2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი სუბორბიტული მისიის NS-25 ფარგლებში დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსის ზღვარზე 6 ადამიანი გაუშვა. რაკეტისა და სპეციალური კაფსულისგან შემდგარმა ხომალდმა New Shepard მსგავსი ფრენა 2022 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად განახორციელა.
საქმე ისაა, რომ იმავე წლის სექტემბრის უეკიპაჟო ფრენისას New Shepard-ის ანომალია დაფიქსირდა, რამაც მისი პირველი საფეხური გაანადგურა. მას შემდეგ კომპანია პრობლემას იკვლევდა და დადგინდა, რომ ეს ხარვეზი ძრავის ერთ-ერთი საფრქვევის დაზიანებამ გამოიწვია. საბოლოოდ, აპარატმა ფრენა დეკემბერში განაახლა, თუმცა ადამიანების გარეშე, ახლა კი, რადგან ყველაფერი წარმატებით დასრულდა, უკვე ეკიპაჟიანი მისიაც შედგა.
ეს New Shepard-ის რიგით 25-ე ფრენა იყო. ის დასავლეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომიდან 19 მაისს, თბილისის დროით 18:37 საათზე, გაუშვეს. ეკიპაჟის წევრებს შორის იყო 90 წლის ედ დვაითი — პირველი აფროამერიკელი, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალების მოსამზადებელ პროგრამაში ჩაერთო, საიდანაც ასტრონავტებს არჩევდნენ. ასევე, კაფსულაში იმყოფებოდა მეწარმე მესონ ენჯელი, ლუდის ხარშვის სფეროს მაგნატი სილვან ქირონი, მეწარმე კინით ჰესი, ყოფილი ბუღალტერი კეროლ შელერი და პილოტი გოპი ტოტაკურა.
მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ, უწონადობა განეცადათ და კოსმოსის სიშავის ფონზე დედამიწის მრუდი დაენახათ. ეკიპაჟმა ეს 105 კილომეტრი სიმაღლიდან შეძლო, რის შემდეგაც უკან დაბრუნდა და ხმელეთზე პარაშუტით დაეშვა, აფრენიდან სულ რაღაც 10 წუთში.
მისია, რომელშიც მათ მიიღეს მონაწილეობა, NS-25, კომპანიისთვის New Shepard-ის მე-5 ეკიპაჟიანი ფრენა იყო. Blue Origin-ს არ დაუსახელებია, რა დაუჯდათ ამ ადამიანებს მსგავსი გამოცდილების მიღება, მაგრამ ცნობილია, რომ კოსმოსური ტურისტები ამაში ასობით ათას აშშ დოლარს იხდიან.
კომენტარები