"ევკლიდემ" კოსმოსის გასაოცარი სურათები გადაიღო — ნახეთ 5 ახალი გამოსახულება
2023 წლის ზაფხულში კოსმოსში "ევკლიდე" გაუშვეს, ტელესკოპი, რომელიც ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის შესასწავლადაა შექმნილი. ნოემბერში მან დედამიწაზე უკვე პირველი ფერადი სურათები გამოგზავნა. ახლა მის მიერ გადაღებული 5 ახალი გამოსახულება გამოქვეყნდა, რომლებზეც კოსმოსური ობიექტები მინიმუმ 4-ჯერ უფრო მკაფიოდაა აღბეჭდილი, ვიდრე ისინი ხმელეთზე განლაგებული ნებისმიერი ობსერვატორიის ობიექტივში გამოჩნდებოდა.
ეს ფოტოები სხვადასხვა სპექტრშია გადაღებული, კერძოდ, ხილულში 11 მილიონი ობიექტია დაფიქსირებული, ინფრაწითელში კი — 2 მილიონი. ამასთან, "ევკლიდე" კოსმოსის ფართო და ღრმა არეალებს აკვირდება, რის შედეგადაც ძალიან დეტალურ გამოსახულებებს ვიღებთ.
აი, ისინიც:
1. გალაქტიკათა შეჯგუფება Abell 2390
Abell 2390-ის სახელით ცნობილი გალაქტიკათა შეჯგუფების ეს სურათი 50 000-ზე მეტ მსგავს სისტემას აერთიანებს. მასში შესამჩნევია გრავიტაციული ლინზირების ეფექტიც, რომელიც კაშკაშა თაღების სახითაა წარმოდგენილი. ეს ფენომენი მაშინ იჩენს თავს, როცა მასიური ობიექტი მის უკან მდებარე გალაქტიკის სინათლეს ამრუდებს და ერთგვარ კოსმოსურ გამადიდებელ შუშას ქმნის. შესაძლებელია, რამდენიმე ასეთი "ლინზა" ერთსა და იმავე შორეულ რეგიონსაც აჩვენებდეს.
გრავიტაციული ლინზირება იმის შესწავლის საშუალებასაც იძლევა, თუ როგორაა ბნელი მატერია გადანაწილებული, რადგან ეს სუბსტანცია გალაქტიკათა მასის დიდ ნაწილზეა პასუხისმგებელი. "ევკლიდეს" მონაცემები, ასევე, შესაძლებელს ხდის გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიცვალა გალაქტიკათა შეჯგუფებების რაოდენობა და მასა დროთა განმავლობაში, რაც, თავის მხრივ, კოსმოსის ევოლუციაზე მოგვაწვდის ინფორმაციას.
Abell 2390-ის მეორე სურათზე, გრავიტაციული ლინზირების გარდა, იმ ვარსკვლავების სინათლეც ჩანს, რომლებიც თავიანთი მშობლიური გალაქტიკებიდან გამოიდევნა. მსგავსი მნათობების კვალი ისევ და ისევ ბნელი მატერიის ადგილმდებარეობაზე მიანიშნებს.
2. ნისლეული Messier 78
შთამბეჭდავი ნისლეული Messier 78 ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ესაა მნათობების წარმომქმნელი რეგიონი, რომელიც კოსმოსური მტვრითაა გარემოცული.
ტელესკოპმა აღნიშნული არეალი ინფრაწითელი კამერის მეშვეობით დააფიქსირა და ვარსკვლავების მაფორმირებელი ისეთი რეგიონები გამოავლინა, რომელთა დანახვაშიც ხელს მტვრისა და აირის ღრუბლები გვიშლიდა. "ევკლიდემ" ძაფისებრი სტრუქტურების, ფილამენტების, მომცველი ეს ადგილები უპრეცედენტო დეტალებში აღბეჭდა.
ამ ობსერვატორიას იუპიტერზე ოდნავ მასიური ობიექტების დაფიქსირება შეუძლია. მხოლოდ ზედა გამოსახულებაზე 300 000 ახალი ობიექტია, რომელთაგანაც მეცნიერები ვარსკვლავებისა და პოტენციური პლანეტების იდენტიფიცირებას ეცდებიან.
3. გალაქტიკა NGC 6744
NGC 6744 ჩვენგან დაახლოებით 30 მილიონი სინათლის წლით დაშორებული სპირალური გალაქტიკაა, რომლის მსგავსი სისტემებიც ამჟამად სამყაროში ყველაზე მეტ ვარსკვლავს წარმოქმნის.
"ევკლიდეს" ახალ, ფართო ხედის, ფოტოზე ის მთლიანადაა ნაჩვენები. მისი სრული სტრუქტურა სპირალურ შვერილებს მოიცავს, რომლებსაც მკლავებსაც უწოდებენ. ასევე, მკაფიოდ მოჩანს უფრო მომცრო ზომის, ბუმბულის მსგავსი, შვერილებსაც, რომლებსაც მტვრის ერთობლიობა ქმნის.
ამ მონაცემებს მეცნიერები იმის უკეთ გამოსაკვლევად გამოიყენებენ, თუ რა კავშირი აქვს მტვერსა და აირს მნათობების ფორმირებასთან, როგორაა ვარსკვლავების სხვადასხვა პოპულაცია გადანაწილებული გალაქტიკებში, რა ფიზიკური პროცესები მიმდინარეობს სპირალურ გალაქტიკებში და სხვა.
4. გალაქტიკათა შეჯგუფება Abell 2764
ბნელი მატერიის ჰალოში მოქცეული გალაქტიკათა შეჯგუფება Abell 2764 სურათის ზედა მარჯვენა მხარესაა წარმოდგენილი. მასში ათასობით სისტემა გვხვდება. ობსერვატორია იმდენად ფართო რეგიონს აკვირდება, რომ ფონზე მრავალი სხვა ობიექტიც გვხვდება, მათ შორის ურთიერთმოქმედი გალაქტიკები, რომლებიდანაც ვარსკვლავთა ერთგვარი ნაკადები გამოედინება.
"ევკლიდეს" ამგვარი ფართო ხედვა შეჯგუფების რადიუსის გამოთვლისა და მისი განაპირა არეალების გამოკვლევის საშუალებას იძლევა. გამოსახულებაზე შესამჩნევია განსაკუთრებულად კაშკაშა ობიექტიც, რომელიც ჩვენსავე გალაქტიკაში არსებული მნათობია (V*BP-Phoenicis/HD 1973). ის ღამის ცაზე იმდენად ელვარებს, რომ სათანადო პირობებში შეუიარაღებელი თვალითაც დამზერადია. მის გარშემო წრიული დიფუზიური ჰალოა, რომლის გაფანტული სინათლეც მაქსიმალურადაა შემცირებული, ეს კი უკანა ფონურ ობიექტებს აჩენს.
5. ოქროს თევზის ჯგუფი
ტელესკოპმა ოქროს თევზის ჯგუფში ერთმანეთთან შერწყმისა და ევოლუციის პროცესში არსებული გალაქტიკები დააფიქსირა. ასეთი ურთიერთქმედებების შედეგად იქ გალაქტიკიდან გამომავალი მატერიის ნაკადები, იგივე კუდები, და აირის გარსებიც შეინიშნება.
სურათში აღბეჭდილია როგორც კაშკაშა, ისე მკრთალი ობიექტები, რომლებიც მაღალი სივრცული გარჩევადობით, ღრმა და ფართო ხედითაა ნაჩვენები. შედეგად, დამზერადია არა მხოლოდ გალაქტიკების ბირთვები, არამედ მათი უფრო მომცრო დეტალებიც. ეს ასტრონომებს დაეხმარება, გალაქტიკების ევოლუციისა და ბნელი მატერიის ჰალოებში მათი ფორმირების შესახებ მეტი გაიგონ, ასევე, კოსმოსის ისტორიის მოდელები გააუმჯობესონ.
კომენტარები