კატასტროფის 10 წუთი — რამ წარმოქმნა მთვარის დიდი კანიონები ასეთ მცირე დროში

ფოტო: NASA\SVS\Ernie T. Wright
მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს უზარმაზარი კრატერი მდებარეობს, რომელსაც შრედინგერი ეწოდება (ფიზიკოს ერვინ შრედინგერის პატივსაცემად). ის საკმაოდ ახალგაზრდაა, ამიტომ იქ მისი წარმოქმნის შესახებ მინიშნებები ჯერ კიდევაა შემორჩენილი.
განსაკუთრებულად საინტერესოა ორი დიდი კანიონი, რომლებიც ამ უზარმაზარ კრატერში ჩამოყალიბდა — შრედინგერისა და პლანკის ხეობები. მათგან პირველის სიგრძე დაახლოებით 270 კილომეტრია, სიღრმე კი 2.7 კილომეტრს შეადგენს. მეორე 280 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული და 3.5 კილომეტრ სიღრმეზე ვრცელდება.
მაინც რამ გამოიწვია ამ გასაოცარი კანიონების წარმოქმნა დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე? სწორედ ამ კითხვაზე სურდათ პასუხის გაცემა ახალი კვლევის ავტორებს, რომლებმაც დაასკვნეს, რომ შრედინგერისა და პლანკის ხეობების ფორმირებას 10 წუთზე ნაკლები დრო უნდა დასჭირვებოდა.
მეცნიერებმა გამოთვალეს, რა ტრაექტორიით გაიფანტებოდა მატერია, რომელიც შრედინგერის კრატერის ადგილას მომხდარი შეჯახების შემდეგ გაიტყორცნა. ამან ცხადყო, რომ დედამიწისა და მთვარის დიდი კანიონების ისტორია ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებულია. ჩვენს პლანეტაზე კოლორადოს დიდი კანიონი წყალმა 5-6 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა, მთვარეზე კი ეს შეჯახებისას გაფანტული ნარჩენების ნაკადმა მხოლოდ რამდენიმე წუთში მოახერხა.
გამოთვლების თანახმად, გატყორცნილი გრუნტის სიჩქარე წამში 0.95-დან 1.28 კილომეტრამდე იყო, რაც ძალიან ენერგიულ მოვლენაზე მიანიშნებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ამ კატასტროფის თანმდევი ენერგია 1200-2200-ჯერ აღემატება იმ ბირთვულ ენერგიას, რომლითაც მეორე "პანამის არხის" შექმნას დასჭირდებოდა.
ეს მიგნება მხოლოდ მთვარის წარსულის შესასწავლად არაა მნიშვნელოვანი. მას შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს პროგრამა არტემისის ფარგლებში დაგეგმილ ეკიპაჟიან მისიებზეც. კერძოდ, გამოვლენილია ასტრონავტების დასაშვებად შესაფერისი ის ადგილები, რომლებიც შეჯახებისას გატყორცნილი მატერიით ნაკლებადაა დაფარული. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ზონები მთვარის ქერქის ნიმუშების ასაღებად გამოდგება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები