კლიმატის ცვლილების გამო ანდების მთებზე ყინულის საფარის მოცულობა საგრძნობლად მცირდება. ახალი კვლევით დადგინდა, რომ სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ მყინვარზე ახლა იმაზე ნაკლები ყინულია, ვიდრე უკანასკნელ 11 700 წელში, რაც საგანგაშო მაჩვენებელია.

"საკმაოდ მკაფიო მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ეს მყინვარები ამჟამად უფრო პატარაა, ვიდრე ბოლო 11 000 წლის განმავლობაში, ნებისმიერ პერიოდში", — აცხადებს ბოსტონის კოლეჯში მომუშავე პროფესორი, ჯერემი შაკუნი.

მისმა გუნდმა ეს დასკვნა მთებიდან აღებული ნიმუშების გაანალიზების შედეგად გამოიტანა. ისინი ამ მასალაში იშვიათ იზოტოპებს დააკვირდნენ: ბერილიუმ-10-სა და ნახშირბად-14-ს, რომელთა კონცენტრაციაც დედამიწის ზედაპირზე მაშინ იმატებს, როცა ის კოსმოსურ რადიაციას იღებს. ყინულის ლღობის გამო მოშიშვლებულ ქვებზე მათი დონის განსაზღვრით შესაძლებელია გაირკვეს, რამდენი ხანი იყო ისინი დასხივების ქვეშ, ანუ უყინულოდ.

ფოტო: Emilio Mateo/Aspen Global Change Institute

აღმოჩნდა, რომ 18-ივე ნიმუშში ბერილიუმ-10-ისა და ნახშირბად-14-ის კვალი საერთოდ არ იყო. ეს ნიშნავს, რომ ზედაპირი, საიდანაც ეს მასალა მოიპოვეს, დიდძალი კოსმოსური რადიაციის ქვეშ ფორმირების, ანუ უკანასკნელი გამყინვარების პერიოდის, შემდეგ არ ყოფილა.

დედამიწაზე უკანასკნელი გამყინვარება 11 700 წლის წინ დასრულდა და ჰოლოცენის ეპოქა დაიწყო. ყინულის დნობამ და თბილმა, მეტად სტაბილურმა, კლიმატმა უფრო მრავალფეროვანი ეკოსისტემების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, ამან კი ადამიანთა სამეურნეო პრაქტიკებსა და მჭიდრო სოციალურ კავშირებს დაუდო საფუძველი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანდებზე ყინულის საფარის ასეთი შემცირება შესაძლოა, ახალი გეოლოგიური ეპოქის დასაწყისზეც მიუთითებდეს, რომელსაც ანთროპოცენი ეწოდება. ეს სახელი ადამიანის გავლენას უსვამს ხაზს, რადგან კლიმატის ცვლილება სწორედ ჩვენი სამრეწველო საქმიანობის თანმდევი ემისიების გამო მწვავდება.

"იქიდან გამომდინარე, რომ მყინვარების ამჟამინდელი დნობა მზარდი ტემპერატურის შედეგია და არა თოვლის ნაკლებობის და ღრუბლების ცვლილების, ვვარაუდობთ, რომ ტროპიკებში სიცხის მაჩვენებელმა უკვე ჰოლოცენის საზღვრებს მიღმა გააღწია და ანთროპოცენში გადავიდა", — ამბობს შაკუნი.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.