკიცებდა იმასაც, რომ ფიგურას თვალებიდან სისხლი სდიოდა. გადმოცემის თანახმად, ქანდაკებას "საკვების გამრავლებაც" შეეძლო.
მსგავს განაცხადებს ხალხი არცთუ ისე იშვიათად აკეთებს. შემთხვევებს კათოლიკური ეკლესია იძიებს. 2024 წელს ცივიტა კასტელინის ეპარქიამ სხვადასხვა სპეციალისტის — ეკლესიის წარმომადგენლების, ფსიქოლოგის, თეოლოგებისა და "გარე ექსპერტების" — ჩართულობით მსგავსი შემთხვევები გამოიძია დაადგინა, რომ ისინი "ზებუნებრივი" არ ყოფილა.
ასეთ საკითხების გამოძიებით მხოლოდ ეკლესია როდი ინტერესდება. ცივიტავეჩიაში ბრალმდებლებს ეჭვი აქვთ, რომ კარდია თაღლითია, ამიტომ მისი შემთხვევის გამოკვლევა დაიწყეს. ეჭვი კერძო გამომძიებლის მტკიცებამ გააჩინა, რომლის მიხედვითაც, ქანდაკებაზე არსებული სისხლი ღორს ეკუთვნის.
Corriere della Sera-ს, იტალიური გაზეთის, მიხედვით, გამოძიების ფარგლებში დნმ-ის ანალიზები ჩატარდა და დადგინდა, რომ სისხლი ღორს არ ეკუთვნის. ბრალმდებლები ამბობენ, რომ ქანდაკებიდან აღებული სისხლის ნიმუშები ჯიზელა კარდიას გენეტიკურ პროფილს ერგება.
კარდიას ადვოკატები გაზეთთან საუბრისას ამბობენ, რომ უცნობია, დნმ მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის თუ რამდენიმეს.
"თუ დნმ მხოლოდ ერთ ადამიანს ეკუთვნის, მაშინ იგი მხოლოდ კარდიასია და ქანდაკებაზე მან მოახვედრა, ამიტომ ამ შემთხვევაში სასამართლოში აღმოვჩნდებით", — ვკითხულობთ Corriere della Sera-ს სტატიაში — "თუკი, როგორც მოსალოდნელია, პროფილი შერეულია, გამოდის, ქანდაკებაზე აღმოჩენილი დნმ ჯიზელას დნმ-საც შეიცავს, ამას კი ველით, რადგან იგი ქანდაკებას იყენებდა, კოცნიდა და უვლიდა".
შეკითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა კარდიას სისხლის აღმოჩენა სასწაულს, ადვოკატმა შემდეგნაირად გასცა პასუხი:
"ვინ იცის, მადონას დნმ-ს იცნობთ? ვინ უნდა გვითხრას? არ მაქვს პასუხები".
რელიგიურ ქანდაკებებსა თუ ხატებს ხალხი ხშირად მიაწერს სასწაულებრივ ძალებს. მსგავსი რამ თაღლითებს არაერთხელ გაუყალბებიათ. მაგალითად, მსგავსი შემთხვევა 2008 წელსაც მოხდა: წმინდა მარიამის ქანდაკებას თვალებიდან ამავე ეკლესიის მფლობელის სისხლი "სდიოდა". 1995 წელს სხვა ქანდაკება "ტიროდა" მამრობითი სქესის ადამიანის სისხლს, თუმცა მფლობელი დნმ-ის ანალიზის ჩატარებას არ დასთანხმდა.
ქანდაკებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგები ცნობილ სასამართლო გენეტიკოსთან არის გაგზავნილი. ბრალმდებლებს პასუხები 28 თებერვალს გადაეცემათ.
კომენტარები