OpenAI არ იყიდება — სემ ალტმანის უარი ილონ მასკს

ფოტო: Shutterstock
ილონ მასკსა და OpenAI-ს აღმასრულებელ დირექტორს შორის დაპირისპირება გრძელდება. ინვესტორთა კონსორციუმმა, რომლის სათავეშიც ილონ მასკია, OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს 97.4 მილიარდი დოლარის შეთავაზება გაუკეთა. მათ კომპანიის ყველა აქტივის შეძენა სურდათ.
OpenAI ცნობილი თავისი ჩატბოტის (ChatGPT) შექმნით გახდა და მას შემდეგ კომპანია სულ უფრო იზრდება.
"თუ სემ ალტმანი და OpenAI, Inc-ის დირექტორთა საბჭო კომპანიის მოგებაზე ორიენტირებულ კორპორაციად გარდაქმნას ცდილობენ, ჩვენი შეთავაზება მათთვის საინტერესო უნდა იყოს", — თქვა მარკ ტობეროფმა, ინვესტორების წარმომადგენელმა ადვოკატმა.
ამ განცხადებას მალევე ალტმანის კომენტარი მოჰყვა.
"მადლობა, მაგრამ არა. თუ გინდათ ჩვენ ვიყიდით ტვიტერს 9.74 მილიარდ დოლარად", — დაწერა ალტმანმა პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, მასკმა სოციალური ქსელი Twitter 2022 წელს 44 მილიარდ დოლარად შეიძინა და მას X დაარქვა.
ალტმანის განცხადებას მასკმა შემდეგი სიტყვით უპასუხა — "თაღლითი".
მასკი OpenAI-ის თანადამფუძნებელი იყო, მაგრამ დატოვა ის 2019 წელს და შექმნა საკუთარი AI კომპანია, სახელწოდებით x.AI. ბოლო რამდენიმე წელია მას კონფლიქტი აქვს ალტმანთან. მეტიც, მასკმა OpenAI-ს სასამართლოშიც უჩივლა.
მასკს ადრეც უთქვამს, რომ OpenAI-მ გზიდან გადაუხვია.
"x.AI-ზე ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც OpenAI-ზე უნდა ხდებოდეს. ჩვენი ჩატბოტი (Grok) ღია კოდით მუშავდება და პატივს ვცემთ კონტენტის შემქმნელების უფლებებს", — თქვა მასკმა.
კომენტარები