ტელესკოპ TESS-ს მეშვეობით ჩვენგან დაახლოებით 4 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკის OJ 287 ცენტრში 2 აქტიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს. მათმა ურთიერთქმედებამ დროებით ორმაგი კვაზარი წარმოქმნა, ანუ კაშკაშა რეგიონი, რომელსაც ძლიერი გამოსხივება ახასიათებს.

ასეთი გალაქტიკური ბირთვი მაშინ წარმოიქმნება, როცა იქ არსებული შავი ხვრელი მატერიას ხარბად შთანთქავს. ის მასში აკრეციული დისკოდან ჩაედინება, თუმცა ამ პროცესში მტვრისა და აირის ნაწილი სწრაფი ნაკადის სახით კოსმოსში იტყორცნება. ზოგჯერ ამგვარი ნაკადები დამკვირვებლისკენ, ამ შემთხვევაში დედამიწისკენაა, მიმართული და მათ ბლაზარებს უწოდებენ.

OJ 287-ის ბირთვი სწორედ ბლაზარის ყველაზე ახლო მაგალითია. ყოველ 12 წელში ერთხელ მას სიკაშკაშე ემატება. მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ შესაძლოა, ეს მეორე, ნაკლებად მასიურ, შავ ხვრელს უკავშირდებოდეს, რომელიც პირველის გარშემო მოძრაობს. ამგვარი ობიექტის ორბიტა, წესით, წაგრძელებული უნდა იყოს და შესაბამისად, მეზობელ შავ ხვრელს პერიოდულად უახლოვდებოდეს. ამ დროს მას აკრეციული დისკოდან მატერიის მიზიდვა და დროებით მცირე მასშტაბის კვაზარის წარმოქმნა შეუძლია.

სპეციალისტებმა გამოითვალეს, ამ სცენარის შემთხვევაში როდის იქნებოდა მომდევნო აკაშკაშება მოსალოდნელი და გალაქტიკას NASA-ს ტელესკოპით TESS დააკვირდნენ, მოიშველიეს სხვა კოსმოსური თუ ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიების მონაცემებიც.

შედეგად, 2021 წლის 12 ნოემბერს OJ 287-ის ორი მაგნიტუდით მომატებული ელვარება დაფიქსირდა, რამაც დაახლოებით 12 საათს გასტანა. ამ დროს იმ რაოდენობის ენერგია გამოიყო, რომელსაც საშუალოდ 100 გალაქტიკა გამოათავისუფლებდა. ეს სწორედ მეორე შავი ხვრელის არსებობასთან დააკავშირეს, კერძოდ კი მის ნაკადთან, რომელთან ასოცირებული გამოსხივებაც ტელესკოპებით შენიშნეს.

ასტრონომების გამოთვლებით, პირველი შავი ხვრელი მზეზე 18.35 მილიარდჯერ მასიურია, მეორე კი — 150 მილიონჯერ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კიდევ ბევრი ასეთი ბინარული სისტემა არსებობდეს, რომელთაც ჯერ იმიტომ ვერ ვაფიქსირებთ, რომ სათანადო დროს არ ვაკვირდებით.

მოსალოდნელია, რომ ნაკლებად მასიურმა ობიექტმა ნანოჰერცული გრავიტაციული ტალღებით გამოამჟღავნოს თავი, რაც შესაძლოა, პულსარების ტიპის ნეიტრონულ ვარსკვლავებზე დაკვირვებით გამოვავლინოთ. ეს ობიექტები ზუსტი პერიოდულობით პულსირებს, ამიტომ ამაზე გრავიტაციული ტალღების გავლენას, წესით, მარტივად შევამჩნევთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.