საიდან ჩნდება სმენითი ჰალუცინაციები? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
ნიუ იორკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და ფიქრობენ, რომ დაადგინეს, საიდან ჩნდება სმენითი ჰალუცინაციები. საუბარია ხმებზე, რომლებიც შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებს ჩაესმით.
მკვლევრებმა ელექტროენცეფალოგრამა გამოიყენეს და ტვინის აქტივობას დააკვირდნენ. დადგინდა, რომ სმენითი ჰალუცინაციების "გაგონების" მექანიზმი რადიკალურად არ განსხვავდება იმისგან, თუ როგორ გვესმის გარემოდან შემომავალი ხმები.
დიდი ხანია მიჩნეულია, რომ შიზოფრენიისა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებს ობიექტურად არარსებული ხმები იმიტომ ესმით, რომ მათ ტვინს ფიქრებისა და გარედან წამოსული ხმების გამიჯვნა უჭირს; შედეგად ადამიანი ისე აღიქვამს, თითქოს გარემოში ვიღაც ელაპარაკება.
სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანების ტვინი ამ ხმებსაც ისევე ამუშავებს, როგორც სხვა ნებისმიერ ხმას. იმის გასაგებად, თუ რით განსხვავდება სმენითი ჰალუცინაციების მქონე ტვინი ჩვეულებრივისგან, შანხაის ტვინის და კოგნიტიური მეცნიერების ინსტიტუტის (ნიუ იორკის უნივერსიტეტი) მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს. მათ შიზოფრენიის მქონე პაციენტებს ელექტროენცეფალოგრამის (EEG) მონიტორები დაამაგრეს. კვლევის 20 მონაწილეს სმენითი ჰალუცინაციები ჰქონდა, ხოლო 20-ს — არა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანების ტვინები "დასკვნითი განმუხტვის" სიგნალს ვერ წარმოქმნიდა. ეს სიგნალი შინაგან მონოლოგებს ახშობს და სხეულს ამზადებს, რომ ჩვენი პირიდან მომავალი ხმები გაიგონოს.
კვლევის მონაწილეებს სთხოვდნენ, რომ რაიმე მარცვალი წარმოეთქვათ. როცა ცდისპირები ამისთვის ემზადებოდნენ, ჰალუცინაციების მქონე ჯგუფი შინაგან მონოლოგებს წყვეტდა სალაპარაკოდ; ამასთანავე, იგი ზედმეტად აქტიურად რეაგირებდა "ეფერენტულ ასლზე" — ტვინის სიგნალზე, რომელიც ვოკალიზაციასთან დაკავშირებულ მოტორულ ფუნქციებს ინსტრუქციებს აძლევს.
გამოდის, სმენითი ჰალუცინაციები ტვინის იმ ნაწილს ააქტიურებს, რომელიც ხმებს ამუშავებს, ამავდროულად კი საუბართან დაკავშირებულ ზოგიერთ მოტორულ ფუნქციას აფერხებს. შედეგად სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანები საკუთარ აზრებს ხარვეზიანად ამუშავებენ, საბოლოოდ კი ტვინი ამ აზრებს გარედან შემომავალ ხმებად აღიქვამს.
"სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებს შეუძლიათ, ხმები გარეგანი გამღიზიანებლის გარეშე "გაიგონონ". ტვინში მოტორულ და სმენით სისტემებს შორის ფუნქციური კავშირების დარღვევაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ წარმოსახვისა და რეალობის გამიჯვნის უნარი იკარგება", — განმარტავენ მკვლევრები მოხსენებაში.
ავტორები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ეს მიგნება შიზოფრენიის უკეთესი სამკურნალო მეთოდების შემუშავებაში დაგვეხმაროს. როგორც წესი, ამ დაავადებას მედიკამენტური მკურნალობითა და ზოგჯერ ფსიქოთერაპიითაც მართავენ. ამის მიუხედავად, სიმპტომების ბოლომდე მოხსნა ნაკლებად ხერხდება, ზოგიერთ წამალს კი უსიამოვნო გვერდითი მოვლენები ახასიათებს.
ნაშრომი, რომელშიც მკვლევრები თავიანთ მიგნებებზე საუბრობენ, ჟურნალში PLOS Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები