კლიმატის ცვლილება და მიწისძვრები — გახშირდება თუ არა სეისმური ბიძგები მომავალში
მიწისძვრები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ბუნებრივ კატასტროფად მიიჩნევა, რადგან ისინი უეცრად გვატყდება თავს და მასშტაბურ ნგრევებს იწვევს, რასაც მსხვერპლიც მოჰყვება ხოლმე. ასევე, ზოგჯერ მას თან სხვა მოვლენებიც სდევს, როგორიცაა ხანძარი, ცუნამი, მეწყერი და სხვა.
ყველამ ვიცით, რომ დღესდღეობით მსოფლიოში კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს, რომელიც სხვა ბუნებრივ კატასტროფებს იწვევს (ტყის ხანძრები, ქარიშხლები). საინტერესოა, უნდა ველოდოთ თუ არა ამის გამო მიწისძვრების გახშირებასაც?
სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემთ, ავხსნათ, რა არის ტექტონიკური მიწისძვრა, რომელიც ყველაზე მძლავრია. ეს დედამიწის ქერქის შემადგენელ ტექტონიკურ ფილებს უკავშირდება, რომლებიც შიდა მხურვალების გამო ყოველწლიურად საშუალოდ 1.5 სანტიმეტრით გადაადგილდება. შედეგად, ამგვარი უზარმაზარი მასები ერთმანეთს ეხახუნება და წნევა იქამდე იზრდება, სანამ მაქსიმუმს არ მიაღწევს, რაც დიდძალ ენერგიას ათავისუფლებს. სწორედ ეს განაპირობებს სეისმურ ბიძგებს, რომლებიც არაპროგნოზირებადია.
გლობალური დათბობისას მყინვარები ისე სწრაფად ლღვება, როგორც არასდროს. როდესაც ეს წყალი ზღვაში ჩაედინება, ქვეშ მოქცეული ხმელეთი მაღლა იწევს. საქმე ისაა, რომ ზემოდან დაწოლილი წნევა იცვლება. ამგვარმა პროცესებმა შესაძლოა, ქანებში არსებული მიძინებული ნასხლეტები მოულოდნელად გაააქტიუროს და მიწისძვრა გამოიწვიოს. ამასთან, როდესაც ზღვის დონე იმატებს, მასთან ერთად იმატებს წყალქვეშა ფსკერის, პარალელურად კი სანაპიროსთან ახლომდებარე ნასხლეტების ზოლების წნევაც.
ეს ყველაფერი სეისმურ პროცესებს აჩქარებს, შესაბამისად კლიმატის ცვლილება მიწისძვრებზე გარკვეულწილად ზემოქმედებს. ვარაუდობენ, რომ ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევა რომც შევწყვიტოთ, ზღვის დონის მატების შეჩერებას დაახლოებით 1000 წელი დასჭირდება. პროგნოზების თანახმად, ამ დროის განმავლობაში სანაპიროების მიმდებარედ დიდ მიწისძვრებს შორის ინტერვალი შემცირდება.
ამგვარი დასკვნა მეცნიერებს არსებულ მოდელებზე დაყრდნობით გამოაქვთ. მაგალითად, მომდევნო 1000 წელში სოლტონ-სის ტბის დონის ცვლილების სიმულირებამ აჩვენა, რომ ამ პერიოდში წყლის დონის მატებისას მასთან ახლოს მდებარე სან-ანდრეასის რღვევის გასწვრივ გახშირებული მიწისძვრებია მოსალოდნელი.
კლიმატის ცვლილება იმასაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, ოკეანეების ტემპერატურის მატებამ ხშირი წვიმები განაპირობოს, რაც მიწისძვრისას მეწყრის რისკს ზრდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სველ მიწაში სეისმური ტალღები უფრო ძლიერდება. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, მსგავს მოვლენებს ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში შევესწრებით, თუ ეს შორეული მომავალია.
კომენტარები