როგორ "იგებს" ტკივილგამაყუჩებელი, სად გვტკივა?
თავი გტკივათ? მიიღებთ ტკივილგამაყუჩებელს და გაივლის. ალბათ, დაინტერესებულხართ, საიდან იცის წამალმა, რა უნდა გააყუჩოს.
პასუხი მარტივია: ტკივილგამაყუჩებლები ასეთი დახვეწილი არაა და ვერც იმას ხვდება, სად უნდა გააყუჩოს ტკივილი. მოდით, წამლის მოქმედების მეცნიერება მიმოვიხილოთ და ეს საკითხი დეტალურად გავარჩიოთ.
რა გზას გადის წამლები ჩვენს სხეულში?
სხეულში მედიკამენტის — ტაბლეტი იქნება ეს, კაფსული თუ სიროფი — "მოგზაურობა" მისი გადაყლაპვით იწყება. შემდეგ იგი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადადის, სადაც იშლება და ამ ფორმით სისხლის მიმოქცევაში გადადის. სისხლი სპეციალური "გზას", ღვიძლის პორტალის ვენას, გადის და პრეპარატი წვრილი ნაწლავიდან ღვიძლში ხვდება.
ღვიძლში აბი დამატებით იშლება წამლის კომპონენტებად და ისევ სისხლის მიმოქცევაში გადაინაცვლებს. რადგან სხეულის ყველა ორგანო და ქსოვილი სისხლით მარაგდება, წამალი ყველგან ნაწილდება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავის ფუნქციას იგი ყველგან შეასრულებს.
პრეპარატი სამიზნე რეცეპტორს უნდა დაუკავშირდეს
წამლები ქიმიური ნივთიერებებისგან შედგება. ეს ნივთიერებები ისეა შექმნილი, რომ სხეულში მხოლოდ კონკრეტულ ცილებს უკავშირდება, ანუ რეცეპტორებს. უჯრედის ზედაპირზე, ან უჯრედის შიგნითაც კი, არაერთი ტიპის რეცეპტორი შეიძლება იყოს. თითოეულ მათგანს სხვადასხვანაირი ფორმა აქვს.
რეცეპტორი შეგვიძლია საკეტს შევადაროთ, რომელიც თავისი უნიკალური გასაღებით იხსნება. ამ შემთხვევაში წამალი გასაღებია. იგი სხეულში გადაადგილდება და თავის შესაბამის საკეტს ერგება.
მაგალითად ავიღოთ გამაყუჩებელი იბუპროფენი (იგი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს განეკუთვნება). ეს წამალი ტკივილის ყველა რეცეპტორს შეუკავშირდება, რომელიც კი სხეულში შეხვდება. მხოლოდ ამ კავშირის დამყარების შემდეგ ასრულებს პრეპარატი თავის საქმეს.
იბუპროფენი უჯრედში შედის და ქიმიურ რეაქციებს იწყებს, რომლებიც სასურველ შედეგს გვაძლევს. იგი ტკივილის სიგნალს ნერვებამდე მისვლაში უშლის ხელს.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პრეპარატი სამიზნე რეცეპტორამდე ვერ აღწევს და, მაგალითად, სხვა რეცეპტორს უერთდება. მსგავსი რამ მაშინ ხდება, როცა ორი რეცეპტორი ფორმით ერთმანეთს წააგავს. ამ დროს, შესაძლოა, ჯაჭვური რეაქცია დაიწყოს, რომელიც უსიამოვნო გვერდით ეფექტებში გამოიხატება.
გვერდით მოვლენებს რა იწვევს?
წამლები განსაზღვრული დოზით უნდა მივიღოთ. თუ საჭიროზე ნაკლებს მივიღებთ, შესაძლოა, პრეპარატმა სამიზნე რეცეპტორთან შეკავშირება ვერ შეძლოს. ასეთ შემთხვევაში მედიკამენტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ამის საპირისპიროდ, თუკი საჭიროზე მაღალ დოზას მივიღებთ, პრეპარატი შეიძლება სხვა რეცეპტორებსაც შეუკავშირდეს, გარდა სამიზნეებისა. ეს სხვადასხვა გვერდით მოვლენას გამოიწვევს.
დოზირება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი წამლის მიღებისას გვერდითი მოვლენები გარდაუვალია.
მეცნიერები მუშაობენ საშუალებებზე, რომლებიც პრეპარატს მხოლოდ მტკივან ადგილამდე მიიტანს
მეცნიერები ე. წ. ჭკვიანი წამლების შექმნაზე მუშაობენ, რომლებსაც რეცეპტორები ერთმანეთში არ აერევა და ზუსტ ადგილას მივა.
სხვა შემთხვევებში მედიკამენტი სამიზნე ადგილთან შეიძლება არააქტიური იყოს, სანამ მოქმედების დრო არ მოვა. მას შემდეგ, რაც პრეპარატი სამიზნე რეცეპტორს მოშორდება, იგი სისტემიდან გამოიდევნება; შესაბამისად, ტკივილიც თავიდან იწყება და წამლის რეგულარულად მიღება გვიწევს.
თუკი სამომავლოდ წამლების აქტივაციას გავაკონტროლებთ, შეგვეძლება, ორგანიზმში პრეპარატი სასურველი დოზით შევინარჩუნოთ და მისი ხშირად მიღებაც აღარ მოგვიწევს. ეს შეიძლება სპეციალური მიკროჩიპებისა და მიკრონემსების მეშვეობით მოხერხდეს.
ამ საკითხზე არაერთი კვლევა მიმდინარეობს. შესაბამისად, შესაძლოა, მედიკამენტებს მთელს სხეულში "ხეტიალი" აღარ დასჭირდეს. საკითხავი მხოლოდ ისაა, იქნება თუ არა "ჭკვიანი" წამლებიც ისეთივე ხელმისაწვდომი, როგორც ტრადიციულია.
კომენტარები