შესაძლოა, ზემასიური შავი ხვრელი ჩვენი გალაქტიკისკენ მოიწევდეს — შეჯახება 2 მილიარდ წელში

ფოტო: ESA/Gaia/DPAC
მეცნიერებმა მაგელანის დიდ ღრუბელში, ირმის ნახტომის ორბიტაზე მოძრავ ჯუჯა გალაქტიკაში, უზარმაზარი შავი ხვრელის არსებობის ნიშნები დააფიქსირეს. ის მზეზე დაახლოებით 600 000-ჯერ მასიური უნდა იყოს. ვინაიდან ეს სისტემა ნელ-ნელა ჩვენი გალაქტიკისკენ მიიწევს და საბოლოოდ მას შეერწყმება, ეს უხილავი ობიექტიც აქ აღმოჩნდება.
ეს მიგნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი მასის მქონე შავი ხვრელები იშვიათად გვხვდება. თუ მისი არსებობა დადასტურდება, მეცნიერებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ, როგორ გარდაიქმნება შავი ხვრელები ვარსკვლავური მასის მქონედან უზარმაზარ, ზემასიურ ობიექტებად.
შავი ხვრელის აღმოჩენა ძალიან რთულია. ის სინათლეს არ ასხივებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მატერიას აქტიურად შთანთქავს. ასეთ დროს, ხახუნისა და გრავიტაციის გამო, მატერია ძალიან ცხელდება და კაშკაშა გამოსხივებას წარმოქმნის. სხვა მხრივ შავი ხვრელები უხილავია, ამიტომ მეცნიერები მათ საპოვნელად სათანადო მეთოდებს იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი ხერხი ვარსკვლავების მოძრაობის შესწავლაა. მაგალითად, ირმის ნახტომის ცენტრში მნათობების მოძრაობაზე დაკვირვებით ასტრონომებმა ზემასიური შავი ხვრელის არსებობა დაადასტურეს. ესაა მშვილდოსანი A*, რომლის მასაც მზისას 4.3 მილიონჯერ აჭარბებს.
ბოლო კვლევისას სპეციალისტებმა განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს. მათ ყურადღება ჰიპერსწრაფ ვარსკვლავებზე გაამახვილეს. როგორც სახელი მიანიშნებს, ასეთი ობიექტები ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობს, იმდენად, რომ ზოგჯერ მშობელი გალაქტიკის ფარგლებიდანაც გადის.
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მათი სისწრაფე შეიძლება სწორედ შავი ხვრელების გავლენით იყოს განპირობებული. ეს აჩქარება ჰილსის მექანიზმით აიხსნება და მაშინ ხდება, როცა შავი ხვრელი და ორი ვარსკვლავი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს. ამ პროცესში ერთ-ერთი მნათობი სივრცეში ჰიპერსიჩქარით "იტყორცნება".
Gaia-ს კოსმოსური ტელესკოპი ირმის ნახტომის ჰალოში არსებულ ვარსკვლავებს რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა. მან მათი მდებარეობა, მოძრაობა და სიჩქარე დააფიქსირა. ახალი კვლევის ავტორებმა ეს მონაცემები გააანალიზეს და 21 ჰიპერსწრაფი ვარსკვლავი გამოავლინეს.
აღმოჩნდა, რომ 16 მათგანი ნამდვილად ირმის ნახტომის ცენტრიდან იყო გამოტყორცნილი, მშვილდოსანი A*-ს სიახლოვიდან. დანარჩენი 9 ვარსკვლავის წარმოშობა ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მათი მოძრაობა მაგელანის დიდ ღრუბელს უკავშირდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ისინი, სავარაუდოდ, იქ არსებულ შავ ხვრელთან ურთიერთქმედებით გამოიტყორცნა.
მაგელანის დიდი ღრუბელი ამჟამად ირმის ნახტომის გარშემო 160 000 სინათლის წლის დაშორებით მოძრაობს. გამოთვლების თანახმად, შეჯახება დაახლოებით 2 მილიარდ წელიწადში მოხდება. თუ ამ ჯუჯა გალაქტიკაში ზემასიური შავი ხვრელი მართლაც არსებობს, ის ირმის ნახტომის ცენტრისკენ გაიკვლევს გზას და მშვილდოსან A*-ს შეუერთდება. შედეგად, კიდევ უფრო დიდი შავი ხვრელი წარმოიქმნება.
ასტრონომები მიიჩნევენ, რომ შავი ხვრელების მასა სწორედ ასეთი შერწყმით იზრდება მეცნიერები დამატებით კვლევებს გეგმავენ, რათა ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ. მათი ნაშრომი ამჟამად arXiv-ზეა ხელმისაწვდომი, მაგრამ გამოცემა The Astrophysical Journal-ში გამოსაქვეყნებლად უკვე წარდგენილია.
კომენტარები