კვერცხის ფორმის ეგზოპლანეტა 3 მილიონ წელში საკუთარ ვარსკვლავს შეეჯახება
ახალი კვლევით დადგინდა, რომ ჩვენგან დაახლოებით 1 400 სინათლის წლით დაშორებული ეგზოპლანეტა WASP-12b საკუთარ ვარსკვლავს იმაზე მალე შეეჯახება, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით.
ეს ციური სხეული მნათობთან სულ უფრო ახლოს მიიწევს, საბოლოოდ კი, მეცნიერთა გამოთვლებით, მას 3 მილიონ წელში შეერწყმება და არა 10 მილიონ წელში, როგორც ადრე მიიჩნეოდა. კოსმოსური პროცესების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ მცირე პერიოდია.
ამავდროულად, ვარსკვლავი ჯერ მხოლოდ 3 მილიარდი წლისაა, ჩვენს მზეზე ახალგაზრდა, ხოლო მნათობთა სიცოცხლე საშუალოდ 10 მილიარდი წელი გრძელდება. ამასთან შედარებით 3 მილიონი წელი მართლაც ძალიან მცირე დროა.
WASP-12b-ის ვარსკვლავი ყვითელი ჯუჯაა, რომლის გარშემოც ის იმდენად ახლო დისტანციაზე გადაადგილდება, რომ მისი ერთი წელი ერთ დღეში გადის. თავად ეგზოპლანეტა ულტრაცხელი იუპიტერის ტიპისაა და იქ ტემპერატურა 2 210 გრადუს ცელსიუსამდე აღწევს. ციური სხეულის უჩვეულო ფორმა მნათობის ძლიერი გრავიტაციის ზემოქმედებითაა განპირობებული, რასაც ისიც ემატება, რომ ვარსკვლავი WASP-12b-ის მატერიას იზიდავს, რომელიც მის გარშემო დისკოს ქმნის.
ერთ დროს WASP-12b უცხელეს და ვარსკვლავთან ყველაზე ახლომდებარე ეგზოპლანეტად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეკორდები სხვა ობიექტებმა მოხსნა, ის მაინც გამორჩეული მახასიათებლებისაა. ამის მაგალითია ორბიტული ცვლილებები, რომლებიც ასტრონომებმა შეისწავლეს.
ისინი დააკვირდნენ, როგორ გადაკვეთა WASP-12b-იმ ვარსკვლავის დისკო (დედამიწის პერსპექტივიდან) 28-ჯერ, რასაც ტრანზიტი ეწოდება. ამას 12 წელი დასჭირდა. შედეგად, ავტორებმა დაადგინეს, რამდენ ხანში შეეჯახება ეგზოპლანეტა საკუთარ ვარსკვლავს და რა ფენომენთან გვაქვს საქმე — ეს ე.წ. მოქცევითი დაშლაა.
კვლევამ ცხადყო ისიც, რომ ყვითელი ჯუჯა ძალიან აქტიურია, ანუ დამუხტულ ნაწილაკებს ხშირად აფრქვევს. შესაძლოა, წყალბადის წვის პროცესი მისი ბირთვიდან გარე შრეებში გადანაცვლებულიყო. ამით ასეთი მძლავრი მოქცევითი დაშლაც აიხსნებოდა, მაგრამ კვლევამ ეს არ დაადასტურა. შესაბამისად, მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია.
ავტორები ამბობენ, რომ როდესაც ეგზოპლანეტა ვარსკვლავს შეერწყმება, ეს დედამიწიდან შესამჩნევ სიკაშკაშეს წარმოქმნის, რომელიც დიდხანს არ გასტანს.
ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები