ტვინის აქტივობის მიხედვით დეპრესიისა და შფოთვის 6 ტიპი გამოყვეს — რაში დაგვეხმარება ეს
მეცნიერებმა დეპრესიისა და შფოთვის მქონე ადამიანთა ტვინის აქტივობა შეისწავლეს და ტვინის აქტივობის, სიმპტომებისა და მკურნალობაზე რეაგირების 6 განსხვავებული ფორმა გამოყვეს. მკვლევართა გუნდმა ისიც განსაზღვრა, თუ რომელი ტიპისთვის რა სამკურნალო საშუალება შეიძლება იყოს მეტად ეფექტიანი. მიგნებები ექიმებს დაეხმარება, პაციენტის ტვინზე მორგებული მკურნალობა შეარჩიონ.
"ფსიქიატრიაში "ერთი ზომა ყველასთვის" დიაგნოსტიკური მიდგომა დომინირებს, რის გამოც სხვადასხვა მედიკამენტს ცდიან ხოლმე, სანამ რომელიმე არ გაამართლებს" — ვკითხულობთ ნაშრომში — "ეს გრძელვადიანი, ძვირადღირებული და დამღლელია, რადგან პაციენტთა 30-40% ვერ აღწევს რემისიას ერთი სამკურნალო საშუალების გამოცდის შემდეგ".
კვლევა ჯამში 801 ადამიანზე ჩატარდა. ცდისპირებს შემდეგი დიაგნოზები ჰქონდათ დასმული: დიდი დეპრესიული აშლილობა, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, პანიკური აშლილობა, სოციალური შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ანდა ამ მდგომარეობათა რაიმე სახის კომბინაცია. პაციენტთა უმრავლესობა მედიკამენტებით არ მკურნალობდა. საკონტროლო ჯგუფის სახით კვლევაში აშლილობის არმქონე 137 ადამიანი მონაწილეობდა, რათა მეცნიერებს შედეგები შეედარებინათ.
თითოეულ მონაწილეზე მკვლევრებმა ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) ჩაატარეს და აქტივობისა და კავშირის 41 მაჩვენებელი გაზომეს. ისინი ტვინის იმ 6 წრედზე იყვნენ ფოკუსირებულები, რომლებიც, ცნობილია, რომ დეპრესიაში თამაშობს როლს. მონაწილეებს ტომოგრაფია ჯერ მოსვენებულ მდგომარეობაში ჩაუტარეს, შემდეგ კი სხვადასხვა ამოცანის შესრულებისას.
მეცნიერებმა მანქანური სწავლება გამოიყენეს და შფოთვისა და დეპრესიის მქონე პირები 6 ჯგუფად დაყვეს. ეს იმის მიხედვით, თუ ტვინის რომელი წრედები იყო გადაჭარბებულად ან არასაკმარისად აქტიური საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
"რამდენადაც ვიცით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ დეპრესია შეიძლება ტვინის ფუნქციონირების სხვადასხვა დარღვევით აიხსნას", — ამბობს ლიან უილიამსი, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის მთავარი ავტორი.
კვლევის შემდგომ ეტაპზე 250 მონაწილეს შემთხვევითობის პრინციპით შეურჩიერ სხვადასხვა მკურნალობა. მათ ან სამიდან ერთი რომელიმე ანტიდეპრესანტი უნდა მიეღოთ, ან საუბრის თერაპიით უნდა ემკურნალათ.
დადგინდა, რომ ვენლაფაქსინმა ერთ-ერთ ქვეტიპზე ყველაზე უკეთ იმუშავა, კერძოდ იმ ადამიანებზე, რომელთაც კოგნიტიური ტვინის რეგიონები ზედმეტად აქტიური ჰქონდათ. საუბრის თერაპიამ უკეთ იმოქმედა იმ პირებზე, რომლებსაც ტვინში დეპრესიასთან და პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული ნაწილები ჰქონდათ მეტად აქტიური. მათ, ვისაც ყურადღების წრედში ნაკლები აქტივობა ჰქონდათ, საუბრის თერაპია ნაკლებად ეხმარებოდათ. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მსგავს პაციენტებში ჯერ აღნიშნული წრედის აქტივობა უნდა გაიზარდოს მედიკამენტებით.
ასევე იხილეთ: მეცნიერებმა დეპრესიის ახალი ქვეტიპი გამოავლინეს — როგორ ამოვიცნოთ
დეპრესიის მკურნალობა ზოგჯერ არც ისე მარტივია, რადგან მედიკამენტები ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მუშაობს. ზოგჯერ საკმაოდ დიდი დროა საჭირო იმის გასაგებად, თუ რომელი წამალია ინდივიდისთვის შედეგიანი. შესაბამისად, მკვლევართა მიგნება ექიმებს დაეხმარება, მედიკამენტები პაციენტებს უფრო მარტივად და ეფექტიანად შეურჩიონ.
"ძალიან დამღლელია დეპრესიის სფეროში ყოფნა და "ერთი ზომა ყველასთვის" მიდგომაზე უკეთესი ალტერნატივის არქონა", — ამბობს უილიამსი — "ჩვენი შრომის მიზანია, გავარკვიოთ, როგორ მივიღოთ პირველადვე სწორი გადაწყვეტილება".
ნაშრომი ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები