FUTURELAB: აშშ-ის ბაზრისთვის ინოვაციურ სტარტაპ იდეებს დავაფინანსებთ და მხარს დავუჭერთ
ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ. აშშ-ის ბაზრისთვის ტექნოლოგიური პროდუქტის ან სერვისის შექმნის შემთხვევაში ისინი შეძლებენ, მხარდაჭერა და დაფინანსება მიიღონ.
პროექტი ქართული ვენჩურული ფონდის და აქსელერატორის FUTURELAB-ის მიერ ხორციელდება, რომელიც ირაკლი ქაშიბაძის მიერაა დაფუძნებული.
ირაკლი ქაშიბაძემ 2014 წელს დააინიციირა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნა; ასევე, მისი ინიციატივით გაეშვა სტარტაპების GITA-ს დაფინანსების საგრანტო პროგრამა, სილიკონ ველის სპეციალისტების ჩართულობით.
ამჯერად, ირაკლი ქაშიბაძის თქმით, კერძო სექტორიდან, FUTURELAB 50 ქართულ გუნდს აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვილი ინოვაციური სტარტაპ იდეის ტესტირებაში და პირველადი პროტოტიპის დამზადებაში დაეხმარება. ვენჩურული ფონდი და აქსელერატორი futurelab.ge შერჩეულ გუნდებს ამ პროცესისთვის 10 000 ლარს გამოუყოფს.
დაფინანსების გარდა გუნდები შეძლებენ 3-თვიანი აქსელერაციის პროგრამის გავლას სპეციალისტებთან სილიკონ ველიდან, UC Berkeley-დან, Stanfod/StartX და ა.შ.
როგორც FUTURELAB-ში აცხადებენ, გარდა დაფინანსებისა და საგანმანათლებლო პროგრამისა, გუნდები მიიღებენ წვდომას რეგიონალურ და გლობალურ ვენჩურულ ფონდებთან, ინდუსტრიულ პარტნიორებთან და კვლევით რესურსებთან.
დაინტერესებულ სტარტაპებს რეგისტრაცია FUTURELAB-ის ვებგვერდზე შეუძლიათ.
კომენტარები